ამბები

19:01 | 26.02.2010 | ნანახია 4157 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” “ბორის პაიჭაძიდან” ზელანდიისკენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, 2011 წლის მსოფლიო თასზე გასვლა პრაქტიკულად უკვე განაღდებული აქვს და ამ საკითხისთვის ბეჭდის დასასმელად, 27 თებერვალს ესპანეთის ნაკრების ძლევაღა ესაჭიროება. ძნელად სავარაუდოა, ასე ძლიერ მონდომებულმა “ბორჯღალოსნებმა”, ეს ვერ მოახერხონ და საქმე დასკვნითი ორი შეხვედრისთვის გადადონ. ასე რომ, გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ, 14:00 საათისთვის “ბორის პაიჭაძის” ტრიბუნებზე მოიყარონ თავი და გმირები ღირსეულად გააცილონ ახალ ზელანდიაში.
ზელანდიისკენ კურსის აღებამდე ჯერ კიდევ გვარიანი დრო რჩება, მაგრამ ქართველ მორაგბეთა წარმატებულმა სვლამ, რომლებმაც შესარჩევი ეტაპის აქამდე ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან ექვსი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, ამ საკითხის მოგვარება ორ ტურით უნდა დააჩქაროს. ევროპის შესარჩევ ზონაში, მსოფლიო თასის საგზურს “ერთა თასის” ორი წლის შედეგების შეჯამების შედეგად, პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ იღებენ, მესამეადგილოსანი კი ამ საგზურისთვის საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში უნდა ჩაებას და იქ დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა.
2010 წლის “ერთა თასის” მატჩების დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ ქართველებს ხუთიდან სამი თამაშის მოგების შემთხვევაში პრობლემა არ ექნებოდათ და პარალელური მატჩებისთვის თვალის დევნება, მათთვის ზედმეტი თავისტკივილი იქნებოდა. წლეულს გამართულ პირველ მატჩში, “ბორჯღალოსნებმა” გერმანელები დაიფრინეს, მერე, ჯერ ევროპულ თოვლსა და ყინვას, შემდეგ კი პორტუგალიას სძლიეს და ახლა რა უნდა მოხდეს, რომ მათ საქომაგოდ შეკრებილი პუბლიკა მიზნის თბილისშივე მიღწევით არ გაახარონ.
ტიმ ლეინმა საესპანეთოდ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა. შერკინების პირველი ხაზი სრულად შეიცვალა და როგორც ამ, ასევე სხვა რგოლებში, თავის გამოჩენის შესაძლებლობა შედარებით გამოუცდელ მორაგბეებს ექნებათ. პრინციპში, ცვლილებები ნაწილობრივ ტრავმებმაც გამოიწვია. გამოცდილმა ბურჯმა აქვსენტი გიორგაძემ, რომელიც წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს, საფრანგეთის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრაში წვივის ორმაგი მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და მოედანს დიდი ხნით დაემშვიდობა. ასევე პირველხაზელი იური ნატრიაშვილი, გერმანიის ნაკრებთან ჯახის დროს დაშავდა და ვარჯიშს ორშაბათსღა განაახლებს, დავით ხინჩაგიშვილს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს, მამუკა გორგოძის დისკვალიფიკაციას კი, ვადა მომავალ კვირაში გასდის.
საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში “ბორის პაიჭაძეზე” გამართა და უშუალოდ გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძის მითითებით, ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები ერთხელაც გაიმეორა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე “მსოფლიო სპორტი” ნაკრების ყველაზე გამოუცდელ წევრ ლაშა თავართქილაძეს გაესაუბრა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა. ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ დერეფანში თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მასზე იქნება აგებული, თუმცა თავად სპორტსმენი ნებისმიერი დავალების შესრულებისათვის მზადაა.
“ძალიან გახარებული ვარ, რომ მწვრთნელი ასეთ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან თამაშზე მენდო და ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იქნება. ყოველთვის მზად ვარ, რომ მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შევასრულო და ამისათვის თავს არც ამჯერად დავზოგავ. ვარჯიშებზე ვიმუშავეთ და ვეცდები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მეტოქის აუტებიც “წამოვიღო”. ესპანეთის ნაკრების თამაშის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და ის მებრძოლო გუნდია, აქცენტს კი ხელით გაშლილ თამაშზე აკეთებს” - თქვა თავართქილაძემ.
ვარჯიშის შემდეგ ტრადიციული, წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი, გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გედ გლინი და ესპანელთა კაპიტანი პრადალი ანტონი დაესწრნენ.
ტიმ ლეინი: “ექსპერიმენტების ჩატარების დრო ნამდვილად არაა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა მორაგბეებს ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება მივცეთ და ვნახოთ, თუ როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს ამ სიტუაციაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი გუნდის წევრთა უმრავლესობა, ფრანგულ კლუბებში თამაშობენ, სადაც ჩემპიონატი მიმდინარეობს, სპორტსმენები გადაღლილები არიან და ზოგიერთ მორაგბეს დასვენების საშუალება მივეცით. თუმცა, ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს მომავალ მეტოქეს არ ვაფასებდეთ. შემადგენლობაში ცვლილება ტრავმებმაც გამოიწვია. საბედნიეროდ, ზიბზიბაძის ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა, ის კარგ ფორმაშია და ძირითად შემადგენლობაში დავაყენეთ. არც ნემსაძის ტრავმაა სერიოზული, მაგრამ მის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას მოვერიდეთ და მოედანზე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შევა”.
ირაკლი აბუსერიძე: “ესპანეთის ნაკრები ყოველთვის ღირსეულ წინააღმდეგობას გვიწევდა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. ვნახეთ რუსეთთან მათი მატჩი და ესპანელებმა იქაც თავდადებით ითამაშეს. თამაში რომ იტყვიან ქულა-ქულაში მიდიოდა და მარცხი მხოლოდ დასკვნით წუთებში იწვნიეს. რთული თამაში გველის, მაგრამ მობილიზებულნი ვართ, მაქსიმუმს გავიღებთ და მჯერა, მოგებას და მსოფლიო თასზე გასვლას მოვახერხებთ. ეს ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული და თავს არავინ დაზოგავს”.
გედ გლინი: “მეორე მსოფლიო ომის დროს, ესპანეთიდან საფრანგეთში დაახლოებით 450 ათასი ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად. მართალია, ნაკრებში წლეულს გამოძახებული რამდენიმე მორაგბე ფრანგული კლუბების აკადემიის აღზრდილები არიან, მაგრამ მათ ესპანური ფესვები აქვთ და უფლებამოსილნი არიან, ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშონ. ტრავმის გამო დაგვაკლდა ესპანეთის საუკეთესო მორაგბე პაბლო ფეიხო. თქვენს მსგავსად, ფრანგულ კლუბებთან მოთამაშეთა გამოშვების კუთხით ჩვენც პრობლემები გვაქვს და ამის ბრალია შემადგენლობაში მხოლოდ ხუთი ისეთი მორაგბე რომ გვყავს, რომლებმაც რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს. ჩვენს გუნდში მოთამაშე გურგენიძე ძალიან კარგი პიროვნება და სპორტსმენია. ის შესანიშნავი, ლაღი ადამიანია და თანაგუნდელებში ავტორიტეტით სარგებლობს. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, მათმა მცდელობამ, რომ რაგბში მეტს მიაღწიონ, გარკვეული შედეგი გამოიღო, ჩვენთანაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს, მაგრამ მეეჭვება მათ საქართველოს ნაკრებს წინააღმდეგობა გაუწიონ”.
პრადალი ანტონი: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ორჯერ მითამაშია და სხვა შეხვედრების ვიდეოჩანაწერებიც ნანახი მაქვს. ქართველი მორაგბეები ფიზიკური ძალით და მაღალი ტექნიკით გამოირჩევიან, ჩვენთვის კი მათ წინააღმდეგ თამაში უდიდესი გამოცდილების მომტანი იქნება. თამაშს მოუთმენლად ველით. მჯერა, ამ ლამაზ სტადიონზე საინტერესო შეხვედრას იხილავთ”.   


2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა
27 თებერვალი. თბილისი. “ბორის პაიჭაძე” (14:00)
საქართველო - ესპანეთი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 40 კეპი, 183 ქულა), 14. მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 59 კ., 284 ქ.), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 44 კ., 65 ქ.), 12. ირაკლი გიორგაძე (“შამბერი”, საფრანგეთი, 37 კ., 16 ქ.), 11. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 38 კ., 80 ქ.), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 22 კ., 70 ქ.), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 63 კ., 30 ქ.); 1. გოდერძი შველიძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 52 კ., 35 ქ.), 2. დავით დადუნაშვილი (“პერიგო”, საფრანგეთი, 25 კ., 10 ქ.), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 13 კ., 0 ქ.), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერენ იერი”, საფრანგეთი, 57 კ., 75 ქ.), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 32 კ., 10 ქ.), 6. გრიგოლ ლაბაძე (“მარსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 58 კ., 55 ქ.), 7. ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 3 კ., 0 ქ.), 8. ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 36 კ., 45 ქ.);
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე (“ყოჩები”, თბილისი, 4 კ., 0 ქ.), 17. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 20 კ., 15 ქ.), 18. გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 14 კ., 20 ქ.), 19. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 38 კ., 20 ქ.), 20. ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 44 კ., 20 ქ.), 21. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 33 კ., 35 ქ.), 22. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 15 კ., 20 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე.
 

ესპანეთი: 15. პედრო მარტინი, 14. იგნასიო მარტინი, 13. ხაიმე ნავა, 12. ხავიერ კანოსა, 11. ბენხამინ პარდო, 10. მანუელ მასო, 9. სანტიაგო ფერნანდესი; 1. ვიქტორ ასევედო, 2. ხოსე მარია ბოხორკესი, 3. დავით გურგენიძე, 4. ლეანდრო არამბურუ, 5. სერხიო სოუტო, 6. ფედერიკო ნეგრილიო, 7. იგნასიო ასენია, 8. მეთიუ კუკი.
სათადარიგოები: 16. მარკო პინტო, 17. პრადალი ანტონი, 18. ხესუს რეკუერდა, 19. რაფაელ კამაჩო, 20. მარკ ჰუიგბერტი, 21. გოთიე ჟიბუენი, 22. იგნასიო გუტიერესი.
მთავარი მწვრთნელი: გედ გლინი
ასისტენტი: ჯონ ჰოვარდ კარი
მენეჯერი: კით ჩეპმენი
რეფერი: ჟან პიერ მატე (საფრანგეთი)
თანამსაჯები: ფილიპ ბონური, ბერნარ დალ მასო (ორივე საფრანგეთი)
კომისარი: ედი უოშლი

27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
 

13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
 

20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
 

27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი

2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო     7    6    1    0    +170    20
2. რუსეთი             7    6    0    1    +107    19
3. პორტუგალია    7    3    1    3    +30    14
4. რუმინეთი         6    3    0    3    +78    12
5. ესპანეთი           6    1    0    5    -92    8
6. გერმანია            7    0    0    7    -293    7

შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082654