საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორგი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს და გზადაგზა მორაგბეებს კარგავს. დისკვალიფიცირებულ თუ ტრავმირებულ მორაგბეთა სიას, თბილისში მყოფი სპორტსმენებიდან, სხვადასხვა დაზიანებების გამო, შესაძლოა კიდევ რამდენიმე მიემატოს. იმედია ეს არ მოხდება, მაგრამ უფრო ნიშანდობლივი ისაა, რომ “ბორჯღალოსნები” ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ გამარჯვების მოლოდინში არიან და კარგად აქვთ გაცნობიერებული ესპანეთთან ჯახის მნიშვნელობა. ისინი მაყურებელს ლამაზი თამაშით ვერა, მაგრამ გამარჯვებით სიხარულის მინიჭებას კი ჰპირდებიან და სანაცვლოდ მხოლოდ ერთს ელიან - ტრიბუნაზე გულშემატკივართა დიდი არ¬მიის თავმოყრას და მათი გარჯის ტაშით დაჯილდოებას.
ახალი ზელანდიისკენ მავალ გზაზე ესპანელთა თბილისში სტუმრობა შესაძლოა ბოლო ზღუდე იყოს და მოვლენათა სხვაგარ განვითარებას არ უნდა ველოდოთ. 27 თებერვალს “ბორჯღალოსანთა” გამარჯვების შემთხვევაში, “ერთა თასის” ორწლიანი ციკლის ჯამის შედეგად, დარჩენილი ორი შეხვედრის შედეგის მიუხედავად, ისინი მეორე საფეხურს ვერანაირად ვერ ჩასცდებიან და შესაბამისად, მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამედ მოხვედრა გარანტირებული ექნებათ. შეგახსენებთ, ევროპის ზონაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, ზელანდიაში პირდაპირ მიემგზავრებიან, მესამეადგილოსანი კი მიზნის მისაღწევად საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაებმება, თუმცა, ესპანეთის დამარცხება იმის გარანტი იქნება, რომ მესამე ადგილისთვის მებრძოლი გუნდებიდან (რუმინეთი და პორტუგალია), საქართველოს ნაკრების და-წევის შანსი აღარავის არ ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს “ბორჯღალოსნებმა” ესპანელებს მადრიდში კუდით ქვა ასროლინეს, გადამწყვეტი მატჩში მთელი ყურადღებით თამაში მართებთ. ყველას ახსოვს, რომ მათი თბილისში ბოლო ორი სტუმრობა, ცოტა არ იყოს, გულშემატკივართათვის სანერვიულო აღმოჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, იმ შემთხვევებში ყველაფერი კარგად დასრულდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო დროს მათ ფრანგულ კლუბებში მოთამაშე რამდენიმე მორაგბე დაიმატეს და გასულ ტურში, რუსეთის ნაკრებს 20 ქულა უძღვნეს, თუმცა, საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ (20:38). საერთო ჯამში, “ბორჯღალოსნები” ესპანელებს რვაჯერ ეთამაშნენ, აქედან ხუთი მატჩი მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორჯერ კი მეტოქემ იმძლავრა.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება, “ბორის პაიჭაძეზე” გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთების ფასი 2-5 ლარი იქნება. მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რეფერი ჟან პიერ მატეუა, ასისტენტებად კი მას ფილიპ ბონუარი და ბერნარდ დელ მასო ეყოლებიან.
ახლა უშუალოდ ამ შეხვედრის სამზადისს დავუბრუნდეთ. ტიმ ლეინმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი გუშინ საღამოს ბოლოჯერ ავარჯიშეს, დღეს და ხვალ კი მხოლოდ დილის ვარჯიშებით შემოიფარგლებიან. საღამოს ვარჯიშზე თავდაპირველად მხოლოდ 21 მორაგბე გამოცხადდა და ამის მიზეზი ტრავმები გახდა. მამუკა გორგოძის დისკვალიფიკაცია ყველასათვის ცნობილი ამბავია. გერმანელებთან შეხვედრაში დაშავდა და ტრავმა ჯერაც ვერ მოიშუშა იური ნატრიაშვილმა, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში დაშავდა აქვსენტი გიორგაძე, დავით ხინჩაგიშვილი კი მწვრთნელებმა დაასვენეს. ახლა ესპანელებთან მატჩს შესაძლოა შერკინების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე და უკანახაზელი თედო ზიბზიბაძე გამოაკლდნენ. ორივე მათგანი რენტგენის გადასაღებად იყო წასული - ნემსაძეს ხელი აწუხებს, ზიბზიბაძეს კი ფეხი. საბედნიეროდ, ექიმებმა საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს, მაგრამ თედოს ვარჯიშში მონაწილეობა მაინც არ მიუღია, მას საზარდული აწუხებს, ნემსაძე კი გადახვეული ხელით მოედანზე მაინც გავიდა და მსუბუქად ივარჯიშა. მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ ეს მორაგბეები შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან. ვარჯიშისას მიკროტრავმამ შეაწუხა რამდენიმე სპორტსმენი, მაგრამ მათ სამედიცინო დახმარება მოედანზევე აღმოუჩინეს.
სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდნენ შერკინების პირველხაზელი გოდერძი შველიძე, რომელმაც ოჯახური პრობლემების გამო გერმანიასთან და პორტუგალიასთან მატჩები გამოტოვა და მალხაზ ურჯუკაშვილი, რომელსაც პორტუგალიელებთან მატჩი ტრავმის გამო გაუცდა. ყველაფრის გათვალისწინებით, ესპანელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი უნდა იყოს: 1. გოდერძი შველიძე, 2. ლევან დათუნაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. დავით დადუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. ლაშა თავართქილაძე, 8 ბესიკ უდესიანი, 9. ირაკლი აბუსერიძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 11. მალხაზ ურჯუკაშვილი, 12. ირაკლი გიორგაძე, 13. თედო ზიბზიბაძე ან დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი, 15. მერაბ კვირიკაშვილი.
შესაბამისად, სათადარიგოთა შორის იქნებიან: დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე, ბიძინა სამხარაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ალექსანდრე თოდუა.
ლეინმა მორაგბეები ტექნიკის დახვეწაზე ამუშავა, შემდეგ კი ახალი კომბინაციები დაამუშავებინა. საგულისხმოა, რომ აუტების უმრავლესობა ვარჯიშებზე ლაშა თავართქილაძეზე მიდიოდა და სავარაუდოდ, თამაშისასაც ასე იქნება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ “მსოფლიო სპორტი” მალხაზ ურჯუკაშვილს გაესაუბრა და უპირველეს ყოვლისა, პირადად მისი და გუნდის მზადყოფნით დაინტერესდა.
მალხაზ ურჯუკაშვილი: “საბედნიეროდ, აღარაფერი მაწუხებს და ყველაფერი რიგზეა. გასულ კვირას კლუბის შემადგენლობაში ვითამაშე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტკივილს არც ვარჯიშისას შევუწუხებივარ. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებულნი და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, გვწამს კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ. ჩვენთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა, გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო თასზე მოხვედრა გარანტირებული გვექნება, ამას ყველანი ვათვითცნობიერებთ და ვფიქრობ, სიურპრიზები გამოირიცხება”.
- ის, რომ გუნდს რამდენიმე მორაგბე აკლია, განსაკუთრებით შერკინების ხაზში, დამატებით პრობლემებს ხომ არ შექმნის?
- იმედია, ზიბზიბაძე თამაშს შეძლებს, უბრალოდ, ახლა ისვენებს, რადგანაც ექიმებმა ასე ურჩიეს. არა მგონია დანაკლისმა რაიმე პრობლემები შეგვიქმნას. ყველანი კარგად ვართ მომზადებულნი და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ახალი ზელანდიის საგზურს თბილისშივე მოვიპოვებთ.
- ესპანეთის ნაკრებს რუსეთის წინააღმდეგ კარგად უთამაშია. ამ შეხვედრის ჩანაწერი თუ ნახეთ?
- ვიდეოჩანაწერი გვაქვს, მაგრამ ის ჩვენ ჯერ არ გვინახავს. მისი გარჩევა ხვალისათვის (დღეს - რედ.) იგეგმება.
- ესპანელებმა რამდენიმე ახალი მორაგბე დაიმატეს და მნიშვნელოვ¬ნად მოძლიერებულან.
- ამბობენ შედარებით მოძლიერდნენო. ესპანური წარმოშობის, ფრანგულ კლუბებში მოთამაშე რამდენიმე მორაგბე კი დაიმატეს, მაგრამ რაც უნდა იყოს, თბილისში ვთამაშობთ, ჩვენს ქვეყანაში და თავს არ დავზოგავთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ.
- ორი წლის წინათ, ესპანელთა თბილისში დამარცხება ძლიერ გაგვიჭირდა.
- ჩემი აზრით, მაშინ პრობლემები არასწორმა ტაქტიკამ შეგვიქმნა. გვსურდა, რომ ხაზს უფრო მეტი ეთამაშა, რათა ლამაზ სტილში გვემარჯვა, მაგრამ ყველაფერი არ გამოგვივიდა და პრობლემები ამან შეგვიქმნა. დაცვაში შეცდომებს მეტოქის ლელოები მოყვა. ჩვენ ნაცად სათამაშო სტილზე გადართვა და სიტუაციის შემობრუნება გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ვფიქრობ, ახლა სწორედ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც შედეგის მიღწევა უკეთ შეგვიძლია. მთავარია გავიმარჯვოთ და ლამაზ თამაშს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- ანუ აქცენტი შედეგზე გაკეთდება?
- შედეგი აუცილებელია, თუმცა ვეცდებით, რომ მაყურებელს გაშლილი თამაშიც ვაჩვენოთ. რაღაც-რაღაცეები შევცვალეთ და იმედია, რომ ყველაფერი კარგად გამოვა.
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის
სატურნირო მდგომარეობა
1.საქართველო | 7 | 6 | 1 | 0 | +170 | 20 |
2. რუსეთი | 7 | 6 | 0 | 1 | +107 | 19 |
3.პორტუგალია | 7 | 3 | 1 | 3 | +30 | 14 |
4. რუმინეთი | 6 | 3 | 0 | 3 | +78 | 12 |
5. ესპანეთი | 6 | 1 | 0 | 5 | -92 | 8 |
6. გერმანია | 7 | 0 | 0 | 7 | -293 | 7 |
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია