საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, გასულ შაბათს ესპანეთის (17:9) ძლევის შემდეგ, ევროპის ზონის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ზედიზედ მესამედ გავიდა მსოფლიო თასზე და აბა, ეს ფაქტი რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყურადღების მიღმა როგორ დარჩებოდა.
IRB-ის ოფიციალურ საიტთან საუბრისას, “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ ახალ ზელანდიაში გუნდის ამოცანა, წინა მსოფლიო თასის მსგავსად, ყველაზე ცოტა, ერთი შეხვედრის მოგება იქნება, პროგრამა მაქსიმუმად კი, მან ორი მატჩის მოგება დაასახელა. ლეინმა აქცენტი მხოლოდ იმ ჯგუფის მოწინააღმდეგეებზე გააკეთა, რომლებიც “ერთა თასზე” პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში გვეყოლება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნაკრები, დარჩენილ ორ მატჩშიც (13 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან და 20 მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთთან), მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
გარდა ამისა, “ბორჯღალოსანთა” ავსტრალიელმა დამრიგებელმა, ეროვნული გუნდის სათამაშო სტილზე, საქართველოში რაგბის განვითარებაზე და ამ კუთხით მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. ქვემოთ გთავაზობთ IRB-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას:
საფრანგეთში გამართული მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს დასამახსოვრებელ მომენტად, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დაგვრჩა. ამ მატჩის გახსენება, ირლანდიელ მორაგბეთა სახეზე მუდამ თავისებურად აისახება, რადგანაც შეხვედრის დასრულებამდე 25 წუთით ადრე, ისინი 7:10 აგებდნენ და მხოლოდ ჟირვინ დემპსის მიერ გატანილი ლელოს წყალობით იმარჯვეს - 14:10. მცირედი სხვაობით, მაგრამ მაინც გამარჯვებამ, ირლანდიელებს სირცხვილის ლაფი ნაწილობრივ ჩამობანა, მაგრამ “ექვსი ერის” მონაწილე ნაკრებებს შიში გაუჩინა. “ბორჯღალოსანთა” ამჟამინდელი მწვრთნელი ტიმ ლეინი ირწმუნება, რომ საფრანგეთის მსოფლიო თასის შემდეგ განვლილ პერიოდში, ქართველმა მორაგბეებმა სათამაშო კლასი კიდევ უფრო აიმაღლეს და მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ.
2007 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები “ერთა თასზე”, გნებავთ “ექვსი ერის B” დივიზიონში, ისეთ მეტოქეებთან, როგორებიც რუმინეთი, რუსეთი და პორტუგალია არიან, ერთხელაც არ დამარცხებულა, გასულ უიკენდზე კი, ამ გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება, რადგანაც ევროპის შესარჩევ ზონაში, “ლელოებმა” პირველ-მეორე ადგილი უკვე დაიბევეს.
“მოხარულნი ვართ, მსოფლიო თასზე კიდევ ერთხელ თამაშის საშუალება რომ მოგვეცემა. 2007 წელს, ქართველებმა საფრანგეთში ძალიან კარგად იასპარეზეს - მხოლოდ მცირედით დამარცხდნენ ირლანდიის ძლიერ გუნდთან და ასეთ დონეზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს (ნამიბიის ნაკრებს 30:0 სძლიეს - რედ.)” - ამბობს ლეინი, - “მომავალ წელს, ახალ ზელანდიაში, გვსურს 2007 წლის მსოფლიო თასის მსგავსად, ყველაზე ცოტა, ერთი შეხვედრა მოვიგოთ და გვაქვს ოცნება, გამარჯვების მიღწევა სხვა მეორე მატჩშიც მოვახერხოთ. თუკი, ევროპის შესარჩევ ზონაში პირველ ადგილს შევინარჩუნებთ, მაგრამ მსოფლიო თასზე მეტოქეებად ინგლისის, არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებები გვეყოლებიან, პლიუს რეპეშაჟში გამარჯვებული გუნდი, ძალიან, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა ზემოთ ნახსენები სამეულიდან, ერთ-ერთი მეტოქის დამარცხება მოვახერხოთ. რაღა თქმა უნდა, ეს ოცნებაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია”, - დაამატა ტიმმა.
“ერთა თასის” ბოლო ორი გათამაშების მოგებამ, ასევე, ზედიზედ მესამედ მსოფლიო თასზე გასვლამ, ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა ძალზე პოპულარული გახადა.
“რაგბი საქართველოში ძალზე პოპულარულ სპორტის სახეობად იქცა. ვფიქრობ, ის, უკანასკნელი ხუთი წლს განმავლობაში, პოპულარობით ფეხბურთს წამოეწია. მიმდინარე წლიდან, რაგბს სკოლებში დანერგავენ, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზრდის მორაგბეთა რაოდენობას და ქვეყანაში მისი გეოგრაფიული არეალიც გაფართოვდება”, - აცხადებს ავსტრალიელი.
ამჟამად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ძირითადი ბირთვი, სათამაშო კლასს ფრანგულ კლუბებში იმაღლეს. სწორედ იქ გამობრძმედილმა სპორტსმენებმა მოახერხეს იმდენი, რომ ბორდოში, “შაბან დელმა”-ზე, ლამის მსოფლიო მასშტაბის სასწაული მოახდინეს.
“მოთამაშეები, როდესაც ამის საშუალება ეძლევათ, 2007 წელს ირლანდიასთან გამართული მატჩის ვიდეოჩანაწერს უყურებენ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ევროპის ექვს საუკეთესო გუნდთაგან ერთ-ერთი დაემარცხებინათ. ვატყობ, საქართველოს ნაკრების წევრებს დიდი მოლოდინი აქვთ, რომ მსგავსი შესაძლებლობა კიდევ გაუჩნდეთ და დიდი სარაგბო ქვეყნის წარმომადგენლის ძლევით, მსოფლიო რაგბში რევოლიციის მოხდენას გეგმავენ. ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ განვლილი სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად გავძლიერდით და ვიმედოვნებ, მსოფლიო თასამდე დარჩენილ დროსაც სათანადოდ გამოვიყენებთ. 2007 წელს, გუნდი დიდ ყურადღებას უთმობდა ბურთის ფეხით მეტოქის ზურგში გადაკიდებას, მანძილის მოგებას და აქცენტს, შერკინების ხაზის მოთამაშეთა ძალაზე აკეთებდა. ახლა, დიდი ყურადღება ეთმობა ბურთის ხელით გაშლას, უკანა ხაზის აქტიურ თამაშს. ეს, მორაგბებს სიამოვნებას ანიჭებს და მიმაჩნია, რომ ამ კუთხით, გარკვეული წარმატებებიც გვაქვს.
მართალია, საქართველოს ნაკრების მთავარ კოზირად კვლავ ფორვარდების ძლიერი თამაში და ძალისმიერი რაგბი რჩება, მაგრამ უკანა ხაზის ახალგაზრდა მორაგბეები განვითარდნენ და ნელ-ნელა, სასურველ შედეგს ვუახლოვდებით. იმედი მაქვს, დარჩენილ დროში კიდევ უფრო გავიზრდებით და ახალ ზელანდიაში ჩვენი თამაშის სტილით, დიდ გუნდებს გავაოცებთ”, - დასძინა ლეინმა.
მოულოდნელობის ფაქტორი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მწვრთნელს, გუნდის ძირითადი ბირთვის საფრანგეთში მოასპარეზე მორაგბეთა შეკრების შესაძლებლობა, წელიწადში მხოლოდ ხუთი-ექვსი შეხვედრისთვის ეძლევა და არჩევანის გაკეთება მოუწევს - დაასვენოს ისინი მსოფლიო თასის წინ და “ერთა თასის” დარჩენილ ორ შეხვედრაში ახალბედები გამოსცადოს, თუ მათ შეთამაშებაზე და ტაქტიკური სიახლეების დანერგვაზე იზრუნოს. თუკი, ლეინი ისევ მათ დაეყრდნობა, გუნდს ერთად ყოფნა და შეთამაშება, რა თქმა უნდა, დადებითად წაადგება. მეორე მხრივ, თუ ლეგიონერებს დასვენების საშუალება ექნებათ, მსოფლიო თასზე ქართველთა მეტოქე გუნდების მიერ ჩატარებული ანალიზის უდიდესი ნაწილი უსარგებლო გახდება და უფრო მეტიც, მათთვის დამაბნეველი აღმოჩნდება.
მარტში, საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრა ელის და ორივეში, “ერთა თასზე” მის უმთავრეს კონკურენტებთან მოუწევს პაექრობა. დარჩენილი დაპირისპირებებიდან, რუსეთთან მატჩს მეტი ფასი აქვს, რადგან, შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, ლეინის შეგირდებს მეტოქეობას ისინი უწევენ.
“რუსეთის ნაკრებთან მუდამ დიდი ბრძოლები გვაქვს. ამ დაპირისპირებების დროს, ყოველთვის ვგრძნობ, რომ გუნდები თავს არ ზოგავენ. მანამადე, რუმინეთთან მატჩი გველის და აქაც ბრძოლა გვექნება, რადგან რუმინელები რეპეშაჟიდან მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ და დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვება სჭირდებათ. ამრიგად, წინ ორი დიდი თამაში გველის”, - აცხადებს “ბორჯღალოსანთა” თავკაცი.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია