ამბები

10:28 | 1.03.2010 | ნანახია 2165 - ჯერ

საფრანგეთი ექსპერტების იმედებს ამართლებს

უდანაკარგო სვლას განაგრძობს 2010 წლის “ექვსი ერის” გათამაშებაში მისი მოგების უმთავრესი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები. მოქმედ ჩემპიონ ირლანდიის ძლევის შემდეგ, “მამლებმა” კარდიფში უელსის ნაკრები 26:20 დასცეს და ტიტულის მოგებასთანაც ძლიერ ახლოს არიან, რადგანაც დარჩენილ ორ მატჩს საკუთარ კედლებში ატარებენ - ჯერ აუტსაიდერ იტალიას, ბოლოს კი ინგლისის ნაკრებს დაუხვდებიან. უელსის ნაკრები ახლოს იყო, რომ ორი კვირის წინანდელი გმირობა გაემეორებინა, როდესაც შოტლანდიას ლამის წაგებული შეხვედრა ბოლოსღა შემოუტრიალა, მაგრამ ფრაგნგები ხომ სქოთები არ არიან. 20:0 მოგებული პირველი ნახევრის შემდეგ, მათ მიძალებულ უელსს გაუძლეს, საწყის 40 წუთში მოპოვებულ ქულებს 6 შემატეს და სწორედ ამ ექვსი ქულის სხვაობით იმარჯვეს.
პირველ ტაიმში ფრანგთა დაცვამ დიდებულად ითამაშა. ისინი მეტოქის შეტევების მიმართულებას წინასწარ საზღვრავდნენ და მასპინძელთა მცდელობას პრაქტიკულად ჩანაფიქრშივე ახშობდნენ, თავად კი შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და მე-6 წუთზე ალექს პელისონის ლელოთი დაწინაურდნენ, პარა მორგანის ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი ანგარიში 7:0 გახდა. მე-20 და 27-ე წუთებზე მორგანმა ორჯერ ჯარიმით იხეირა, ზედ შესვენების წინ კი, ფრანკოსმა ლელო გაიტანა და მორგანმა გარდასახვით შთამბეჭდავი უპირატესობა დაფიქსირა.
მეორე ნახევარი დაიწყო თუ არა, უელსი გამალებით ეკვათა სტუმრებს და ათ წუთში სტეფან ჯონსის ორი ჯარიმით ჩამორჩენა ორ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ფრანგებს მორგანი გაუსინბინეს და ერთ წუთში მასპინძლებმა ლელო გაიტანეს. თავი ჰალფპენიმ გამოიჩინა, ჯონსმა კი გარდასახვა უსტად შეასრულა და გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, მაგრამ 72-ე წუთზე ფრედერიკ მიხალაკმა, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი მორგან პარამ მათი იმედები დაამსხვრია. უელსმა ბოლოსკენ მაინც გაიბრძოლა და შეინ უილიამსმა მეორე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. ამრიგად, საფრანგეთის ნაკრები სამი თამაშიდან სამი მოგებით ერთპიროვნულად დაწინაურდა, უელსს კი სამ თამაშში ორი მარცხი დაუგროვდა და ჩემპიონობის შანსსაც პრაქტიკულად დაემშვიდობა.
აუტსაიდერთა დავაში გამარჯვებას მიაღწია იტალიის ნაკრებმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე შოტლანდია 16:12 დაიბრიყვა და სავარაუდოდ, ბოლო ადგილზე გასვლას გადაურჩა. დებიუტში მირკო ბერგამასკომ ორი ჯარიმა გაიტანა და იტალიელები 6:0 დაწინაურა, მაგრამ შესვენებამდე დანიელ პარკსმა ასევე ჯარიმებით წონასწორობა აღადგინა. დაიწყო მეორე ტაიმი და ბერგამასკომ ჯარიმით მასპინძლები კვლავ დააწინაურა, თუმცა პარკსმა არეკნით ანგარიში მალევე გაათანაბრა, 64-ე წუთზე კი მან ჯარიმით წინ სტუმრები გაიყვანა. ამან მასპინძლები გახელა და სამ წუთში პაბლო კანავოსიომ შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, მირკომ კი ზუსტი რეალიზაციით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში, “ექვსი ერის” მოქმედმა ჩემპიონმა ირლანდიამ თვიქნემში მასპინძელ ინგლისს 20:16 სძლია და წინა ტურში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, ტიტულის შენარჩუნების შანსი ისევ შეინარჩუნა. ირლანდიელები ტომი ბოუის ლელოთი დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა ჯონ უილკინსონმა ჯარიმით სხვაობა ორ ქულამდე მე-16 წუთზე დაიყვანა, შესვენებამდე კი ჯონათან სექსტონმა და უილკინსონმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი ინგლისმა 6:8 დათმო. 56-ე წუთზე კეიტ ეარლსიმ ლელოთი ირლანდიელთა უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდა, მაგრამ ექვს წუთში ტიმ პეინიმ სტუმრებს ლელოთი უპასუხა, უილკინსონმა სტუმართაგან განსხვავებით გარდასახვა ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა - 13:13. უილკინსონმა საკუთარი გუნდის საქმე უკეთ 71-ე წუთზე წაიყვანა, როდესაც არეკნით მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ ირლანდია ასე იოლად დანებებას არ აპირებდა, შეხვედრის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ტომ ბოუიმ თავისი მეორე და გუნდის მესამე ლელო გაიტანა, რონან ოგარას ფეხი არ აუკანკალდა, რეალიზაცია ძელებსშუა გააძვრინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ევქსი ერის” მომდევნო ტური 13-14 მარტს გაიმართება, ირლანდია უელსს დაუხვდება, შოტლანდია ინგლისს უმასპინძლებს, საფრანგეთი კი ლიდერობის განმტკიცებას იტალიასთან ჯახში ეცდება.
უელსი - საფრანგეთი 20:26, იტალია - შოტლანდია 16:12, ინგლისი - ირლანდია 16:20

1 საფრანგეთი 3 3 0 0 +38 6
2 ინგლისი 3 2 0 1 +14 4
3 ირლანდია 3 2 0 1 -1 4
4 უელსი 3 1 0 2 -12 2
5 იტალია 3 1 0 2 -19 2
6 შოტლანდია 3 0 0 3 -20 0

13 მარტი: ირლანდია - უელსი
შოტლანდია - ინგლისი
14 მარტი: საფრანგეთი - იტალია

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078696