საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი “ბორჯღალოსანთა” მიერ ესპანეთის ნაკრების ძლევას გამართლებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ერჩივნა გუნდს ბევრად უკეთ ეთამაშა და თამაში წაეგო, ვიდრე ასეთი უსახური გამარჯვებისთვის მიეღწია.
არადა, ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო - გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” მსოფლიოს 2011 წლის თასის საგზურს ევროპის შესარჩევი ზონის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ინაღდებდნენ. შესაბამისად, გულშემატკივრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქართველთა შესრულებით დიდებულ თამაშს იხილავდნენ, რადგანაც ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა ჯერ ბუქარესტში, შემდეგ კი ტრაბზონში უნდა ითამაშონ და საკუთარი ქომაგის წინაშე წარდგომის შესაძლებლობა შეეზღუდებათ.
მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. მართალია, საქართველოს ნაკრებმა ესპანელთა დამარცხება მოახერხა, მაგრამ ლეინის თქმისა არ იყოს, ეს უფრო გამართლებისა და მეტი სათამაშო კლასის ხარჯზე მოხდა, თორემ მართლაც რომ ლომებივით მეომარმა ესპანელებმა, რომლებმაც თბილისში შესუსტებული შემადგენლობით ითამაშეს, “ბორის პაიჭაძეზე” თავდაუზოგავად იბრძოლეს და სამარ¬თლიანობის კუთხით, მარცხს არა¬ნაირად იმსახურებდნენ.
რას შეიძლება დაბრალდეს ქართველთა ასეთი უსახური თამაში? მიზეზების ახსნა მთავარ მწვრთნელსაც გაუჭირდა და ბუნებრივია, ამის გაკეთება შორიდან უფრო რთულია, მაგრამ მაინც ვეცდებით გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ.
ქართველებს სჩვევიათ, შედარებით სუსტ მეტოქესთან ჯახის წინ ერთგვარი მოშვება და შესაძლოა, ეს, გარკვეულწილად, ესპანელთა დაუფასებლობის შედეგი იყოს. მართალია, მწვრთნელები და მორაგბეები თამაშამდე ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდა, მაგრამ მოედანზე სულ სხვაგვარად გამოჩნდა. “ბორჯღალოსნებს” ჩვეული ჟინი არ ეტყობოდათ, მსგავსი რამ მხოლოდ ეპიზოდურად იყო თვალსაჩინო და ის ეპიზოდები ლელოებით დასრულდა, ამან კი საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან გამარჯვებამდე მიგვიყვანა, თუმცა, მეტოქე რომ მეტად მარიფათიანი ყოფილიყო, საკითხავია - დავსჭექდით კი მრავალჟამიერს და ვიზეიმებდით მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამედ გასვლას?
მეტოქის დაუფასებლობაში, ალბათ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ნაკრების თავკაცებმაც უნდა აიღონ. აბა სხვა რას უნდა დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ ლეინმა პორტუგალიასთან თავგამოჩენილ შემადგენლობაში, უფრო სწორედ საწყის თხუთმეტეულში, ერთბაშად 7 ცვლილება განახორციელა და შერკინების პირველი ხაზი სრულად შეცვალა. ნამატჩევს მან თავადვე აღიარა, რომ მომდევნო მატჩებისთვის ცვლილებები იქნება და დიდწილად, პირველ ხაზს შეეხება, მაგრამ ეგებ სჯობდა, “ვებ ელისის” თასის საგზური თავიდანვე სასწორზე არ დაედო? ალბათ, აქ ავსტრალიელი შეცდა, ესპანეთის ნაკრების შესაძლებლობებს ალმაცერად შეხედა და ლამის “კისერი წაიტეხა”, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
როდესაც ლეინის შეცდომაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი ტაქტიკური შეცდომა. შემადგენლობის დაყენებასთან ერთად, ალბათ, ის ამ კომპონენტშიც შეცდა. ესპანელებმა ზუსტად იცოდნენ - რას, რატომ და რისთვის აკეთებდნენ, “ბორჯღალოსნებზე” კი, იგივეს თქმა გაჭირდება. მათი თამაში, ხშირ შემთხვევაში, წარმატებაზე მეოცნებე ჯგუფის გარჯას უფრო ჰგავდა, ვიდრე დალაგებული, ჩამოყალიბებული, მიზანმიმართულად მებრძოლი გუნდისას.
მწვრთნელთა გარკვეული რისკი, რომ ძირითად შემადგენლობაში ეგრეთ წოდებული მეორე ნომრები შეემოწმებინა, ერთის მხრივ გასაგებია და ამან, ნაწილობრივ, გაამართლა - ლაშა თავართქილაძემ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, მაგრამ ერთბაშად ამდენი ახალბედას დაყენება, ცოტა არ იყოს, სარისკო გამოდგა. შესაძლოა, ლეინი შარშანდელი მატჩის შედეგმა შეაცდინა, როდესაც ესპანეთის ნაკრებს ქართველებმა მადრიდში 55:11 გადაურბინეს, მაგრამ მაშინ მოედანზე იყო “ესპანოლოგი” მამუკა გორგოძე, რომელიც ამ ქვეყნის წარმომადგენლებს, საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, სამ-სამ ლელოს უტანს და ბურთთან ერთად მათთვის კვართის ართმევაც კარგად ეხერხება. გასაგებია, რომ გორგოძე დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ იქნებოდა, ისიც ფაქტია, რომ ტრავმებმა ქართველ მორაგბეებს ხელი დარია, მაგრამ მწვრთნელის მოვალეობა სწორედ ისაა, რომ გუნდი არსებული კონტიგენტითაც შეკრას და სპორტსმენებმა ზუსტად იცოდნენ, რა დროს რა უნდა აკეთონ.
ყველაფერთან ერთად, როგორც ჩანს, ლეინსა და მის შეგირდებს დაავიწყდათ, რომ ესპანეთის ნაკრები ქართველთათვის უხერხული მეტოქეა. ორი წლის წინათ, მათი დაუფასებლობა “ბორჯღალოსნებს” ლამის “ერთა თასის” ფასად დაუჯდათ.
და მაინც, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ის გუნდია, რომელიც საქომაგოდ სტადიონზე მისულ გულშემატკივარს გაწბილებულს იშვიათად ტოვებს და ასე იყო ამჯერადაც. მთავარი მაინც ისაა, რომ ტაბლომ საბოლოო შედეგი 17:9 დაფიქსირა, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდა და ახლა მიზნად მხოლოდ ისღა დარჩა, რომ 13 მარტს, ბუქარესტში, რუმინეთის, ხოლო 20 მარტს, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსთა ძლევით, “ერთა თასი” შეინარჩუნოს.
რადგან უკვე მსოფლიოს თასზე ვართ, ბარემ იმ ვარიანტებსაც გადავხედოთ 2011 წელს რომ გველის და რომელიც სრულად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები დარჩენილ ორ შეხვედრაში.
ახალ ზელანდიაში ევროპის შესარჩევი ზონიდან 2 უკეთესი გუნდი პირდაპირ ხვდება, მე-3 კი რეპეშაჟში იბრძოლებს მსოფლიოს თასზე გამგზავრების პატივის მისაღებად. “ბორჯღალოსნები” პირველ-მეორე საფეხურს აღარ ჩამოშორდებიან და სავარაუდო მეტოქეთა სიის გადახედვაც სრულიად ნორმალურია. “ერთა თასის” ორწლიან ჯამურ ცხრილში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიისა და რეპეშაჟში გამარჯვებული ქვეყნის გუნდებთან ერთად ითამაშებს, მეორეადგილოსანის მეტოქეები კი, ავსტრალია, ირლანდია, იტალია და აშშ-ს ნაკრებები იქნებიან. აქვე ვთქვათ, რომ რეპეშაჟში გასვლის შანსი “ერთა თასიდან” მხოლოდ რუმინეთსა და პორტუგალიას შერჩა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ორწლიანი ციკლის შედეგად სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს დაიკავებს, ჯერ უკრაინასთან ორმატჩიან დუელს გამართავს, შემდეგ ამ წყვილის გამარჯვებული აფრიკის ზონის მეორეადგილოსან ტუნისს შეხვდება, ამათ შორის მოგებული კი, ურთიერთობას უკვე ურუგვაისთან გაარკვევს.
ახლა მომავალს თავი ვანებოთ და უშუალოდ ესპანეთთან მატჩს დავუბრუნდეთ, რომელიც სტუმართა მიძალებით დაიწყო და მარცხენა ფლანგზე ლამის ხაზის გაჭრით დასრულდა. ამ ეპიზოდში მათი შეჩერება კი მოხერხდა, მაგრამ მე-8 წუთზე “ლომებმა” ბურთი საკუთარი 22 მეტრის ხაზიდან ხელდახელ კარგად გაიტანეს, დათუნაშვილმა შემტევის შეჩერება ფეხის დადებით სცადა, თავად სინბინი დაიმსახურა, ხაიმე ნავამ კი 30 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გახსნა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ სტუმრები ქართველთა შერკინებას უფრთხოდნენ და მისი ჩაშლისას დაჯარიმებასაც არ ერიდებოდნენ, მაგრამ წინა მატჩებში უშეცდომოდ დამრტყმელ მერაბ კვირიკაშვილს, მე-11 წუთზე დაახლოებით 42 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. ამის შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” დასარტყმელი ჯარიმა ჯერ აუტში გადაიტანეს და ისე შეუტიეს, მერე კი ბურთის კარში გაგზავნას შერკინება არჩიეს და მისი ზედიზედ ორჯერ განზრახ ჩაქცევისთვის რეფერიმ ასევედო გაასინბინა, მაგრამ ეს და კიდევ რამდენიმე სხვა სალელოვე შეტევა, ქართველთა უნიათობის გამო, უშედეგოდ დასრულდა.
29-ე წუთზე “ბორჯღალოსნებმა” დასარტყმელი ჯარიმა კვლავ აუტში გადაიტანეს, მაგრამ შეტევა იმის გამო ჩაიშალა, რომ კვირიკაშვილს ბურთი წინ დაუვარდა. მიუხედავად ამისა, ქართველთა შერკინების ხაზმა მეტოქისა დაჯაბნა, უდესიანმა ბურთი აიტაცა, 3 კაცის წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქცია და ლელო გაიტანა, კვირიკაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა - 7:3. ამას ესპანელთა შეტევები მოჰყვა, მაგრამ მათი მცდელობა, მასპინძელთა ჩათვლის მოედანს მიახლოვებოდნენ, მარცხით დასრულდა. ზედ შესვენების წინ, საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო დაწინაურების კარგი შესაძლებლობა მიეცა, ირაკლი გიორგაძემ დროული პაუზა გააკეთა და ბურთი თედო ზიბზიბაძეს გადააწოდა, ამან ფლანგზე ურჯუკაშვილი მოძებნა და ისიც ესპანელთა ჩათვლის მოედნისკენ გაქანდა, მაგრამ ნახტომი დააგვიანა, იგნასიო მარტინიმ მისი მცდელობა ჰაერშივე ნახტომით აღკვეთა, ბურთი დააგდებინა და ასპროცენტიანი სალელოვე შეტევა ჩაფლავდა.
შესვენებისას, ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელი ლელობურთით გაერთო...
მე-2 ტაიმის დასაწყისი “ბორჯღალოსნებმა” ლამის იდეალურად ჩაატარეს. კარგად ითამაშა უკანა ხაზმა - მალაღურაძის კარგი გარღვევა ჯერ მაჩხანელმა განაგრძო კარგადვე, ხოლო შემდეგ აბუსერიძემ, რომელიც ლელოს ხაზთანაც ახლოს იყო, როდესაც მეტოქემ შებოჭა და თანაც დაჯარიმდა. ქართველებმა შერკინება ირჩიეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს და ესპანელებმა ის ცენტრამდე აიტანეს, მაგრამ კვირიკაშვილმა ხელით შეუტია, ბურთის სწრაფი გათამაშებით მეტოქეს დაცვის ხაზის გადაწყობის დრო არ მისცა, მალაღურაძემ თავართქილაძეს დროულად უპასა და ამ უკანასკნელმაც სანაკრებო კარიერაში თავისი პირველო ლელო გაიტანა. კვირიკაშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა და ანგარიში მხოლოდ 12:3 დარჩა.
ამ მომენტიდან თითქმის ნახევარი საათი საინტერესო არაფერი მომხდარა. ესპანეთი ძველებურად ბრწყინვალე დაცვას თამაშობდა და ქართველთა უნიათო შეტევები მათ საფრთხეს არანაირად უქმნიდა. ამასობაში, 69-ე წუთიც მოვიდა და “ბორჯღალოსანთა” ხანგრძლივმა შეტევამ, რომელიც მარცხენა ფლანგზე დაიწყო, შედეგი მოიტანა. ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, ის დადუნაშვილმა მიიღო, მეტოქე ფიზიკურად დაჯაბნა, დაახლოებით 5 მეტრი უკან ათრია და ლელო გაიტანა, მაგრამ კვირიკაშვილის გარდასახვა ამჯერადაც უზუსტო გამოდგა - 17:3.
მალე მოედანზე ბიძინა სამხარაძე გამოჩნდა, რომელმაც აბუსერიძე შეცვალა და ცოტა ხანში სტადიონის დიქტორმა იქ შეკრებილ საზოგადოებას, მათ შორის თავად მამასაც, ამცნო, რომ ბიძინას გოგონა შეეძინა. უშუალოდ მოედანზე კი, ესპანელებმა გაიბრძოლეს და მათი შეტევების შეჩერება მხოლოდ ჯარიმებით გახდა შესაძლებელი, ნავამ ორჯერ ზუსტად დაკრა და ამით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ახალი ზელანდიისკენ გზა გაუხსნა.
პრესკონფერენცია
ტიმ ლეინი: “საცოდავად ვითამაშეთ. არანაირი შემართება არ იგრძნობოდა და ბურთსაც ვერ ვაკონტროლებდით. ასე თუ ვითამაშეთ, რუმინეთის ან რუსეთის წინააღმდეგ, მით უმეტეს მსოფლიოს თასზე, საშინელ დღეში ჩავვარდებით. ესპანელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და გაგვიმართლა, რომ გავიმარჯვეთ. არ ვიცი, ეს ყველაფერი რას დავაბრალო. თითქოსდა, ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად იყო, ბიჭები კარგად ემზადებოდნენ და არც განწყობას უჩიოდნენ, მაგრამ შესაძლოა, ისინი შედეგზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე თამაშზე. პირადად მე, მერჩივნა, ათჯერ უკეთ გვეთამაშა და წაგვეგო, ვიდრე ასეთი თამაში მოგვეგო. მომავალი შეხვდრებისთვის გუნდში ცვლილებები აუცილებლად იქნება, განსაკუთრებით - პირველ ხაზში. იმედია, ნატრიაშვილი ტრავმას მოიშუშებს, დამოკიდებულნი ვართ იმაზეც, თუ როგორ ჩაივლის საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტური. ნებისმიერ შემთხვევაში, თავის გამოჩენის შანსი იმ მორაგბეებსაც ექნებათ, რომლებიც შეკრებაზე გვყავდა და აქამდე არ უთამაშიათ. თავართქილაძის მსგავსი მორაგბეები მრავლად გვჭირდება. მან შესანიშნავად ითამაშა როგორც დერეფანში, ასევე მიწაზე და თუ მეტი გამოცდილება ექნება, კიდევ უფრო განვითარდება. რაც არ უნდა იყოს, დღეს ორი კარგი რამ მოხდა - მსოფლიოს თასზე გავედით და ბიძინას გოგო შეეძინა. ახლა რუმინეთთან მატჩისთვის მოვემზადებით, ბუქარესტიდან კი, პირდაპირ ტრაბზონში ჩავალთ და იმედია, რუსეთს ღირსეულად დავუხვდებით”.
გედ გლინი: “უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს თასზე გასვლას მოგილოცავთ. “ერთა თასის” მონაწილე ყველა გუნდისათვის ეს სანუკვარი ოცნება იყო და საქართველოს ნაკრებმა ეს ოცნება რეალობად აქცია. საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ამაყი ვარ, რომ თქვენს გუნდს ასეთი წინააღმდეგობა გავუწიეთ, თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძირითადი შემადგენლობის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ”.
2010 წლის “ერთა თასისა”
და 2011 წლის მსოფლიოს თასის
შესარჩევი ეტაპის შეხვედრა
თბილისი. “ბორის პაიჭაძე” 12000 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 17:9
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მალხაზ ურჯუკაშვილი, 13. თედო ზიბზიბაძე (21. დავით კაჭარავა 63), 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე (22. ირაკლი ჩხიკვაძე 63), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 70); 1. გოდერძი შველიძე, 2. დავით დადუნაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 70), 3. დავით ქუბრიაშვილი (17. დავით ზირაქაშვილი 50), 4. ილია ზედგინიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე (19. გიორგი ჩხაიძე 50), 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ბესარიონ უდესიანი;
სათადარიგოები: 18. გიორგი ნემსაძე.
3 ლელო: უდესიანი (32), თავართქილაძე (45), დადუნაშვილი (69)
გარდასახვა: კვირიკაშვილი (33)
სინბინი: დათუნაშვილი (8)
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ-მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ესპანეთი: 15. პედრო მარტინი, 14. იგნასიო მარტინი, 13. ხაიმე ნავა, 12. ხავიერ კანოსა, 11. ბენხამინ პარდო (17. პრადალი ანტონი, 22-32), 10. მანუელ მასო, 9. სანტიაგო ფერნანდესი (20. მარკ ჰუიგბერტი, 57); 1. ვიქტორ ასევედო (17. პრადალი ანტონი, 49), 2. ხოსე მარია ბოხორკესი (16. მარკო პინტო, 48), 3. დავით გურგენიძე, 4. ლეანდრო არამბურუ, 5. სერხიო სოუტო (18. ხესუს რეკუერდა, 66), 6. ფედერიკო ნეგრილიო, 7. იგნასიო ასენია (21. გოთიე ჟიბუენი, 59), 8. მეთიუ კუკი (19. რაფაელ კამაჩო, 53).
სათადარიგოები: 22. იგნასიო გუტიერესი.
3 ჯარიმა: ხაიმე ნავა (3, 73, 77)
სინბინი: ვიქტორ ასევედო (22)
მთავარი მწვრთნელი: გედ გლინი
ასისტენტი: ჯონ ჰოვარდ კარი
მენეჯერი: კით ჩეპმენი
რეფერი: ჟან პიერ მატე (საფრანგეთი)
თანამსაჯები: ფილიპ ბონური, ბერნარ დალ მასო (ორივე საფრანგეთი)
კომისარი: ედი უოშლი
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი 21:21
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია 0:69
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1 | საქართველო | 8 | 7 | 1 | 0 | +178 | 23 |
2 | რუსეთი | 8 | 6 | 1 | 1 | +107 | 21 |
3 | პორტუგალია | 8 | 4 | 1 | 3 | +99 | 17 |
4 | რუმინეთი | 7 | 3 | 1 | 3 | +73 | 14 |
5 | ესპანეთი | 7 | 1 | 0 | 6 | -100 | 9 |
6 | გერმანია | 8 | 0 | 0 | 8 | -362 | 8 |
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია