წლეულს, 20 მარტს, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში ქართველი “ბორჯღალოსნები” რუს “დათვებს” დაუპირისპირდებიან. მატჩმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რასაც ბილეთების დეფიციტი მოჰყვა.
საქართველოს რაგბის კავშირი გაცნობებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთები ტურ-ოპერატორებს: “მილენიუმსა” და “აჭარა-ტურს” გადაეცათ. ხელშეკრულების თანახმად, ოპერატორები ბილეთთან ერთად მომსახურების პაკეტებს ყიდიან, რომელიც ტრანსპორტირებასა და რიგ შემთხვევაში _ სასტუროში ღამისთევას ითვალისწინებს.
ბილეთების მიღების დღესვე, ტუროპერატორებმა დიდი რაოდენობით მომსახურებასა და ბილეთზე მიიღეს შეკვეთები საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიებისგან. ამან უფრო გაამძაფრა დეფიციტი.
დეფიციტის გამომწვევი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტრაბზონის “აჩქაბაათ ფაიტჰ სტადიონი”-ს საკმაოდ მცირე ზომაც გახლავთ – ის მხოლოდ 6 ათას კაცს იტევს, თამაშზე დასწრების მსურველი კი გაცილებით მეტია. 6 ათასიდან 500 ბილეთი საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს, 5 500 კი იყიდება როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში.
ტუროპერატორები დარჩენილ ბილეთებს მომსახურების პაკეტებთან ერთად ყიდიან, რომელიც მეტწილად ტრაბზონის სასტუმროში ღამისთევას ითვალისწინებს, ქართველი გულშემატკივრების უმეტესობას კი ბათუმში ღამისთევა ურჩევნია. რაგბის კავშირის თხოვნით, ტუროპერატორებმა ტრაბზონის ტურებს უნდა გადახედონ და შეძლებისდაგვარად, მხედველობაში მიიღონ მატჩზე დასწრების მსურველი ქომაგების მოთხოვნები.
უკვე დაფიქსირდა ბილეთების გადაყიდვის ფაქტები. საქართველოს რაგბის კავშირი თხოვნით მიმართავს რაგბის ყველა გულშემატკივარს: სადაც კი ნახავთ გასაყიდ ბილეთს, რომელის ფასი დადგენილ ფასს, ანუ 10, 15 და 20 დოლარს აჭარბებს, დაუყნებლივ შეგვატყობინეთ სააგენტოებისა და პიროვნებების მითებით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია