ამბები

10:35 | 1.03.2010 | ნანახია 2651 - ჯერ

რუსეთი საქართველოს კვალდაკვალ

მაშინ, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “ბორის პაიჭაძიდან” ახალი ზელანდიისკენ გზას იკვალვდა, რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში რუსეთის ნაკრები რუმინელებთან მეორე საგზურისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა.
“დათვებისთვის” უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, მათთვის მთავარი იყო, რომ “მუხის ფოთლებთან” 10 და მეტი ქულის სხვაობით არ წაეგოთ და მსოფლიო თასზე პირველად თამაშის უფლება გარანტირებული ექნებოდათ, რადგანაც უფრო ნაკლები სხვაობით მარცხის შემთხვევაში, ისინი გერმანელებს იოლად სძლევდნენ და ზელანდიის ბილეთებსაც ნადრევად დაჯავშნიდნენ.
მოვლენები ისე განვითარდა, რომ რუსებს გერმანელებთან თამაშის ლოდინი აღარ დაჭირდათ და ოცნება ორი კვირით ადრე აიხდინეს. რუმინელთა თავდადების მიუხედავად, ნიკოლაი ნერუშის შეგირდებმა იმდენი მოახერხეს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიეს, მეტოქეს ფრედ ეთამაშნენ და მესამეადგილოსნისათვის მიუღწეველნი გახდნენ. ახლა მესამე ადგილისთვის და შესაბამისად, საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში თამაშის უფლების მოსაპოვებლად რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იბრძოლებენ, რომელმაც უსუსტესი გერმანია სტუმრად 69:0 გაანადგურა და ისღა დარჩენია, რომ ლისაბონში რუმინეთის ნაკრებთან არ დამარცხდეს და 2007 წლის მსოფლიო თასის საგზურის მსგავსად, 2011 წლისთვისაც რეპეშაჟში ყოჩობის იმედად დარჩეს.
რადგან საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან და პორტუგალიასთან ჯახი მოლეული აქვს და წინ მხოლოდ რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებთან შეხვედრები ელის, რომლებმაც “ერთა თასის” გამარჯვებული უნდა გამოავლინოს, ჩვენც მხოლოდ ამ გუნდების მატჩზე შევჩერდეთ, მით უმეტეს, რომ პორტუგალიელებისა და გერმანელების მატჩში ბრძოლა სულაც არ ყოფილა.
რუმინელები მესამე წუთზე ვლაიკუს ჯარიმით დაწინაურდნენ და იმედი გაუჩნდათ, რომ სასურველი სხვაობით გამარჯვების მოპოვებას შეძლებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა უმალ იმძლავრეს და მერვე წუთზე გვოზდოვსკიმ ლელოთი საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმც კი იური კუშნარიოვს რეალიზაცია გაუფუჭდა - 5:3. კუშნარიოვმა შეცდომა მალევე გამოასწორა და მე-13 წუთზე ჯარიმა გაიტანა, კიდევ შვიდ წუთში კი გვოზდოვსკიმ შეხვედრაში თავისი და თანაგუნდელების მეორე ლელო გაიტანა, კუშნარიოვმა გარდასახვა ძელებსშუა გააძვრინა და რუსებს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა. 34-ე წუთზე კუშნარიოვმა ჯარიმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, ტაიმის მიწურულს კი ფერკუმ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა და რადგან რეალიზაცია არაზუსტი გამოდგა, შესვენებაზე გასვლისას “დათვები” მეტოქეს მთელი ათი ქულით უსწრებდნენ - 18:8.
მეორე ორმოცწუთეულმა სტუმართა კარნახით ჩაიარა. კალაფეტეანუმ 48-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, მე-60 წუთზე კი, მანვე, დიმოფტეს მიერ გატანილი ლელოს შემდეგ, რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 18:18. ხუთ წუთში კუშნარიოვმა ჯარიმით კვლავ მასპინძლები დააწინაურა და მიუხედავად იმისა, რომ სამ წუთში კალაფეტეანუმ ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა, დარჩენილ დროში მათ გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა არ ეყოთ და მოპოვებული ორი ქულა რუმინელთათვის საბოლოო წარმატების მომტანი არ აღმოჩნდა.
მაშ ასე, რუსეთის ნაკრები მსოფლიო თასზე აუცილებლად იქნება, ოღონდ პირველი ადგილით გავა იქ თუ მეორეთი, ეს დასკვნით ორ ტურში გაცხადდება.   
 

რუსეთი. სოჭი. “სლავა მეტრეველი”
რუსეთი - რუმინეთი 21:21 (18:8)
რუსეთი:
ალექსანდრ ხროკინი (კარლო მაღლაკელიძე 75), ვლადისლავ კორშუნოვი (ევგენი მატვეევი 72), ევგენი პრონენკო (ალექსეი ტრავკინი 72), ალექსანდრ ვოიტოვი (არტიომ ფათახოვი 72), კირილ კულემინი, ვიქტორ გრესევი, ანდრეი ოსტრიკოვი, ანდრეი ტემნოვი, ალექსანდრ იანუშკინი (ალექსანდრ შაკიროვი 55-59), იური კუშნარიოვი (ალექსეი კორობეინიკოვი 74), ალექსანდრ გვოზდოვსკი, სერგეი ტრიშინი (ანდრეი კუზინი 66), მიხაილ ბაბაევი, ვასილი არტიომოვი, იგორ კლუჩნიკოვი.
2 ლელო: გვოზდოვსკი (8, 20)
1 გარდასახვა: კუშნარიოვი (20)
3 ჯარიმა: კუშნარიოვი (13, 34, 65)
რუმინეთი (ძირითადი შემადგენლობა): ბალანი, ტინკუ, ფლორეა, სოკოლი, ურზაჩე, ბურჩა, ტონიცე, მანტა, სარბუ, ვლაიკუ, ფერკუ, დასკალუ, დიმოფტე, ბოტეზატუ, დუმიტრასი.
2 ლელო: ფერკუ (39), დიმოფტე (60)
1 გარდასახვა: კალაფეტეანუ (60)
3 ჯარიმა: ვლაიკუ (3), კალაფეტეანუ (48, 68)

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080761