ამბები

12:49 | 1.03.2010 | ნანახია 2875 - ჯერ

ნერუში საქართველოსთან ზრდას ელის

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში, რომელმაც “დათვები” მსოფლიო თასზე პირველად გაიყვანა, საქართველოს ნაკრებთან 20 მარტს ტრაბზონში გასამართ შეხვედრას პრინციპულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მსოფლიო თასისათვის, მისი გუნდი სწორედ ასეთი დონის მეტოქეებთან თამაშით უნდა გაიზარდოს.
ამის შესახებ, მეზობელი ქვეყნის გუნდის მწვრთნელმა სოჭში, რუმინეთთან ფრედ 21:21 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
“საქართველოსთან მატჩი, ჩვენთვის უპრინციპულესი იქნება, რადგანაც უკვე ძალიან დიდი ხანია, მათ დამარცხებას ვერ ვახერხებთ (1994 წლიდან - რედ.). ამასთან, იშვიათად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ ვითამაშოთ და წინ კი, მსოფლიო თასზე სწორედ ასეთი შეხვედრები გველის. მსგავსი შესაძლებლობა ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო თამაში იქნება”, - თქვა ნერუშმა და იქვე დასძინა, რომ 13 მარტს, გერმანიის წინააღმდეგ თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდა მორაგბეებსაც მიეცემათ - “გერმანიის წინააღმდეგ თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, მეორე ეშელონის მორაგბეებს ექნებათ, რომლებიც ყოველთვის გუნდთან ერთად იყვნენ, ემზადებოდნენ, მაგრამ არ ვრისკავდით. ახლა, მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შეეძლებათ”.
მანამდე, ნერუშმა უშუალოდ რუმინეთთან მატჩზე ისაუბრა, მსოფლიო თასზე გასვლა ყველას მიულოცა და ისურვა, რომ მის შეგირდებს ყველა შეხვედრაში ისე ეთამაშათ, როგორც ეს სოჭში პირველ ტაიმში გააკეთეს.
“ყველას ვულოცავ ამ ღირშესანიშნავ დღეს. დამოუკიდებელი რუსული რაგბის არსებობის ისტორიაში, ჩვენ პირველად გავედით მსოფლიო თასზე და ყველას, მათ შორის, საკუთარ თავსაც, ვულოცავ ამ წარმატებას. გასულ წელს ბუქარესტში ვიმარჯვეთ, მაგრამ მაშინ რუმინეთის რაგბის კავშირმა შეცდომა დაუშვა, სათანადოდ არ დაგვაფასა და თამაშზე მეორე შემადგენლობა გამოიყვანა. შედეგად, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე დამარცხდნენ, ახლა კი უძლიერესი გუნდი ჩამოიყვანეს. რუმინელ მორაგბეთა 90 პროცენტი მაღალი დონის, ელიტარულ ფრანგულ კლუბებში თამაშობენ. ბევრი ფიქრობდა, რომ შანსი არ გვექნებოდა. მაგრამ დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაშს ვიმსახურებთ. გუნდმა მაქსიმუმი გაიღო და იმ შედეგს მიაღწია, რომელიც სახეზეა.
ჩვენ შედეგი გვჭირდებოდა. ამოცანა რუმინეთის დამარცხება კი არა, მსოფლიო თასზე გასვლა იყო და მატჩს ისეთი განწყობით შევხვდით, როგორიც საჭირო იყო. რუმინეთის ნაკრებში საფრანგეთის ჩემპიონები და თოპ 14-ის კლუბების წამყვანი სპორტსმენები გამოდიან, უდიდესი გამოცდილება აქვთ და ამ უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ტოლსწორად ვითამაშეთ. ამასთან, საფრანგეთში ჩემპიონატი მიმდინარეობს და ისინი საუკეთესო ფორმაში არიან, ჩვენთან კი, სეზონი ჯერ არ დაწყებულა. მართალია, თვენახევარი ვემზადეთ და სამი საკონტროლო თამაში გვქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა და ორი განსხვავებული ტაიმი ამის გამო ჩავატარეთ. პირველი ნახევარი, თითქმის იდეალური იყო და მეორეშიც ასევე რომ გვეთამაშა, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მოვიპოვებდით. ფრე გამარჯვება არაა, მაგრამ ის, მნიშვნელობით გამარჯვების ტოლფასია და მძიმე ბრძოლაში, ჩვენ მიზნის მიღწევა მოვახერხეთ, უმთავრესი კი, სწორედ ესაა.
ძალიან დავიღალე. პირველი მწვრთნელი ვიყავი, რომელმაც 7-კაცა ნაკრები მსოფლიო თასზე გაიყვანა, ახლა კი, პირველი მწვრთნელი ვარ, რომელმაც 15-კაცა ნაკრებს მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე თამაშის უფლება მოუტანა. მაგრამ ამ ბიჭებით მეტის მიღწევა შეიძლება. როდესაც გუნდი ჩავიბარე, ამაში დარწმუნებული ვიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავს ნაბიჯს არ გადავდგამდი. ერთად გვწამდა გამარჯვების და როდესაც საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, გავიფიქრე - “დამთავრდა, მადლობა ღმერთს, უკვე იქა ვართ”. ერთბაშად მომეშვა, მაგრამ მასთან ერთად, უდიდესი დაღლილობაც შევიგრძენი”, - დაასრულა საკუთარი მონოლოგი ნერუშმა.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082385