ამბები

10:12 | 5.03.2010 | ნანახია 3644 - ჯერ

ნიკოლაი ნერუში: “საქართველოს ნაკრები მძლავრი მანქანაა”

რუსეთის სარაგბო თემი ეიფორიაშია. პირველად, “დათვების” არსებობის ისტორიაში, რუსთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა, რის გამოც, ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა FIRA-AER-ის პრეზიდენტ ჟან-კლოდ ბაკესგან მილოცვის წერილი მიიღო, რუსების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა კი, ჟურნალისტებს გული გადაუშალა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრა. უკვე ტრადიციულად, ნერუშმა გვერდი ვერც საქართველოს ნაკრებს აუარა, ამდენად, მისი ნააზრევი ჩვენი გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.
- რუმინეთთან გადამწყვეტი მატჩის შემდეგ განაცხადეთ, რომ ზეიმის თავიც კი აღარ გქონდათ. ემოციების დაცხრობის შემდეგ, მოვლენის მნიშვნელობა სრულად გაითავისეთ?
- დიახ, ახლა ყველაფერი წესრიგშია. ასეთი წარმატებების შემდეგ, სიტუაციის გაანალიზება მოგვიანებით ხდება. უკვე მივხვდით, რომ ცხოვრება გრძელდება და შემდგომი შრომაა საჭირო. მილოცვები მივიღეთ, არადა, ბევრს ჩვენი წარმატების არ სჯეროდა. ყველაზე მეტად, ჩემმა მეუღლემ გაიხარა, რომელიც ყოველი თამაშისას ძალიან ნერვიულობს, ხშირად მე მიხდება მისი დამშვიდება და არა – პირიქით.
- როგორც გვითხრეს, რუმინეთთან მატჩის შემდეგ, თვალებზე ცრემლიც მოგდგომიათ...
- შესაძლოა, ჩვენ ხომ მთავარ მიზანს მივაღწიეთ. გუნდს კრიტიკა არასდროს აკლდა, ეს კი დამატებით მოტივაციას გვძენდა. უპირველესად, საკუთარ თავს დავუმტკიცეთ, რომ კარგი შედეგის ჩვენება შეგვეძლო. რაც შეეხება ცრემლებს, ალბათ, ვბერდები და უფრო სენტიმენტალური ვხდები.
- ბევრი მილოცვა მიიღეთ?
- გამოხმაურებები სხვადასხვაგვარი იყო, თუმცა, წარმატება რომ ყველას გაუხარდა, ფაქტია. ჩვენს გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი. ისტორიაში პირველად, მსოფლიოს თასზე გავედით, რაც, იმედია, რაგბის განვითარებას ხელს დიდად შეიწყობს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, სპორტის ამ სახეობაში სამომავლო წარმატებები გვექნება, თუ – არა. ფინალურ ეტაპზე გასვლა მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
- შესარჩევ ციკლში, ყველაზე რთული მატჩები რომელი იყო?
- იოლი არცერთი ყოფილა. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონია. ნაკრები ნოემბერში ჩავიბარე და ექსპერიმენტებისთვის დრო აღარ იყო. ესპანეთთან თამაში მაშინვე გვიწევდა, პორტუგალიას კი თებერვალში დავუპირისპირდით. მოგება გვჭირდებოდა, თორემ საქმეს ძალიან ვირთულებდით. რუმინეთთან გასვლითი გამარჯვებაც უმნიშვნელოვანესი იყო. საერთოდ, პირველი ეტაპი ძალიან ემოციურად წარვმართეთ, მეორეში კი, შემადგენლობა უფრო დაბალანსებული გახდა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიასთან და რუმინეთთან ისევ უცილობელი მოგება გვჭირდებოდა. ყველა მატჩმა დაძაბულად ჩაიარა და ნერვიულობა მუდმივად გვიწევდა.
- არასდროს გიფიქრიათ, რომ ამ საქმეს ტყუილად შეეჭიდეთ?
- ამაზე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ. როდესაც გუნდი ჩავიბარე, მისი პოტენციალი კარგად ვიცოდი. ღმერთის წყალობით, ყველაფერი საჩვენოდ აეწყო და თავიდანვე მნიშვნელოვანი გამარჯვებები ვიზეიმეთ. ძიების შემდეგ, ის 22 მორაგბე შევარჩიე, რომელთაც თებერვალში სამი უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა ჩაეტარებინათ. კიდევ კარგი, ბიჭებს ამ გამოცდისთვის ჯანი და მონდომება ეყოთ.
- ნერვიულობა მაინც არ დაგკლებიათ. 2009 წლის მაისში, გერმანიასთან გასვლითი მატჩის წინ, საავადმყოფოშიც მოხვდით...
- რას იზამ, როდესაც ასეთ საქმეს ჰკიდებ ხელს, მსგავს გართულებებსაც უნდა ელოდე. რთულ მდგომარეობაში ვიყავი, რეანიმაციაშიც კი გადამიყვანეს, თუმცა, სიტუაციიდან გამოძრომა მოვახერხე. ისეთი დიდი მიზნისთვის ვიბრძოდით, რომ გარისკვად ღირდა. მინდორზე გასული მოთამაშეები ხომ უფრო მეტ რისკზე მიდიან, როდესაც თამაშისას თავს არ ზოგავენ. მათ ნამდვილად ვერ დავაღალატებდი.
- მეორე წრის დასაწყისში, ნაკრებში ისეთ მორაგბეებს უხმეთ, რომელთაც პირველ ეტაპზე არ ენდობოდით. კრიტიკას ყური უგდეთ?
- მართალი გითხრათ, ეს ვინმეს კარნახით არ გამიკეთებია. საკუთარი თვალები მაქვს და ვინ როგორ ფორმაში გახლდათ, თავადაც კარგად ვხედავდი. მაშინ საკლუბო დონეზე ტემნოვი და კორობეინიკოვი გამოირჩეოდნენ, ამიტომ უფლება არ მქონდა, მათთვის ნაკრების კარი დამეკეტა. საერთოდ კი, რამდენი კაციცაა, იმდენი აზრია და ყველას რჩევებს ვერ გავითვალისწინებ. კრიტიკას ყურს ვუგდებ, მაგრამ საბოლოო ვერდიქტი, მხოლოდ მე გამომაქვს.
- უახლოეს მატჩებში, ვიკტორ მოტორინის გამოჩენას თუ უნდა ველოდეთ, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის მიწურულს ტრავმა მიიღო?
- არა, მის განაცხადში შეყვანას არ ვაპირებ. იგი მეორე წრისთვის არ მომზადებულა და გუნდის სტრუქტურას არ იცნობს. სადღეისოდ, მოტორინის პოზიციაზე სამი მოთამაშე მყავს – იანუშკინი, შაკიროვი და ტოლსტიხი. ეს უკანასკნელი, შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ამდენად, საუკეთესო წყვილად იანუშკინისა და შაკიროვის დუეტი ჩამოყალიბდა. გერმანიასთან სწორედ ისინი ითამაშებენ, მოტორინს კი შანსი აუცილებლად მიეცემა. მალე, რუსეთის ჩემპიონატი განახლდება და თუკი, მან დაგვარწმუნა, რომ ძველებურად გარჯა შეუძლია, მისი გამოცდილების მქონე მოთამაშის დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებთ.
სხვათა შორის, ევროპის ერთა თასის დარჩენილ ორ მატჩში ბევრი ისეთი მოთამაშე იასპარეზებს, რომელთაც აქამდე თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლეოდათ. თვალთახედვის არეში 28-30 მორაგბე კი მყავდა, მაგრამ გასაგებ მიზეზთა გამო, პრინციპულ შეხვედრებში, მაინც შეთამაშებულ შემადგენლობას ვენდობოდი. ახლა, რისკის გაწევის მეტის საშუალება გვაქვს და ბევრ ახალბედას გამოვცდით. მათი ძალიან მეიმედება და ვფიქრობ, ნაკრების თამაშის ხარისხი ამით სულაც არ დაზარალდება. მსოფლიოს თასამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შემადგენლობის შერჩევისას არ შევცდეთ.
- ახალ მორაგბეებს, ივნისში გასამართ “ჩერჩილის თასზე” თუ წაიყვანთ?
- ამ დროისთვის 35 მოთამაშეს ვაკვირდებით. თუკი, დარჩენილ დროში ვინმემ თავი მოგვაწონა, მასაც აუცილებლად გავსინჯავთ. ჯერჯერობით, რეალურ კანდიდატად მხოლოდ სერგეი პოპოვი მიმაჩნია.
- სამომავლო გეგმები უკვე დაწყობილი გაქვთ?
- გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს. ცხადია, ჩვენი მიზანი ისაა, რომ ნაკრები მუდმივ ტონუსსა და მზადყოფნაში იყოს. როგორც აღნიშნეთ, ივნისში “ჩერჩილის თასზე” ვითამაშებთ. შეკრება აგვისტოშიც გვინდა, ნოემბერში კი კიდევ ერთ ტურნირში ჩართვას ვეცდებით. იმედია, IRB-ის დახმარებით, რამე ვარიანტი გამოჩნდება და ძალებს ძლიერ გუნდებთან მოვსინჯავთ.
- იმ მეტოქეებზე თუ გიფიქრიათ, რომლებთან დაპირისპირებაც მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე მოგიწევთ?
- არა მგონია, ამ ეტაპისთვის ეს მნიშვნელოვანი იყოს. მსოფლიოს თასზე პირველად მოვხვდით, ამდენად, მთავარი მიზანი ყველა მატჩში მაქსიმალური თავდადებით თამაშია. ასარჩევად საქმე არც გვაქვს. აშშ იქნება, რუმინეთი, ურუგვაი თუ ავსტრალია – დიდი სხვაობა არაა. მეტოქეებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ საკუთარ თამაშზე.
- კარლო მაღლაკელიძის შესახებაც ვთქვათ, რომელზეც ინტერნეტ-ფორუმებზე აქტიური საუბარი მიდის. თითქოსდა, კარლოს საქართველოს ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები და მის გამო რუმინელებმა პროტესტი შეიტანეს...
- ეს გამოხმაურებები მეც წავიკითხე და ძალიან გამიკვირდა. თითქოს, ვიღაც მიყვიროდა “კოლია, მაღლაკელიძე არ შეიყვანო”, მე კი ვერ გავიგე და რისკზე წავედი. ჩემი აზრით, ვიღაც ბიჭბუჭების მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ტყუილებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. საქმეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ისეთი სულელები ვართ, ამ საკითხს სათანადოდ არ შევისწავლიდით?
მაღლაკელიძე და მინაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, მრავალი წელია აქ ცხოვრობენ და პასპორტებიც მიიღეს. საქართველოს რაგბის კავშირს სათანადო წერილით მივმართეთ, საიდანაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ მორაგბეებს საერთაშორისო დონეზე არცერთ ნაკრებში არ უთამაშიათ. კარლო რაგბით სულაც 19 წლის ასაკში დაკავდა. ასე რომ, ეს ჭორები თავიდან ბოლომდე გამოგონილია. მატჩის კომისართან ერთად თავად ვიმგზავრე და ვიცი, რომ რუმინელებს არანაირი პროტესტი არ შეუტანიათ.
ისე, კარლო მაღლაკელიძის გარჯა განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიო. მან მთელი ციკლი ჩინებულ დონეზე განვლო და ყველა მატჩში თავდადებით გაისარჯა. ახლა მის დასვენებას ვაპირებთ. თანაც, კარლომ მცირე ტრავმა მიიღო და გერმანიასთან მატჩში არ დავასაქმებთ. პერსპექტივაში, მისი სახით პირველ ხაზში დიდი ძალა შევიმატეთ.
- ახლა, როდესაც მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია, საქართველოს ნაკრებთან მატჩს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- ჩვენთვის ახალი ეტაპი დაიწყო – მსოფლიოს თასისთვის მზადება. ისეთ ძლიერ მეტოქესთან თამაში, როგორიც საქართველოა, თავის წარმოსაჩენად კარგი საშუალებაა. მაქსიმალურად კარგად მომზადებასა და ასპარეზობას ვეცდებით. ცხადია, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ბოლოსდაბოლოს, უნდა გავტეხოთ ნავსი, რომელიც ქართველებთან თამაშისას თან გვდევს.
- ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია?
- საქართველო უფრო გამოცდილი და დაბალანსებული გუნდია. ქართველებს საკმარისი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც სხვა დონეზე ასპარეზობენ. ჩვენ ხომ მუდმივად იმაზე ვსაუბრობთ, რომ ნაკრების პრობლემა კვალიფიციური მორაგბეების ნაკლებობაა.
იგივე რუმინელებს, მხოლოდ შერკინებაში 8 ისეთი მოთამაშე ჰყავდათ ჩამოყვანილი, რომლებიც საფრანგეთის თოპ-14-ისა და Pრო-2-ის კლუბებში ირიცხებიან. ყოველკვირეულად, მათ ურთულესი მატჩები უწევთ, რაც მორაგბეთა დონეზეც სათანადოდ აისახება. ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს.
გასაკვირი არაა, რომ ასეთი პოტენციალის მქონე საქართველოს ნაკრები, მძლავრი მანქანაა. ისინი მსოფლიოს თასზე უკვე ორჯერ იყვნენ გასულნი და დიდი გამოცდილება მიიღეს. ჩვენ კი, ყველაფერს ახლა ვიწყებთ.

მოამზადა დათო მანჯავიძემ

      
 

 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088114