სანამ ინგლისის ეროვნული ნაკრები ექვსი ერის ტიტულისკენ გზას იკვლევდა, ქვეყნის შიდა პირველობაზე, „ავივა პრემიერშიპში“ მე-16 ტურის თამაშები გაიმართა.
„ჰარლექუინსმა“, რომელსაც პრემიერშიპის ბოლო ექვსი თამაშიდან ხუთი წაგებული ჰქონდა, მათ შორის ბოლო ორი, ძალების მობილიზება მოახერხა და საკუთარ მოედანზე „ბათს“ 35:28 სძლია. ინგლისის ჩემპიონატის გასული გათამაშების ჩემპიონი მასპინძლებს 35 წუთის მანძილზე ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა და მხოლოდ 5 ქულას აგებდა [6:11], მაგრამ კის კუკის სინბინის შემდეგ, სტუმართა დაცვა მოიშალა, 10 წუთში - ტაიმის დასკვნით და მორეს საწყის 5-5 წუთში 3 უპასუხო ლელო გაუშვა და 6:35 ჩამორჩა. ბოლოსკენ სტუმრებმა გაიბრძოლეს და 7 წუთიან ინტერვალში სამი ლელო გაქვითეს, სულ ბოლოს ჯარიმით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს და პრემიალური ქულა აიღეს.
ტურის ცენტრალურ მატჩში „უოსპსმა“ „ლესტერ თაიგერსს“ 36:24 მოუგო და სატურნირო ცხრილში გადაასწრო. მასპინძლებმა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარეს და შესვენებამდე სამი, ხოლო მის შემდეგ კიდევ ორი ლელო დადეს. დაცვისგან შეტევაში ცუდად არ უთამაშიათ სტუმრებს, მაგრამ მათი გარჯა ამაო გამოდგა - სამმა ლელომ და 12 ქულის სხვაობით მარცხმა, მათ პრემიალური ქულაც ვერ შემატა. ლელოები ერთმანეთზე უკეთესი სანახავი გამოდგა, ტონგელმა პიუტაუმ სტუმრები ორჯერ დაალელოვა და განსაკუთრებით ძლიერად პირველი ლელოს დროს ითამაშა.
„სეილ შარქსი“ „ნორთჰემპტონს 35-ე წუთისთვის 11:0 ამარცხებდა, მაგრამ მერე ბრინ ევანსი სინბინით დაისაჯა და მასპინძლებმაც მეტობა ორ ლელოდ აქციეს. მანამდე ანგარიში ლელოთი სწორედ ევანსმა გახსნა და სიპრიანიმ და ერსკოტმა სტუმრებს ჯარიმებით კიდევ 6 ქულა შემატეს. შესვენებამდე მასპინძლებმა ძალისმიერი ლელო გაიტანეს და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს, ხოლო თამაში რომ განახლდა მიანს კენ პისიმ უწია, 48-ე წუთზე კი, კონტრშეტევა ლელოთი ტომ კოლინსმა დაასრულა - 21:11. საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ჯეიჯეი ჰანრაჰანმა ხაზი გაჭრა და საბოლოო შედეგის დაფიქსირებასთან ერთად, „ნორთჰემპტონს“ პრემიალური ქულაც მოუტანა.
ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერმა“ ბოლო ოთხი თამაშიდან მესამე მოიგო და ცხრილის ქვედა ნაწილიდან სამშვიდობოს გავიდა. გასულ ტურში უშუალო კონკურენტის ძლევამ, როგორც ჩანს მათ თავდაჯერებულობა შემატა და ამჯერად „გლოსტერს“ 28:20 აჯობეს. სტუმრებმა პირველ ტაიმში ორჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მერე ბრაის ჰიმმა დუბლი შეასრულა - 15:10. 52-ე წუთზე „ვუსტერმა“ ძალისმიერი ლელო შეიტანა, დამრტყმელებმა ჯარიმები გაცვალეს, 65-ე წუთზე კი, ჯეიმს ჰუკმა, რომელიც ფაქტობრივად მარტო იბრძოდა, ინდივიდუალური ლელო დადო და თავადვე გარდასახა. ჩამორჩენა 5 ქულამდე რომ დავიდა [25:20] მასპინძლებმა 5 წუთში ჯარიმა დაჰკრეს და ამის შემდეგ ტაბლოზე აღარაფერი შეცვლილა. ბრეგვაძე ამ დროს სოჭში ქვეყნის ღირსებას იცავდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა რაფავა-რუსკინმა.
მისი კონკურენტი „ნიუკასლი“ საათზე მეტხანს ერთ-ერთ ლიდერ „ექსეტერს“ მისსავე მოედანზე მედგრად ებრძოდა და ანგარიშიც 17:17 იყო, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერის, უილ უელშის 10-წუთიანმა გაძევებამ გატეხა. მასპინძლები 69-ე წუთზე ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე კიდევ ორი ლელო გაიტანეს და სხვაობაც სოლიდური დაფიქსირდა.
აუტსაიდერისა და ლიდერის შეხვედრა სხვა რამით იყო გამორჩეული. პირველად ინგლისის პრემიერშიპის ისტორიაში, თამაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის „რედ ბულ არენაზე“ გაიმართა. ტრიბუნებზე 15 ათასი მაყურებელი შეიკრიბა და პირველ ტაიმში „ლონდონ აირიში“ სულაც არ გავდა აუტსაიდერს. მათ ტაიმი 13:7 მოიგეს, ხოლო 68-ე წუთისთვის ტაბლოზე 16:16 ენთო. მხოლოდ ამის შემდეგ, ჯერ ალექს გუდის ჯარიმით მოიპოვა ლიდერობა „სარასენსმა“, ხოლო 78-ე წუთზე ნიკ ტომპკინსმა ლელო დადო და გუსმაც გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 26:16 „სარასენსის“ სასარგებლოდ.
ავივა პრემიერშიპი. XVI ტური
ჰარლექუინსი - ბათი 35:28
უოსპსი - ლესტერ თაიგერსი 36:24
ნორთჰემპტონი - სეილ შარქსი 26:11
ვუსტერი - გლოსტერი 28:20
ექსეტერი - ნიუკასლი 32:17
ლონდონ აირიში - სარასენსი 16:26
Form |
| |||||||
1. | სარასენსი | 16 | 12 | 1 | 3 | 413:282 | 57 |
|
2. | ექსეტერი | 16 | 11 | 0 | 5 | 402:258 | 55 |
|
3. | უოსპსი | 16 | 10 | 0 | 6 | 402:288 | 48 |
|
4. | ნორთჰემპტონი | 16 | 9 | 0 | 7 | 341:257 | 46 |
|
5. | ლესტერ თაიგერსი | 16 | 10 | 0 | 6 | 345:326 | 45 |
|
6. | ჰარლექუინსი | 16 | 8 | 1 | 7 | 395:399 | 43 |
|
7. | გლოსტერი | 16 | 8 | 1 | 7 | 321:300 | 38 |
|
8. | სეილ შარქსი | 15 | 7 | 2 | 6 | 300:309 | 38 |
|
9. | ბათი | 15 | 5 | 0 | 10 | 286:302 | 29 |
|
10. | ვუსტერი | 16 | 5 | 0 | 11 | 304:398 | 26 |
|
11. | ნიუკასლი | 16 | 4 | 1 | 11 | 251:405 | 21 |
|
12. | ლონდონ აირიში | 16 | 3 | 0 | 13 | 241:477 | 13 |
XVII ტური. 18, 19, 20 მარტი
ბათი - ნიუკასლი, ჰარლექუინსი - ვუსტერი, ექსეტერი - ნორთჰემპტონი, უოსპსი - სეილი, ლონდონ აირიში - გლოსტერი, ლესტერი - სარასენსი
ჰარლექუინსი - ბათი 35:28
უოსპსი - ლესტერ თაიგერსი 36:24
ნორთჰემპტონი - სეილ შარქსი 26:11
ვუსტერი - გლოსტერი 28:20
ექსეტერი - ნიუკასლი 32:17
ლონდონ აირიში - სარასენსი 16:26
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია