ამბები

20:36 | 1.03.2010 | ნანახია 4457 - ჯერ

საქართველო რუსეთის თავზე მოექცა და თან ამერიკა გაიყოლა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში ერთი საფეხურით აინაცვლა, მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ რუსეთის თავზე პირველად მოექცა და მე-16 საფეხურამდე აღზევდა.
უნდა ითქვას, რომ “ბორჯღალოსნებმა” ამას არა მარტო საკუთარი წარმატებული თამაშის ხარჯზე, არამედ, რუსთა უნიათობითაც მიაღწიეს და ამერიკის შეერთებული შტატების წინსვლაც, რომელსაც წლეულს ერთი მატჩიც არ გაუმართავს, სოჭში რუმინელთა თავდადებულმა თამაშმა განაპირობა.
ტიმ ლეინის შეგირდებმა, ესპანეთის ნაკრების 17:9 ძლევით, მსოფლიო თასის საგზური კი მოიპოვა, მაგრამ რეიტინგში 23-ე ადგილზე მყოფი “ლომების” აღნიშნული ანგარიშით ძლევამ, ქართველებს სარეიტინგო ქულები არ შემატა. რუმინეთის ნაკრებთან ფრედ 21:21 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, “დათვებმა” მსოფლიო თასის საგზური კი გაინაღდეს, მაგრამ 0,6 სარეიტინგო ქულა დაკარგეს და საქართველოს ნაკრებს 0,41, აშშ-ს კი 0,02 ქულით ჩამორჩნენ და მე-18 ადგილამდე დაქვეითდნენ. “ერთა თასის” კიდევ ერთმა შეხვედრამ, რომელშიც პორტუგალიამ გერმანია 69:0 გაანადგურა, გერმანელები სამი საფეხურით დაწია. ახლა ისინი 29-ე ადგილზე არიან და უკრაინას, ყაზახეთს და ბრაზილიას ჩამორჩნენ. პორტუგალიამ დაწინაურება ვერ მოახერხა, მაგრამ უახლოეს მდევარ ნამიბიას კიდევ უფრო დაშორდა, ურუგვაისთან კი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა და ორი კვირის თავზე, ოცეულში შესვლის შანსი აქვს.
“ექვსი ერის” მორიგი ტურის შედეგებმა რეიტინგზე გავლენა მხოლოდ იმდენად იქონია, რომ საფრანგეთმა, ირლანდიამ და იტალიამ ქულათა მარაგი გაიუმჯობესეს. საფრანგეთს ჰქონდა შანსი, რომ მესამე ადგილამდე აღზევებულიყო და 2008 წლის შუა პერიოდიდან პირველად, რეიტინგის საუკეთესო სამეულში სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელთა ჰეგემონია დაემხო, მაგრამ ამისათვის, უელსელთა 15, ან მეტი ქულით დამარცხება მართებდა. მაგრამ “მამლებმა” უელსს მხოლოდ 26:20 სძლიეს და ავსტრალიასთან ჩამორჩენა 0,34 პუნქტამდე შეამცირეს. მეხუთე ადგილზე დარჩა ირლანდიის ნაკრები, რომელმაც თვიქნემში ინგლისს ტომ ბოუს ლელოთი 20:16 აჯობა და ერთადერთ გუნდად დარჩა, ვისაც “გრანდ სლემის” წოდების მოპოება შეუძლია (იღებს ის გუნდი, რომელიც წლის განმავლობაში ყველა ბრიტანული ქვეყნის ნაკრებს და ირლანდიას დაამარცხებს). ახლა, ინგლისელები მეშვიდეადგილოსან არგენტინას, რომელიც ბრიტანელთა მეტოქე 2011 წლის მსოფლიო თასზე იქნება, მხოლოდ 0,06 ქულით ჯობნის. თავის მხრივ, ირლანდიელებმა ინგლისელებთან უპირატესობა ლამის 4 ქულამდე გაზარდეს, საფრანგეთთან კი ჩამორჩენა 0,75 ქულამდე დავიდა. მერვე ადგილზე რჩება საფრანგეთთან დამარცხებული უელსი, იტალიამ კი, რომელმაც შოტლანდიას 16:12 მოუგო, სქოთებთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა.

IRB-ს რეიტინგი 1 მარტისათვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,68
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88,60
3 (3). ავსტრალია 85,56
4 (4). საფრანგეთი 85,22
5 (5). ირლანდია 84,47
6 (6). ინგლისი 80,62
7 (7). არგენტინა 80,56
8 (8). უელსი 78,81
9 (9). ფიჯი 75,90
10 (10). შოტლანდია 74,48
11 (11). იტალია 73,20
12 (12). სამოა 72,08
13 (13). იაპონია 70,59
14 (14). კანადა 68,80
15 (15). ტონგა 68,11
16 (17). საქართველო 67,44
17 (18). აშშ 67,05
18 (16). რუსეთი 67,03
19 (19). რუმინეთი 65,22
20 (20). ურუგვაი 60,89
21 (21). პორტუგალია 60,57
22 (22). ნამიბია 58,98
23 (23). ესპანეთი 58,23
24 (24). ჩილე 57,95
25 (25). კორეა 57,90
26 (27). უკრაინა 55,47
27 (28). ყაზახეთი 55,12
28 (29). ბრაზილია 54,97
29 (26). გერმანია 54,28
30 (30). ტუნისი 54,12

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089224