საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლისაბონში პორტუგალიელთა ძლევის (16:10) შედეგად, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ) ყოველკვირეულ რეიტინგში ერთი საფეხურით მაღლა აიწია და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი უკან მოიტოვა.
იყო შანსი, რომ “ბორჯღალოსნებს” რეიტინგი კიდევ უფრო გაეუმჯობესებინათ და რუსეთის ნაკრებისთვისაც გადაესწრო, მაგრამ ამისათვის, მათ პორტუგალიელები 15 ქულაზე მეტი სხვაობით უნდა დაემარცხებინათ, ან თავად რუსეთს ვერ უნდა ეყოჩაღა მადრიდში. “დათვებმა” საკუთარი შეხვედრა 38:20 მოიგეს და რადგან უპირატესობა 15 ქულაზე მეტი იყო, თავისთვის სარეკორდო მე-16 პოზიციამდე აღზევდნენ. აქამდე ისინი საქართველოს ნაკრებს მეათასედი ქულებით უსწრებდნენ, ახლა კი 0,19 სარეიტინგო ქულით დაწინაურდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დამარცხებულმა პორტუგალიამ, 21-ე საფეხური კი შეინარჩუნა, მაგრამ მის წინ მყოფ ურუგვაის დაშორდა და ნამიბიასაც გადასწრების შანსი გაუჩნდა. ესპანეთის მარცხმა სწორედ ნამიბია ახეირა და ახლა 22-ე პოზიციაზე სწორედ ისინი არიან, რომელთაც ესპანეთს ადგილი გაუცვალეს.
“სტად დე ფრანსზე” საფრანგეთის მიერ ირლანდიის დამაჯერებელმა ძლევამ, “ლურჯებს” ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან ყველაზე მაღალ საფეხურზე აღზევების საშუალება მისცა. ფრანგებმა ექვსი ერის გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული 33:10 დაამარცხეს და მეოთხე საფეხურზე აღზევდნენ, ავსტრალიას მიუახლოვდნენ და თუ წარმატებულ სვლას განაგრძობენ, მალე სამეულშიც ამოყოფენ თავს. ორ წელიწადზე მეტია რაც მსოფლიო რეიტინგში საფრანგეთის ნაკრები ასე მაღალა არ აღზევებულა.
2000 წლის შემდეგ, ირლანდიელებს “სტად დე ფრანსეზე” პირველად რომ გაემარჯვათ და 15 თვის განმავლობაში პირველი მარცხი არ ეწვნიათ, ისინი მესამე საფეხურზე აღზევდებოდნენ. ინგლისმა ჯონ უილკინსონის არეკნით ჩააცხრო იტალიელთა მიძალება, მეექვსე საფეხურზე დარჩა და მეხუთეზე მყოფ ირლანდიას მხოლოდ 1,56 სარეიტინგო ქულით ჩამორჩება. იტალია მე-11 პოზიციაზე კი დარჩა, მაგრამ სამოას უკვე სულ ცოტათიღა უსწრებს. ექვსი ერის კიდევ ერთ მატჩში, უელსმა დასკვნით წუთებში მოპოვებული 17 ქულით შოტლანდია კი დაამარცხა, მაგრამ პოზიციების მხრივ რეიტინგში ამ შეხვედრის შედეგს არანაირად არ უმოქმედია. უელსი მერვე ადგილზე დარჩა, მაგრამ არგენტინას მიუახლოვდა და მდევარ ფიჯის დაშორდა, შოტლანდია კი კვლავ მეათე საფეხურზე რჩება და იტალიას სამზე მეტი პუნქტით უსწრებს.
პირველ საფეხურს კი კვლავინდებურად ახალი ზელანდია იკავებს და 2011 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, ძნელად სავარაუდოა ეს პოზიცია ვინმეს დაუთმოს. მეორე ადგილზე რჩება მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა და კარგა ხანს მის პოზიციასაც არაფერი ემუქრება.
რეიტინგში მომდევნო ცვლილებები ორი კვირის თავზე იქნება, როდესაც ევროპის ექვსი ერისა და ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.
IRB-ს რეიტინგი 15 თებერვლისთვის
1. (1) ახალი ზელანდია 91,68
2. (2) სამხრეთ აფრიკა 88,60
3. (3) ავსტრალია 85,56
4. (5) საფრანგეთი 84,40
5. (4) ირლანდია 83,33
6. (6) ინგლისი 81,77
7. (7) არგენტინა 80,56
8. (8) უელსი 79,63
9. (9) ფიჯი 75,90
10. (10) შოტლანდია 75,51
11. (11) იტალია 72,17
12. (12) სამოა 72,08
13. (13) იაპონია 70,59
14. (14) კანადა 68,80
15. (15) ტონგა 68,11
16. (17) რუსეთი 67,63
17. (18) საქართველო 67,44
18. (16) აშშ 67,05
19. (19) რუმინეთი 64,62
20. (20) ურუგვაი 60,89
21. (21) პორტუგალია 59,13
22. (23) ნამიბია 58,98
23. (22) ესპანეთი 58,23
24. (24) ჩილე 57,95
25. (25) კორეა 57,90
26. (26)Gგერმანია 55,72
27. (27) უკრაინა 55,47
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია