ამბები

10:23 | 8.03.2010 | ნანახია 2492 - ჯერ

ზირაქაშვილმა ჩემპიონი წააქცია

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ის რეგულარული პირველობის XXI ტურის ცენტრალურ მატჩში, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” ქვეყნის ჩემპიონი “პერპინიანი” 22:17 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.
ამ მოგებით, ქართველი პირველხაზელის გუნდმა წინა ორ მატჩში მარცხისათვის, მათ შორის გასული პირველობის ფინალში წაგებისთვის, შური იძია და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ის, რომ “კლერმონი” საჩემპიონო ფლეი ოფში ითამაშებს, უდავოა, მაგრამ ახალი დებულების თანახმად, რეგულარულ პირველობაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, ფლეი ოფის პირველი ეტაპისგან თავისუფლდებიან, მესამეადგილოსანი მეექვსესთან, მეოთხე კი მეხუთესთან გაარკვევს ურთიერთობას და ზემოთნახსენები 2 საუკეთესო გუნდი მომავალ მეტოქეებს დასვენებული დახვდება.
ზირაქაშვილი გუნდის განაცხადში იყო და თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო, მაშინ, როდესაც მისი გუნდი 6:14 მარცხდებოდა და “კლერმონმა” შეხვედრის ბედის შემოტრიალება სწორედ ამის შემდეგ მოახერხა. თამაშში, რომელსაც 16 ათასი მაყურებელი დაესწრო, სტუმრებმა ანგარიში მე-5 წუთზე ნიკოლას ლარაგუეს არეკნით გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა ერთ წუთში, ჯეიმს ბროკის ჯარიმით აღადგინეს, მე-13 წუთზე კი, ენტონი ფლოკმა არეკნით “კლერმონი” დააწინაურა. ზედ შესვენების წინ, ლარაგუემ არეკნით ანგარიში გაათანაბრა და ტაიმი 6:6 დასრულდა, მანამდე კი, მე-18 წუთზე, მორაგბეებმა ემოციები ვერ მოთოკეს და რეფერიმ მოთამაშეთა დაშოშმინება გუნდიდან თითო-თითო მორაგბის გასინბინებით მოახერხა.
მე-2 ნახევარი მასპინძელთათვის საშინლად დაიწყო. “პერპინიანი” პირველსავე წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, მე-3 წუთზე კი ლელოც გაიტანა და რადგან გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, ანგარიში 14:6 გახდა. “კლერმონი” ამან მხოლოდ გაახელა, მწვრთნელმა ერთბაშად 3 მოთამაშე შეცვალა და 48-ე და 50-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით, ბროკმა ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა. ერთ წუთში სტუმრებმა მასპინძელთა მიძალება ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, რითაც “კლერმონმა” ისარგებლა და ენტონი ფლოკმა ლელო გაიტანა, ბრუკმა კი რეალიზაცია გამოიყენა. 69-ე წუთზე ბრუკმა არეკნით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ ერთ წუთში, სინბინის გამო, უკვე მასპინძლები დარჩნენ 10 წუთით კაცნაკლულები, დევიდ მელემ კი, ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად, “კლერმონს” 65 ქულა დაუგროვდა, მე-2 საფეხურზე დამკვიდრდა და “პერპინიანს” 3 ქულით უსწრებს, ლიდერს კი ორით ჩამორჩება.
ლიდერი, კვლავინდებურად, აქ¬ვსენტი გიორგაძის “კასტრია”, რომელმაც დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი” 35:10 დაამარცხა. გიორგაძე ტრავმირებულია, განაცხადში არ იყო და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია, ხინჩაგიშვილი კი მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა და 52 წუთი ითამაშა. “კასტრმა” 3 ჯარიმის შემდეგ, ორ-ორი ლელო და გარდასახვა გაიტანა, რაზეც სტუმრებმა ერთი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს და ტაიმი 23:7 დასრულდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, “ბრივმა” ჯარიმით სხვაობა ოდნავ შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში 2 ლელო გაუშვა, რომელთაგან ერთი რეალიზაცია მასპინძლებმა ზუსტად გამოიყენეს და გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიითვალეს. “კასტრი” 67 ქულით ლიდერობს, “ბრივი” კი 47 ქულით მე-9 ადგილზეა და ფლეი ოფში გასვლის, ანუ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
ბოლო 2 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, მამუკა გორგოძემ, 40-დღიანი დისკვალიფიკაციის ვადა მოიხადა და მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ მხოლოდ 33 წუთით. ის ძირითად შემადგენლობაში იყო, შერკინების მეორე ხაზში ითამაშა, თუმცა, ტრავმა მიიღო და გიორგი ჩხაიძემ შეცვალა, ვინაც მატჩი ბოლომდე ჩაამ¬თავრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდმა - “მონპელიემ”, მძიმე ბრძოლაში, “მეტრო რასინგი” 22:19 დასცა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა. ჯონ უილკინსონის არეკნსა და ფრანსუა შტეინის ორ ჯარიმას, მასპინძლებმა შესვენებამდე მხოლოდ 2 ჯარიმით უპასუხეს. წონასწორობა მე-60 წუთზე აღდგა, როდესაც ტოდესკინიმ მე-3 ჯარიმა გაიტანა. ერთ წუთში, სტუმრები შტეინმა უკვე არეკნით დააწინაურა, მაგრამ 63-ე წუთზე, “მონპელიემ” ჯარიმით ანგარიში კვლავ გაათანაბრა - 12:12. 69-ე წუთზე, სტუმრებმა ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც ზუსტად შეასრულეს, მაგრამ სამ წუთში მასპინძლებმაც ლელო-გარდასახვით უპასუხეს, უკანასკნელ წამებზე კი, ტოდესკინიმ ჯარიმით მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. “მონპელიემ” 42 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი უკავია და გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს.
გასავარდნ ზონაში, ანუ მე-13 საფეხურზე, გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანი” დაეშვა, რომელიც სტუმრად უშუალო კონკურენტ “ბურგონთან” 14:22 დამარცხდა და პრემიალური ქულაც ვერ აიღო. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო, შველიძე კი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ მის გუნდს საქმე ცუდად სწორედ მას შემდეგ წაუვიდა. პირველ ტაიმში სტუმრებმა 3 ჯარიმა გაიტანეს, მასპინძლებმა კი, ორ ჯარიმას ლელო და გარდასახვა შემატეს (13:9), ხოლო თამაშის განახლებიდან სამ წუთში “მონტობანმა” ლელო გაიტანა და 14:13 დაწინაურდა. დასკვნით 17 წუთში “ბურგონმა” 2 ჯარიმას ერთი არეკნი შემატა და გამარჯვება გაიფორმა, შველიძე კი, 74-ე წუთზე, მეტოქის 9 ნომერს წაეკიდა და რეფერიმ ორივე გაასინბინა. ახლა “მონტობანს” 37 ქულა აქვს და “ბაიონს” ორით ჩამორჩება, “ბურგონს” კი - სამით.
დაძაბულ ბრძლაში იმარჯვა და საფლეიოფო ექვსეულში ადგილი გაიმყარა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, რომელმაც დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 21:20. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს, საფრანგეთის პასპორტის მქონე იაშვილმა კი, სრულად ითამაშა და სტუმრებს 20-დან 15 ქულა შესძინა. მან ლელო და ორ-ორი ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა. 58-ე წუთისთვის, სტუმრები 20:8-ს იგებდნენ, მაგრამ ზეწოლას ვეღარ გაუძლეს, ჯერ 2 ჯარიმა გაუშვეს, 76-ე წუთზე კი მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. “ტულონს” 59 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი უკავია, “მეტრო რასინგს” ოთხით, “სტად ფრანსეს” კი მთელი 10 ქულით უსწრებს და თუ სასწაული არ მოხდა, საჩემპიონო ფლეი ოფში უთუოდ იქნება.
XXI ტურის დანარჩენ შეხვედრებში, “ბაიონმა” აუტსაიდერი “ალბი” 46:13 დასცა, “ტულუზამ” კი “სტად ფრანსე” სტუმრად 29:0 გაანადგურა. მომდევნო ტურის მატჩები 12-13 მარტს გაიმართება და ცენტრალურ შეხვედრაში “ტულონი” “კასტრს” უმასპინძლებს.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080271