საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ტრაბზონში 20 მარტს გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთებისა და ტურისტული ორგანიზაციების მიერ მომზადებული სამგზავრო პაკეტების გაყიდვა 17 თებერვლიდან დაიწყება.
რადგან ამ პრინციპული შეხვედრის გამართვა ტრაბზონის ცენტრალურ სტადიონზე ვერ ხერხდება და თამაში ქალაქის გასასვლელში მდებარე შედარებით მომცრო ზომის სტადიონზე შედგება, ბილეთების რაოდენობა შეზღუდული იქნება. ცენტრალური სტადიონი 26 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს და ის მატჩზე დასწრების მსურველებს სრულად დაიტევდა, თუმცა, 20 მარტს თურქეთის ჩემპიონატის მატჩია დანიშნული, რომელშიც “ტრაბზონსფორი” “გალათასარაის” მასპინძლობს, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ მისი გადადება არ ისურვა და სხვა სტადიონის შერჩევა ამიტომ გახდა საჭირო.
რუსეთ-საქართველოს მომავალ ჯახზე დასწრება სულ 6000 მაყურებელს შეეძლება, ხოლო ქართველი გულშემატკივრებისათვის გაყიდვაში 5500 ბილეთი იქნება. მათი ფასი 10, 15 და 20 დოლარია და მსურველებს მისი შეძენა ტურისტულ სააგენტოებში - “მილანიუმსა” და “აჭარა ტურში”, ან მათ სუბ-სააგენტოებში შეეძლებათ. ამ ტურისტულმა ფირმებმა რამდენიმე პაკეტი უკვე მოამზადეს და პირობების თანახმად, ფასებიც განსხვავებულია. ყველაზე იაფიანი პაკეტი 70 ლარი ღირს და მასში ბილეთის ფასთან ერთად, ბათუმიდან ტრაბზონში გამგზავრება და უკან ბათუმში დაბრუნებაა გათვალისწინებული. მსურველებს თბილისიდანაც შეუძლიათ გამგზავრება და ღამის ბათუმის, ან ტრაბზონის სასტუმროში გათევა. არის ვარიანტი, რომ თვითმფრინავის ჩარტერული რეისი დაინიშნოს და გულშემატკივართა ჯგუფი ტრაბზონში მატჩის დღეს ჩაფრინდეს და თამაშის დასრულებისთანავე თვითმფრინავით თბილისში დაბრუნდეს.
მომავალი მატჩის საორგანიზაციო საკითხებზე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
გია ნიჟარაძე: “თავიდანვე ვიცოდით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ორივე მატჩი ნეიტრალურ მოედანზე უნდა გამართულიყო. რუსებმა საკუთარი არჩევანი უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე შეაჩერეს, მაგრამ იქ არაფერი იყო უკრაინული. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა პრინციპული მეტოქე დაამარცხა და “ერთა თასი” მოიპოვა. ჩვენ არჩევანი ტრაბზონზე შევაჩერეთ, რისი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ეს ქალაქი საქართველოს საზღვართან ახლოსა და გულშემატკივართა დიდი არმიის ჩაყვანის საშუალება გვეძლევა.
თავდაპირველი შეთანხმებით, ცენტრალურ სტადიონზე უნდა გვეთამაშა, მაგრამ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ იმ დღეს დანიშნული “ტრაბზონი”-“გალათასარაის” შეხვედრა არ გადადო და ალტერნატიულ ვარიანტად ქალაქის გასასვლელში მდებარე 6000-იანი სტადიონი შემოგვთავაზა. ამით მაყურებელთა რაოდენობა კი მოგვაკლდება, მაგრამ სხვამხრივ ძალიან კარგი პირობებია. მოედნის საფარი იდეალურია და ტრიბუნებიდანაც, ნებისმიერი ადგილიდან თამაში ერთნაირად სასიამოვნო საყურებელი იქნება.
რაგბის კავშირს ბილეთების რეალიზაციისთვის არ სცალია და ამის გამო ეს მისია ტურისტულ სააგენტოებს - “მილანიუმსა” და “აჭარა ტურს” მივანდეთ. ეს სააგენტოები ბილეთების რეალიზაციასთან ერთად, მსურველებს მომსახურების სხვადასხვა პაკეტსაც შესთავაზებენ. რჩევის სახით მინდა ვთქვა, რომ წასვლის მსურველებმა მათ წინადადებებს ყურადღებით მოუსმინონ, რადგანაც დამოუკიდებლად წასვლას, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები ახლდეს თან. გასაყიდია 5000-ზე მეტი ბილეთი და ამ რაოდენობის ხალხის საზღვარზე გადასვლა, შესაძლოა, პრობლემა იყოს. ტურისტული სააგენტობის წინადადებით კი, თამაშზე ჩასვლა და უკან დაბრუნება, ბევრად უფრო ორგანიზებულად და სწრაფად მოხდება.
რამდენჯერმე ვიყავი თურქეთში და მინდა გულშემატკივრები გავაფრთხილო, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ. პირველი, ესაა ფულის გადახურდავება. ტრაბზონში მხოლოდ ერთ ადგილასაა შესაძლებელი ფულის გადახურდავება და ისიც შესაძლოა იმ მომენტისთვის არ მუშაობდეს, ამიტომ, ყველას ვურჩევ ეს პრობლემა თბილისშივე მოაგვაროს და ლირები თან იქონიოს. ვინც საკუთარი მანქანით გადაწყვეტს წასვლას, მათ უნდა იცოდნენ, რომ სიჩქარის აღმნიშვნელ ნიშნულებთან, სიჩქარეს ნუ გადააჭარბებენ, რადგანაც თურქეთში ამ ფაქტს დიდ ყურადღებას აქცევენ და დამნაშავეებსაც მკაცრად სჯიან. მართალია, თურქეთი ევროპასთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ ამ რეგიონში ალკოჰოლურ სასმელებთან და ნასვამ ადამიანებთან განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. სტადიონზე ალკოჰოლური სასმელის შეტანა გამორიცხულია და ძლიერად ნასვამი გულშემატკივარიც, ადგილობრივმა პოლიციამ, შესაძლოა, სტადიონზე არ შეუშვას. ღმართმა ქნას, მატჩის შემდეგ საზეიმოდ გვქონდეს საქმე, იქვეა ულამაზესი ქალაქი ბათუმი და სასმელის შოვნა და მისი მირთმევა იქაც თავისუფლად შეიძლება.
ბილეთების ფასი ცნობილია და ის აღარ შეიცვლება, გამყალბებლები კი მინდა გავაფრთხილო, რომ ამ კუთხით წინასწარ მივიღეთ ზომები და არაფერი გამოუვათ, ასე რომ, თავს ნუ შეიწუხებენ. ტრაბზონში წასვლის მსურველი ძალიან ბევრია და მინდა ყველას ვურჩიო, რომ დროულად დაიჭირონ თადარიგი. და ერთიც, სტადიონის ნუმერაცია მოწესრიგებული არაა. ერთი და იმავე სახელდების სექტორი რამდენიმეა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სექტორები ფერების მიხედვით დაგვენიშნა. ბილეთის უკანა მხარეს მითითებული იქნება სტადიონის სქემა და ფერი, მაგრამ სკამები და მითითებული ფერი იდენტური არ იქნება. ყველა სექტორის თავზე გამოსახული იქნება სხვადსხვა ფერის კვადრატი და მაყურებელი თავის ბილეთზე მითითებული ფერით მიხვდება, თუ რომელ სექტორში უნდა დაიკავოს ადგილი. სექტორებში კი ადგილები დანომრილი არაა და ვისაც სად უნდა იქ დაჯდება, მაგრამ მერწმუნეთ, მოედანი ყველა ადგილიდან ერთნაირად კარგად ჩანს”.
ამის შემდეგ სიტყვა იმ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა აიღეს, რომლებიც ბილეთებისა და პაკეტების რეალიზებას მოახდენენ. “აჭარი ტურის” წარმომადგენელი მიხეილ დობორჯგინიძე იყო, “მილენიუმისა” კი ნინო პეტრიაშვილი.
“რაგბის კავშირის წინაშე ავიღეთ ვალდებულება, რომ ბილეთების რეალიზებას ჩვენ მოვახდენთ და მსურველებს სხვადასხვა პაკეტსაც ვთავაზობთ. ყველაზე იაფიანი პაკეტი 70 ლარი ღირს, მასში შედის ბათუმიდან მგზავრობა ორივე მიმართულებით და ბილეთის ფასი. გვაქვს სხვა პაკეტებიც და მსურველს ღამისთევის შესაძლებლობა ტრაბზონის, ან ბათუმის სასტუმროში შეეძლებათ. მინდა ავღნიშნო, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ბილეთებზე ძალიან დიდი მოთხოვნებია და ყველას ვურჩევ იჩქაროს, რადგანაც დაკვეთების შესრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ბილეთების მინიმალური რაოდენობა დაგვრჩება” - თქვა დობორჯგინიძემ.
“ჩვენს პაკეტებში ყველაფერია გათვალისწინებული - ბილეთები, ტრანსპორტირება, დაზღვევა. თბილისიდან წამსვლელებისთვის ვიტყვი, რომ ავტობუსების კოლონა 19 მარტს 22:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრება. სააგენტოებში და გამგზავრების ადგილებში გაიყიდება ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა, შარფები. შარფების ღირებულება 5 დოლარის ექვივალენტი იქნება. თუ 10 მარტამდე საჭირო ოდენობის ხალხი შეიკრიბება, დაინიშნება თვითმფრინავის ჩარტერული რეისი, რომლითაც გულშემატკივრებს მატჩის დღეს გადავაფრენთ ტრაბზონში და მისი დასრულებისთანავე თბილისში დავაბრუნებთ. ასეთი მომსახურების ფასი 295 დოლარი იქნება” - დაამატა პეტრიაშვილმა.
პაკეტებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, ორივე ტურისტული სააგენტოს ვებ-გვერდზე 17 თებერვლიდან განთავსდება. “აჭარა ტურის” მისამართია - www.adjaratour.com, ტელეფონის ნომრები - 877-788-888 და 23-29-07, ხოლო “მილენიუმის” ვებ-გვერდის მისამართია - www.mtravel.ge, ტელეფონი - 25-30-05.
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა 20 მარტს თურქეთის დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათი) დაიწყება და მოედანზე გასულ 15 ქართველს, ტრიბუნიდან მხარს 5500 გულშემატკივარი დაუჭერს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია