რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში, 2011 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრას ევროპის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით გეგმავს, საქართველოს ფიქრითაც ვერ უტოლდება და ამ კუთხით მთავარ მეტოქედ რუმინეთის ნაკრებს მიიჩნევს.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, “დათვების” დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ახალ ზელანდიაში მოხვდება. ამ ამოცანის გადაჭრას კი ის მესამე ტურშივე, სოჭში რუმინელთა ძლევით აპირებს. პორტუგალიის გუნდს ნერუში მეტოქედ მას შემდეგ აღარ მიიჩნევს, რაც საქართველოს ნაკრებმა ისინი ლისაბონში 16:10 დასცა.
“ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო თასის მეორე საგზურისთვის ბრძოლაში პორტუგალიელები ჩვენი მეტოქეები აღარ არიან და 99-პროცენტიანი ალბათობით, ახალი ზელანდიის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ. ახლა უმთავრესი მეტოქე, რუმინეთის ნაკრები უნდა ჩამოვიცილოთ და ამის გაკეთება მომდევნო მატჩში, 27 თებერვალს შეგვიძლია. მომავალი ჯახისათვის მზადებას თამაშამდე ერთი კვირით ადრე დავიწყებთ. მანამდე ბიჭებს ინდივიდუალური დავალებები მივეცით და თავიანთ კლუბებში გავუშვით. მომდევნო შაბათს მოსკოვიდან სოჭში გადავფრინდებით, კვირას კი პირველი ვარჯიში გვექნება. ვიმედოვნებ, რომ ამ ჯერზე იქ ორი კვირის წინანდელზე უკეთესი ამინდი დაგვხვდება” - განაცხადა ნერუშმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის შესარჩევი ზონიდან, მსოფლიო თასზე “ერთა თასის” 2009 და 2010 წლების ჯამური ცხრილის შედეგად პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ხვდებიან, მესამეადგილოსანი კი მიზნის მისაღწევად ხუთსაფეხურიან რეპეშაჟში გადაინაცვლებს. ამჟამად, საქართველოს ნაკრები 7 თამაშში მოპოვებული 20 ქულით (6 მოგება და ერთი ფრე) პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე მყოფი რუსები “ბორჯღალოსნებს” ქულით ჩამორჩებიან, შვიდი თამაშიდან 14 ქულის მქონე პორტუგალია სატურნირო ცხრილში მესამეა და დაკარგული ქულებით რუმინეთს ჩამორჩება, რადგანაც რუმინელებს ექვსი თამაშიდან 12 ქულა აქვთ და ესპანეთთან გამოტოვებული თამაშის მოგების შემთხვევაში ისინი პორტუგალიელებს გადაასწრებენ.
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა და დარჩენილი მატჩების კალენდარი
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
გადადებული მატჩი (სავარაუდოდ 27 მარტს)
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
1 | საქართველო | 7 | 6 | 1 | 0 | +170 | 20 |
2 | რუსეთი | 7 | 6 | 0 | 1 | +107 | 19 |
3 | პორტუგალია | 7 | 3 | 1 | 3 | +30 | 14 |
4 | რუმინეთი | 6 | 3 | 0 | 3 | +78 | 12 |
5 | ესპანეთი | 6 | 1 | 0 | 5 | -92 | 8 |
6 | გერმანია | 7 | 0 | 0 | 7 | -293 | 7 |
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია