ამბები

19:29 | 16.02.2010 | ნანახია 4133 - ჯერ

ესპანეთთან უძლიერესი შემადგენლობა იქნება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ავსტრალიელი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი, დიდ პაუზის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და პორტუგალიასთან (16:10) მოგებული უმნიშვნელოვანესი მატჩის პერიპეტიებთან ერთად გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
“ბორჯღალოსანთა” დამრიგებლის თქმით, ოფიციალური თამაშებისთვის გუნდის შემადგენლობა არ შეიცვლება და ესპანეთთან მომავალ მატჩს ის მორაგბეები ჩაატარებენ, რომლებიც დღეისათვის საუკეთესონი არიან. 27 თებერვალს თბილისში გასამართი მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს ახალი ზელანდიის საგზური უკვე განაღდებული ექნება. მაგრამ რუმინეთთან და რუსეთან მომავალ ჯახებში, რომელთაც მსოფლიო თასზე მოხვედრის კუთხით აზრი უკვე დაკარგული ექნება, ლეინი მაინც “ძველ გვარდიას” დაეყრდნობა და ახალბედებს მხოლოდ ივნისის მატჩების დროს დააკვირდება.
პრესკონფერენციის დასაწყისში სიტყვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ აიღო და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ნაკრების წევრებს საფრანგეთის ქალაქ კანიდან ლისაბონში მგზავრობისას გადახდათ თავს.
“კანში შეკრება კარგად გვაქვს დაცდილი და პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ტრადიცია არ დავარღვიეთ. როგორც წესი, ამ ქალაქში თითქმის სულ მზიანი ამინდია, მაგრამ მაინცდამაინც ახლა დაგვემთხვა საშინელი უამინდობა. გუნდმა მხოლოდ ერთი დღე ივარჯიშა სრულფასოვნად, მერე კი ხელოვნურ მოედანზე გადაინაცვლა, სადაც სრული დატვირთვით წვრთნა პრაქტიკულად შეუძლებელია და პრაქტიკულად შეკრება ჩაიშალა. გუნდი ხუთშაბათს უნდა გამგზავრებულიყო ლისაბონში, მაგრამ ნიცაში ისეთი თოვლი მოვიდა, რომ რეისი გადაიდო. ბიჭებს დილიდან გვიან ღამემდე მოუწიათ ლოდინი და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრეს, რომ რეისი მეორე დღისთვის გადაიდო. ღამე ნიცასთან ახლომდებარე ქალაქის მომცრო სასტუმროში გაათენეს და გამთენიისას, ექვს საათზე აეროპორტში მივიდნენ. შეგვპირდნენ, გუნდი ერთად გაემგზავრებაო, მაგრამ რეისი ისევ გადაიდო და გვიანი რეისისთვის გვითხრეს, რომ ყველა სპორტსმენისთვის ადგილი არ იქნებოდა.
საბოლოოდ, ძირითად შემადგენლობაში მყოფი 15 კაცის გამგზავრება მოხერხდა და ისინი პარასკევს 16:00 საათზე შევიდნენ სასტუმროში, მეორე ნაწილმა გეზი მარსელიკენ აიღო და ლისაბონში ღამის 21:30 საათისთვის ჩააღწია, მესამე ნაწილი კი სასტუმროში 24:00 საათისთვის მოვიდა. კი ითქვა, რომ თვითმფრინავში მთელი გუნდისათვის ადგილი არ ქონდათ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 45 ადგილი თავისუფალი იყო. გარდა ამისა, მგზავრობისას ჩვენი ბარგი დაიკარგა, სადაც სათამაშო ფორმა იყო და მისი მოძიება მხოლოდ თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე გახდა შესაძლებელი, არადა უკვე მაღაზიაში ვაპირებდით ახალი ფორმის შესაძენად წასვლას. ბარკის ნაწილი მხოლოდ თბილისში გამოგზავრების წინ მივიღეთ.
მე ლისაბონში თბილისიდან გავემგზავრე და ხუთშაბათს უკვე ადგილზე ვიყავი. ოფიციალურ სადილზე, მსაჯებთან ერთად პორტუგალიელთა ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მატჩის მოსაგებად. არ ვიცი ეს რას ნიშნავდა, მაგრამ როგორი მსაჯობაც იყო ყველამ ნახეთ. ჩვენ ამას უკვე მიჩვეულნი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები დაღლილები იყვნენ, მათ საწადელს მაინც მიაღწიეს. ეროვნული გუნდის წევრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ კაცები არიან და მათ გამარჯვებისათვის მთელი საქართველოს სახელით მადლობას ვუხდი. მთლიანობაში, პორტუგალიას მართლაც კარგი გუნდი ჰყავს და გული დამწყდება, თუ ისინი მსოფლიო თასზე ვერ მოხვდებიან” - მგზავრობის პერიპეტიები მოგვითხრო ნიჟარაძემ.
ამის შემდეგ სიტყვა ტიმ ლეინმა აიღო და გერმანიასთან და პორტუგალიასთან განვლილი ორი მატჩი შეაფასა.
“გერმანელებმა საუკეთესო შემადგენლობა ვერ დააყენეს, თანაც ისინი სრული შემადგენლობითაც არ არიან ძლიერნი და ექსპერიმენტის მეტი შანსი გვქონდა. პორტუგალიასთან სხვაგვარი შეხვედრა გვქონდა. ბიჭებს დავავალე, რომ შერკინებაში, დერეფანში და დაცვაში აგრესიულად ეთამაშათ და ეს მისია კარგად შეასრულეს. საგულისხმოა, რომ პორტუგალიამაც აგრესიულად ითამაშა და ბოლომდე იბრძოლა, რადგანაც მათთვის მსოფლიო თასზე პირდაპირ მოსახვედრად, ამ მატჩის მოგება ბოლო შანსი იყო, ახლა კი მხოლოდ რეპეშაჟის საგზურისთვის თუ იბრძოლებენ. მთლიანობაში, ორივე თამაშით კმაყოფილი ვარ.
გასული წლის ნოემბერში, ლაშა თავართქილაძეს საქართველოს A ნაკრებში თამაშებისას დავაკვირდი, ძალიან მომეწონა და ეროვნულ გუნდში ვუხმე. ის ძალიან კარგი მესამეხაზელია - სხარტი და ნიჭიერია, დერეფანში კი გია ლაბაძის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა. სავარაუდოდ, ესპანეთთან მატჩში ის ძირითად შემადგენლობაში იქნება და დიდ გამოცდილებას შეიძენს. “ერთა თასზე” ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრის მოგებაა, ამიტომ, ახალბედებს ამ მატჩებში ვერ დავაკვირდები და აქცენტს ძირითად ბირთვზე გავაკეთებთ. ეს მათი შეთემაშებისთვის იდეალური ვარიანტია და მსოფლიო თასისთვის მოვემზადებით. შესაძლოა, ის რამდენიმე მორაგბე, რომლებიც 22-კაციან განაცხადში იყვნენ, მაგრამ ძირითად  შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, ესპანეთთან პირველსავე წუთებიდან შევუშვა მოედანზე, სხვებს კი ივნისში ბუქარესტში გასამართ “IRB-ს ერთა თასზე” გამოვცდი, სადაც უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის მორაგბე დაგვაკლდება” - გვითხრა ლეინმა.
ამის შემდეგ ისევ ნიჟარაძემ ისაუბრა და გაგვახსენა, თუ რამდენად რთული მეტოქეა ქართველთათვის ესპანეთის ნაკრები და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნებს” სრული მობილიზებით თამაში მართებთ. ამასთან, ის ახალგაზრდების ბედსაც შეეხო და გაგვიმხილა, რომ საქართველოს A ნაკრებისთვის სამხრეთაფრიკული შეკრების მოწყობა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
“ესპანეთის წინააღმდეგ თამაში იოლი სულაც არ იქნება. გემახსოვრებათ, მათთან თბილისში რამდენიმეჯერ ძლიერ გაგვიჭირდა და არასერიოზულმა მიდგომ, შესაძლოა, პრობლემები შეგვიქმნას. ესპანელებმა რვა მოთამაშე დაიმატეს, რომლებიც ფრანგულ კლუბებში გამოდიან და შემთხვევითი არაა, რუსეთის წინააღმდეგ 20 ქულა რომ მოაგროვეს. ახალგაზრდა მორაგბეთა ბირთვი უკვე შერჩეულია, მათთვის 24 მარტიდან სამხრეთაფრიკული ტურნე იგეგმება და თუ ეს გამოვიდა, ძალიან კარგი იქნება. ვარჯიშთან ერთად, ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება გვსურს. ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება, ოღონდ ისინი ლეგიონერების გარეშე ითამაშებენ, მეორე ტესტ-მატჩზე კი მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ რა გამოვა. ამასთან, შერჩეული გვყავს ფიზ-მომზადების, 9-10 ნომრის, შერკინების და ფეხით თამაშის სპეციალისტები. ჩვენს ბიჭებს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების შემთხვევაში დახმარებას ისინი გაუწევენ. გარდა ამისა, ნოემბერში თბილისში გვსურს კანადისა და აშშ-ს ნაკრებების მასპინძლობა. თუ IRB-ს დახმარებით მათი ჩამოყვანა მოხერხდა, მაშინ “ჩერჩილის თასზე” განცდილი მარცხებისთვის, რევანშის მშვენიერი საშუალება გვექნება” - განაცხადა ნიჟარაძემ.
პრესკონფერენციის ბოლოს ლეინმა და ნიჟარაძემ ქუბრიაშვილის სინბინზე ისაუბრეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ქართველ მორაგბეებს მოედანზე დისციპლინის მხრივ პრობლემები აქვთ, ეს კი ბავშვთა რაგბიდან მოდის. მათი განცხადებით, ბავშვთა რაგბში, შიდა ჩემპიონატში და ეროვნულ გუნდში, ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში სიტუაციის გამოსწორების ეიმედებათ.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08339