ამბები

11:04 | 11.03.2010 | ნანახია 2614 - ჯერ

სოკოლს ჩხუბი არ უნდა და გამარჯვების ეიმედება

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი სორინ სოკოლი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი საქართველოს ნაკრების დამარცხებას შეძლებს და “მუხის ფოთლები” მსოფლიო თასის რეპეშაჟში მოხვედრის შანსებს გაიზრდიან.
გარდა ამისა, რუმინელთა მეორეხაზელი რუმინეთის ჩემპიონატში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ფიქრობს, რომ ის ფაქტი მატჩის მსვლელობაზე არ აისახება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, რუმინეთის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში, სადაც რუმინეთის ნაკრების საბაზო გუნდი ბუქარესტის “დინამო” ქართველი ლეგიონერებით დახუნძლულ კონსტანცას “ფარულს” მასპინძლობდა, სრულიად უწყინარ სიტუაციაში მასპინძლებმა ჩხუბი ატეხეს. შედეგად, საქართველოს ნაკრების პირველხაზელმა იური ნატრიაშვილმა ხელის თითი მოიტეხა და თვალი დაიზიანა, მეორეხაზელ კახა უჩავას ყბის მოტეხილობა დაუდგინდა, ბიძინა სამხარაძე და ლაშა თავართქილაძე კი შედარებით იოლად გადარჩნენ.
“სხვა გზა არ გვაქვს და ამ მატჩში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. რუსეთთან ლამის წაგებული შეხვედრის შემოტრიალება მოვახერხეთ, ფრე ვითამაშეთ და ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ქართველებთან გამარჯვებას მოვახერხებთ. ვერ ვიტყვი, რომ რუსეთთან ნათამაშები ფრით უკმაყოფილონი დავრჩით, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მათ წინააღმდეგ ასე კარგად არ გვითამაშია. რთული შეხვედრა გველის საქართველოს ნაკრებთანაც, რადგანაც მოწინააღმდეგე ძალიან გამოცდილია და მოცემული მომენტისთვის “ერთა თასზე” მართლაც რომ საუკეთესოა. მათ მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდეს, დასაკარგი არაფერი აქვთ და ჩვენს წინააღმდეგ ლაღად, ღირსებისთვის ითამაშებენ.
ვიმედოვნებ, შთამბეჭდავი თამაში იქნება და ყველას დავიწყებული აქვს ის ინციდენტი, რომელიც რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში მოხდა ქართველ და რუმინელ მორაგბეებს შორის. მე კარგად ვიცნობ ქართველებს და მათ ვუთხარი, რომ წინასწარ დაგეგმილი არაფერი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოწინააღმდეგეები ვართ, ერთურთის პატივისცემა არ უნდა დავივიწყოთ და მოედანი რინგად არ უნდა ვაქციოთ. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ხომ ერთად განვითარდნენ და ერთად მიაღწიეს იმ წარმატებას, რომლითაც გულშემატკივრები ბოლო წლებში ტკბებიან. მნიშვნელოვანია, კონცენტრაცია შედეგზე მოვახდინოთ არა იმაზე, რომ რომელიმე მორაგბეს მოედანი საკაცით დაატოვებინონ. მე თანაგუნდელები მაშინვე გავაფრთხილე, რომ მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს რაგბია, ზოგიერთი მორაგბე მოედანზე სხვაზე მეტად მოტივირებული გადის, ნერვებს ვერ თოკავს და ასეთი რამ მხოლოდ ამის გამო ხდება” - სიტუაციის განმუხტვა სცადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სოკოლმა.
თავის ვიზავის დაეთანხმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუმინული “ფარულის” მესამეხაზელი ლაშა თავართქილაძეც, რომელიც იმ შეხვედრაში უშუალოდ მონაწილეობდა. ქართველმა მორაგბემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ მატჩში Fair Play-ს პრინციპები არ დაირღვევა.
“რუმინელთათვის ამ მატჩს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენთვის, რადგანაც ესპანელთა ძლევით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდა. მართალია, რუმინელებს გადამწყვეტი შეხვედრა ერთი კვირის თავზე პორტუგალიასთან ელით, მაგრამ დაკარგული ქულები მათ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. საქართველოს ნაკრები გაშლილ რაგბს ითამაშებს, რადგანაც ბოლო წლებია სულ იმაზე მიდის მუშაობა, რომ მაყურებელს შთამბეჭდავი თამაში ვაჩვენოთ და ახლა პრაქტიკის გასავლელად კარგი შესაძლებლობა გვექნება. ვიმედოვნებ, სუფთა და სამართლიანი თამაში იქნება და რუმინეთის ჩემპიონატში მომხდარი ინციდენტი ამ თამაშზე არ აისახება” - განაცხადა თავართქილაძემ.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088414