ავსტრალიური “უოლაბიზისა” და სამხრეთაფრიკული “სპრინგბოქსის” ექს-მწვრთნელმა ტიმ ლეინმა, რომელიც ამჟამად საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს და მას მსოფლიოს 2011 წლის თასისკენ მიუძღვის, გული FOXSPORTS-ის ავსტრალიურ ვებ-გვერდს გადაუშალა და საქართველოში მუშაობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა.
ლეინმა ქართველი “ბორჯღალოსნები” 2008 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდის მუდმივ განვითარებაზე ზრუნავს. ავსტრალიელი მწვრთნელიე ხელში გუნდმა 13 მატჩიდან 12-ში იმარჯვა, ერთში კი ყაიმს დასჯერდა, რაც ცუდი მაჩვენებელი არ უნდა იყოს.
“ერთა თასზე, სადაც რუსეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ჩეხეთისა და გერმანიის ნაკრებებიც თამაშობდნენ, პირველი ადგილი ორჯერ მოვიპოვეთ. ერთადერთი ჩვენი ჩავარდნა პორტუგალიასთან მატჩს უკავშირდება, რომელიც ფრედ დასრულდა. მიუხედავად ამისა, გამარჯვებები დამშვიდების საშუალებას არ მაძლევს”, - აღნიშნა ლეინმა.
“კვირეები ისე არ ჩაივლის, რომ რაღაც პრობლემა არ გამოერიოს. თუნდაც, ბოლო შეხვედრის წინ, რომელშიც იმავე პორტუგალიასთან უნდა გვეთამაშა, უამინდობის გამო, ორი დღე საფრანგეთში, ნიცას აეროპორტში გავატარეთ. ერთხელ, უშუალოდ თამაშის წინ ახალი ფორმების მორგება მოგვიხდა, რადგანაც მეტოქემ მატჩის დილას მოგვახსენა, რომ თეთრ ფორმას ირჩევდა, ჩვენ კი, რასაკვირველია, მაინცდამაინც ასეთივე ფერის მაისურები გვქონდა.
ხშირად მოედანთან დაკავშირებული პრობლემებიც გვექმნება. თოვლიან ამინდში თამაში ამასწინათ საშინაო მატჩშიც მოგვიხდა, მანამე კი ციმბირული შეხვედრაც იყო. ჩვენი ავტობუსი მთვრალ მძღოლსაც უმართია, ფრანგულ კლუბებთან კი, რომლებსაც ნაკრებში მორაგბეების გამოშვება დიდად არ ეხალისებათ, მუდმივი დავა გვაქვს”.
მიუხედავად ამისა, ლეინს ისიც კარგად ესმის, რომ ფრანგულ ლიგებში ასპარეზობით, ქართველები სათამაშო კლასს საგძნობლად იმაღლებენ.
“მათთვის, ეს მაღალ დონეზე ასპარეზობის შანსია. ჩვენი ნაკრების 25 საუკეთესო მორაგბე სწორედ ფრანგულ კლუბებში ირჯება, ეს კი უფრო იოლს ხდის, რომ საწვრთნელი შეკრებები იმავე კანში მოვაწყოთ, სადაც ჩინებული მოედნები და ინფრასტრუტურაა.
ამ ეტაპზე, საშინაო შეკრებების სანაცვლოდ საფრანგეთში მომზადება საუკეთესო ალტერნატივაა. საქართველოში ინფრასტრუქტურის მხრივ პრობლემები არსებობს, თუმცა, კარგი სიახლებიცაა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს დახმარებით, რაგბისთვის ორი ახალი ხელოვნურსაფარაიანი მოედანი კეთდება, რომლებიც დაახლოებით ერთ თვეში უნდა იყოს მზად”.
ავსტრალიელი სპეციალისტის აზრით, არსებული პრობლემებისა და იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არსებულ 8 კლუბს დაფინანსება არ გააჩნიათ, ქართული რაგბი მაინც ვითარდება.
“ჩვენ გაგვიმართლა, რომ ქვეყნის მთავრობას რაგბი უყვარს და მხარში უდგას. გარდა ამისა, ერთი მეცენატი რაგბის კავშირს ფინანსურადაც ეხმარება. საქართველოში რაგბი აღამვლობის გზაზეა, მოფლიოს თასზე კიდევ ერთხელ გასვლა კი სპორტის ამ სახეობის წინსვლას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”.
მოამზადა დავით მანჯავიძემ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია