ამბები

10:17 | 11.03.2010 | ნანახია 3588 - ჯერ

რუმინული ყინვა “ბორჯღალოსნებს” მოედანზე არ უშვებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრისთვის მომავალი ჯახის ადგილას, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიკრიბა, პრობლემებს კვლავ ყინვა და უამინდობა უქმნის.
მიმდინარე ციკლში რატომღაც ისე აეწყო, რომ სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა შეკრება დაგეგმა, იქვე უამინდობა გაჩნდა და თითქმის ყველა შეკრებამ ჩაშლის ზღვარზე ჩაიარა. ასე იყო თბილისში გერმანელებთან მატჩის წინ და თამაში ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, ერთი კვირის თავზე, კანში შეკრებილმა გუნდმა ხეირიანი ვარჯიში ვერ გამართა და ლისაბონში, დიდი ჯახირის შემდეგ, სამ ნაწილად ჩავიდა, ახლა კი ამ ყველაფერს ბუქარესტის უამინდობა დაერთო. ლეინმა 24 მორაგბე კი შეკრიბა, მაგრამ მოედანზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და გუნდი დარბაზში ემზადება, სადაც, ბუნებრივია, სრული დატვირთვით ვარჯიში და ნორმალური მზადება შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, როგორც “ბორჯღალოსანთა” მენეჯერმა ვასილ აბაშიძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას განაცხადა, გუნდი დასკვნით სამ ვარჯიშზე მოყინულ მოედანს მაინც მოსინჯავს და კომბინაციების დახვეწას ეცდება.
“ბუქარესტში საშინელი ამინდებია და მოედანზე მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოხერხდა. ტემპერატურა ნულს დაბლაა, ქარბუქია, მოედანი მოყინულია და ასეთ პირობებში მომზადება ძალზე რთულია. ადგილობრივმა ფედერაციამ სავარჯიშოდ ორი მოედანი გამოგვიყო, მაგრამ აქამდე მაინც დარბაზში ვვარჯიშობდით, დღეს საღამოს, ხვალ დილით და უშუალოდ მატჩისწინა დღეს კი მოედანზე მაინც გავალთ” - თქვა აბაშიძემ.
ტრავმებისა თუ სხვა მიზეზთა გამო, გუნდის გაფართოებულ 24 კაციან სიაში, წინა შეხვედრებთან შედარებით, გარკვეული ცვლილებები მოხდა. აქვსენტი გიორგაძის ამბავი ყველასათვის ცნობილია - მან თოპ 14-ის შეხვედრაში ტვინის შერყევა და ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, ოპერაცია გაუკეთდა და სამი თვით, არამარტო თამაში, ფეხის მიწაზე დადგმაც აეკრძალა. ამის გამო “გლობუსას” ესპანეთის წინააღმდეგაც არ უთამაშია. დისკვალიფიკაციის ვადა მოიხადა და რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა 2008 და 2009 წლების საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძეს, მაგრამ გასულ უქმეებზე, საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში მან კოჭი დაიზიანა და “ბორჯღალოსნებს” ზემოთნახსენებ ორ მატჩშიც ვერ დაეხმარება.
რუმინელთა წინააღმდეგ არ ითამაშებს ეროვნული ნაკრებისა და “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი, რომელიც კლუბმა არ გაუშვა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ის განაცხადში აუცილებლად იქნება, ხოლო “ტულონის” პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი მწვრთნელებმა დაასვენეს. გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა “ყოჩების” პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძეც. სამაგიეროდ, ამჯერად გუნდთან ერთად არიან პირველხაზელები დავით ხინჩაგიშვილი, რომელიც მწვრთნელებმა ესპანეთთან მატჩის წინ დაასვენეს და იური ნატრიაშვილი, ვინაც გერმანიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ლეინმა კვლავ უხმო მესამეხაზელ დიმიტრი ბასილაიას. თითქოს ბუქარესტში ჩასვლას ვერ ახერხებდა შერკინების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, მაგრამ ის შეკრებაზე მაინც გამოცხადდა.
“გორგოძეს ტრავმა აქვს და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტო რუმინეთის წინააღმდეგ კი არა, რუსეთთან მატჩშიც ვერ დაგვეხმარება. შერკინების ხაზში ცვლილებები კია, მაგრამ ამ რგოლში, განსაკუთრებით მის პირველ ხაზში პრობლემა ნამდვილად არ გვექნება. ზირაქაშვილი რუმინეთთან ვერა, მაგრამ რუსეთთან ნამდვილად დაგვეხმარება, ქუბრიაშვილი მწვრთნელმა დაასვენა, სამაგიეროდ, დაბრუნდა ნატრიაშვილი და ლეინმა უხმო ახალგაზრდა მორაგბე ანტონ ფეიქრიშვილს, რომელიც “აჟენში” თამაშობს. საქართველოს ნაკრების პირველხაზელთა უმრავლესობა სწორედ ფრანგულ კლუბებში გამოდიან, დიდი გამოცდილება აქვთ და არა მგონია ამ კომპონენტში პრობლემა შეგვექმნეს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ფეიქრიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მწვრთნელებს მისი საქმეში ხილვა სურთ” - განგვიმარტა საკადრო ცვლილებები ნაკრების მენეჯერმა.
აბაშიძეს რუმინელთა განწყობაზეც დავეკითხეთ. მათ თურმე იმის იმედი ჰქონიათ, რომ უკვე მსოფლიო თასზე გასული საქართველოს ნაკრები ბუქარესტში არ იბრძოლებს და გამარჯვების ეიმედებათ, მაგრამ ქართველთა ბანაკში სულ სხვა განწყობაა.
“პირადი საუბრებიდან გამომდინარე, რუმინელები იმედოვნებენ, რომ რადგან ჩვენ მსოფლიო თასის საგზური გარანტირებული გვაქვს, ძალებს დავზოგავთ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს თამაში არაფერს წყვეტს და სრული ძალით არ ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ პირველი ადგილის დაკავება და “ერთა თასის” მოგება გვინდა, მოტივაცია არ გვაკლია და აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ბუქარესტში გამარჯვება ბიჭებს სარუსეთოდ კარგ განწყობას შეუქმნის. პრინციპში, რუმინელებს რეპეშაჟის საგზურისთვის გადამწყვეტი თამაში ყველა ვარიანტში ერთი კვირის შემდეგ, ლისაბონში პორტუგალიასთან მატჩში ელით და სავარაუდოდ, სრულად დახარჯვას თავად არ აპირებენ” - განაცხადა აბაშიძემ.
რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 13 მარტს თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გეგმავს.

ლეინის გაფართოებულ შემდგენლობაში შემდეგი 24 მორაგბეა:
შერკინება
პირველი ხაზი:
ანტონ ფეიქრიშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი, 3 თამაში, 0 ქულა), იური ნატრიაშვილი (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 23 თ., 5 ქ.), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 28 თ., 15 ქ.), გოდერძი შველიძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 53 თამაში, 35 ქულა), დავით დადუნაშვილი (“პერიგო”, საფრანგეთი, 26 თ., 15 ქ.);
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 33 თ., 10 ქ.), ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი, 58 თ., 75 ქ.), გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 14 თ., 20 ქ.);
მესამე ხაზი: დიმიტრი ბასილაია (“ლე ბუგი”, საფრანგეთი, 13 თ.), გრიგოლ ლაბაძე (“მერსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 59 თ., 55 ქ.), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 39 თ., 20 ქ.), ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 37 თ., 50 ქ.), ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 4 თ., 5 ქ.);
ნახევარდაცვა და უკანა ხაზი
9-10: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 63 თ., 30 ქ.), ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 45 თ., 20 ქ.), ლაშა მალაღურაძე («ბეზიე», საფრანგეთი, 23 თ., 70 ქ.) ;
12-13: თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 45 თ., 65 ქ.), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 34 თ., 35 ქ.), ირაკლი გიორგაძე («დაქსი», საფრანგეთი, 36 თ., 16 ქ.) ;
11-14: ირაკლი მაჩხანელი («სენტ ეტიენი», საფრანგეთი, 39 თ., 80 ქ.), მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 60 თ., 284 ქ.), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 15 თ., 20 ქ.), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 16 თ., 5 ქ.) ;
15: მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 41 თ., 185 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე

13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი

2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა

1 საქართველო 8 7 1 0 +178 23
2 რუსეთი 8 6 1 1 +107 21
3 პორტუგალია 8 4 1 3 +99 17
4 რუმინეთი 7 3 1 3 +78 14
5 ესპანეთი 7 1 0 6 -100 9
6 გერმანია 8 0 0 8 -362 8

შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1


ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092476