საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top14-ის ორგანიზატორებმა, სანაკრებო შეხვედრებს შორის არსებული ორკვირიანი პაუზით ისარგებლეს და რეგულარული პირველობის XX ტურის შეხვედრები გამართეს. საგულისხმოა, რომ უქულოდ მხოლოდ ერთი გუნდი - უიმედო აუტსაიდერი “ალბი” დარჩა. 7 შეხვედრიდან, ერთი ფრედ დასრულდა, დანარჩენ მატჩებში კი, ხუთმა დამარცხებულმა პრემიალური ქულის მოპოვება მოახერხა.
ხუთ თებერვალს, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “პერპინიანმა” გამოტოვებული თამაში მოიგო - “ბაიონი” 30:13 დაამარცხა, თანაც, პრემიალური ქულაც აიღო და პირველი საფეხურიდან აქვსენტი გიორგაძის “კასტრი” ჩამოაქვეითა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” კი 4 ქულით გაუსწრო. XX ტურში “პერპინიანს” ქულები გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა” აართვა, აქვსენტი გიორგაძის “კასტრმა” ტურის ცენტრალური მატჩი ფრედ დაასრულა და პირველი ადგილი დაიბრუნა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, საჩემპიონო ფლეი ოფის პირველ ეტაპზე თავისუფლები არიან და გადამწყვეტ მატჩებს ოდნავ დასვენებული ხვდებიან, ხოლო მესამე-მეექვსე ადგილოსნები ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.
“კასტრი” ექვსეულში მოხვედრისთვის მებრძოლ “მეტრო რასინგს” ესტუმრა და მასთან 24:24 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელის გუნდმა, ამ შედეგით რეგულარულ პირველობაზე პირველი საფეხურის დაბრუნება კი მოახერხა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის, ამ მატჩში ერთი მეტად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. აქვსენტი გიორგაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ პირველსავე ტაიმში დაშავდა და 38-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. საწყის 15 წუთში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, მე-18 წუთზე სტუმრები ათი წუთით მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და ლელოთი და რეალიზაციით წინ გაიჭრნენ. 32-ე წუთზე “კასტრმა” ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ პირველი ნახევრის წუთებზე “მეტრო რასინგმა” მეორე ლელო გაიტანა და ტაიმი 18:9 მოიგო. მეორე ნახევარი გიორგაძის თანაგუნდელთა მძლავრი შეტევებით დაიწყო, 56-ე წუთამდე სამჯერ მოიპოვეს ჯარიმის უფლება, ყველა მათგანი გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს, 63-ე წუთზე კი “კასტრი” არეკნით დაწინაურდა. ხუთ წუთში მასპინძლებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, სტუმრებმა ჯარიმითვე 73-ე წუთზე უპასუხეს და თითქოს გამარჯვებაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ “მეტრო რასინგმა” დამატებულ წუთებზე, ჯარიმის გატანა მოახერხა და გუნდებმა ორ-ორი ქულა გაიყვეს. ახლა “კასტრს” 62 ქულა აქვს, პირველ საფეხურზეა და მდევრებს ქულით უსწრებს.
ზევითაც ვახსენეთ, რომ “კასტრის” ერთპიროვნულად გალიდერებას ხელი გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა” შეუწყო, რომელმაც “პერპინიანი” 16:13 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შველიძე იყო და ის თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა ჯარიმას “მონტობანმა” მე-15 წუთზე ლელოთი და ზუსტი გარდასახვით უპასუხა, 26-ე წუთამდე კი მონაგარს 2 ჯარიმა შემატა და 13:3 დაწინაურდა. შესვენებამდე მასპინძლებმა “პერპინიანის” მიძალებას ვერ გაუძლეს, მათი იერიში აკრძალული წესით შეაჩერეს, რისთვისაც ტექნიკური ლელოთი დაისაჯნენ, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი პირველი ტაიმის ანგარიში დაფიქსირდა - 13:10. მე-2 ტაიმის დასაწყისში, სტუმრებს მორაგბე გაუსინბინეს და 10 წუთით მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა “პერპინიანმა”, ჯარიმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 58-ე წუთზე სტუმრები მორიგი სინბინის გამო ერთხელაც დარჩნენ ათი წუთით კაცნაკლულნი, ამჯერად მასპინძლებმა ჯარიმის გატანა მოახერხეს და დარჩენილ 20 წუთში, ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ მოგებით, “მონტობანმა”, გარდა იმისა, რომ “კასტრს” ერთპიროვნულად დაწინაურების საშუალება მისცა, საკუთარი სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ახლა, მას 37 ქულა აქვს, მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ “ბურგონს” ხუთი ქულით უსწრებს (რეგულარული პირველობის ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი, მომდევნო სეზონს ქვედა დივიზიონ Pro D2-ში დაიწყებს).
დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, აუტსაიდერ “ალბის” 45:18 გადაურბინა, მეტოქეს 7 ლელო გაუტანა, გამარჯვების ოთხთან ერთად ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა და “პერპინიანს” ქულებით გაუთანაბრდა. “კლერმონს” მეხუთე წუთისათვის უკვე 2 ლელო ჰქონდა გატანილი, პირველ ტაიმში კი სულ, 5 ლელო გაიტანა, 3 გარდასახვა გამოიყენა, თავად 2 ჯარიმა და 1 ლელო გაუშვა და ტაიმი 31:11 მოიგო, 58-ე წუთისთვის მასპინძლებს საქმე უკვე მოთავებული ჰქონდათ. ზირაქაშვილი განაცხადში იყო და მოედანზე 59-ე წუთზე გავიდა, მისი გუნდი კი, 61 ქულით, ჩემპიონთან მეორე-მესამე ადგილს იყოფს და ლიდერს ქულით ჩამორჩება.
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საუკეთესო ექვსეულში მყოფი “ტულუზა” და “ტულონი” ხვდებოდნენ, უღიმღამო საყურებელი გამოდგა. მიუხედავად ამისა, დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად გაიმყარა. საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. უქულო პირველი ნახევრის შემდეგ, “ტულუზამ” 45-ე წუთზე ანგარიში ჯარიმით გახსნა, სტუმრებმა ჯარიმითვე წონასწორობა 57-ე წუთზე აღადგინეს, 66-ე წუთზე კი მორიგი ჯარიმა გაიტანეს და 6:3 იმარჯვეს. “ტულონი”, 55 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-5 საფეხურზეა და მეშვიდეადგილოსან “სტად ფრანსეს” ექვსი ქულით უსწრებს.
Top 14-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ “ბაიონთან”, საკუთარ მოედანზე 16:22 დამარცხდა მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიე”. საქართველოს ბოლო 2 წლის საუკეთესო მორაგბე დისკვალიფიკაციის ვადას იხდის, ჩხაიძე კი განაცხადში იყო და ბოლო 20 წუთი ითამაშა. მასპინძლებმა პირველ ნახევარში მხოლოდ 2 ჯარიმა გაიტანეს, თავად 2 ლელო მიიღეს, რომელთაგან პირველის რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და შესვენებაზე გასვლისას, “ბაიონი” 12:6 იგებდა. დაიწყო მე-2 ტაიმი და სტუმრებმა მე-3 ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია დაურთეს, 54-ე წუთზე კი, არეკნით კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ - 22:6. მასპინძლებმა ჩხაიძის მოედანზე გამოჩენის შემდეგ გაიბრძოლეს, 65-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა შეამცირეს, 70-ე წუთზე კი, ჯარიმით, საბოლოო შედეგი დააფიქსირეს და 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისათვის, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “მონპელიეს” 38 ქულა აქვს, მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებს.
დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი” სტუმრად საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცთან” 6:12 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას გამორჩა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა, იაშვილი კი განაცხადში ვერ მოხვდა. პირველ ტაიმში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 50-დან 61-ე წუთამდე კი, მასპინძლებმა ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს, სტუმრებმა, საპასუხო ჯარიმით, საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე დააფიქსირეს. მარცხის შედეგად, “ბრივმა” საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად გაიუარესა, 47 ქულით მე-8 ადგილზეა და მე-6 საფეხურს 7 ქულით ჩამორჩება.
XX ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, “სტად ფრანსემ” “ბურგონს” 22:16 აჯობა. Top 14-ის მომდევნო ტურის მატჩები 5-6 მარტს გაიმართება. ცენტრალური შეხვედრა 5 მარტს შედგება და მასში დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” ქვეყნის ჩემპიონსა და რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ “პერპინიანს” უმასპინძლებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია