ამბები

18:50 | 11.03.2010 | ნანახია 3052 - ჯერ

მესაზღვრეები გულშემატკივართა ნაკადის მოლოდინში არიან

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის 20 მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გასამართი მატჩისადმი რომ უზარმაზარი ინტერესია, არახალია. “ბორჯღალოსნების” და “დათვების” ჯახი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ ახლა ამას სხვა ინტერესიც დაერთო - გამარჯვებული გუნდი “ერთა თასზე” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე პირველ ადგილს დაიკავებს.
ცნობილი მიზეზების გამო, გასულ წელს, ევროპის რაგბის საბჭოს (FIRA) გადაწყვეტილებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გვიმასპინძლა, ახლა კი ქართველებსაც ნეიტრალურ მოედანზე, კერძოდ კი, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში უწევთ მეტოქის დახვედრა და შესაბამისად, სამზადისიც განსხვავებულია. 6 ათასიანი სტადიონი, აბა, ყველა მსურველს როგორ დაიტევდა და ბილეთები ქართველმა გულშემატკივარმა გაყიდვაში გასვლიდან სამ დღეში დაიტაცა, რაც იმის გარანტიაა, რომ ტრიბუნაზე დაახლოებით 5 500 ქართველი ქომაგი იქნება და საყვარელ გუნდს, რომელსაც მისთვის იმედი არასდროს გაუმტყუნებია, გულმხურვალედ უგულშემატკივრებს.
მაგრამ ამ ყველაფერს პრობლემებიც ახლავს. ერთ დღეში ასეთი რაოდენობის ადამიანთა ნაკადის საზღვარზე გადინება, შესაძლოა, სირთულეებთან იყოს დაკავშირებული და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავკაცობა, საპატრულო პოლიცია და მესაზღვრეები, ქომაგებს ურჩევენ, თადარიგი დაიჭირონ და თამაშის ჩატარების ადგილზე დროულად გამოცხადდნენ.
სწორედ ამ თემას მიეძღვნა სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში გამართული პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გეგეჭკორი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური და ქომაგთა კლუბის პრეზიდენტი ნიკა რამიშვილი დაესწრნენ.
გია ნიჟარაძე: “ბილეთები სამ დღეში გაიყიდა და გვაქვს ეჭვი, რომ 20 მარტს საქართველო-თურქეთის საზღვარს დიდი რაოდენობით გულშემატკივარი მიაწყდება, ამან კი, შესაძლოა, პრობლემები შექმნას. გუშინ შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერმინისტრთან, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩართულია ამ საქმეში და ვცდილობთ, საზღვრის გადალახვა მაქსიმალურად გაადვილდეს. მივმართავ გულშემატკივრებს, რომ ვისაც ამის საშუალება აქვს, საზღვარი მატჩის წინა დღეს, 19 მარტს გადაკვეთოს, რადგან ეს პროცესი დროში არ გაიწელოს და სტადიონზე მისვლა ყველამ დროულად მოახერხოს”.
გიორგი გეგეჭკორი: “მჭიდრო კავშირი გვაქვს ჩვენს თურქ კოლეგებთან და 19 მარტიდან 21 მარტამდე, ორივე მხარის სასაზღვრო პუნქტი გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს. გაიხსნება დამატებითი გასასვლელი პუნქტები. მძღოლებს ვურჩევ, თან იქონიონ ყველა საჭირო საბუთი და არ დაივიწყონ ავტომობილის ტექპასპორტი. იმ ავტომობილების მფლობელებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალება საკუთარ სახელზე არ აქვთ გაფორმებული, უნდა ჰქონდეთ თურქულ ენაზე შედგენილი მინდობილობა, რომელიც თურქეთის საკონსულსოგან იქნება დამოწმებული. ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად ადრე გადაკვეთოს საზღვარი, რათა შემდგომში პრობლემები არ შეექმნეთ, თორემ ჩვენ პასუხისმგებლები არაფერზე ვიქნებით”.
ნიჟარაძემ კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის პრობლემები, რომლებიც გულშემატკივრებს შესაძლოა საზღვრის გადაკვეთისას, ან უშუალოდ ტრაბზონში შექმნეთ.
“დიდი დრო მიაქვს თურქული დაზღვევის შეძენას, რომლის გარეშეც ავტომობილით ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელია. თურქულ მხარესთან შევთანხმდით, რომ თამაშამდე 3-4 დღით ადრე, მათი თანამშრომლები “აჭარატურის” ოფისში განთავსდებიან და დაზღვევის წინსაწარ შეძენა შესაძლებელი გახდება. მართალია, პირველი მარტიდან დაზღვევის ფასი გაიზარდა, მაგრამ ჩვენი თხოვნით ის კვლავ წინანდელ ფასში, დაახლოებით 20 დოლარად გაიყიდება. კერძო ავტომობილის მფლობელებს ვურჩევდი, რომ წინა დღეს ბათუმში ჩავიდნენ, იქიდან კი ტრაბზონში ავტობუსით გაემგზავრონ. სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით, ორივე მიმართულებით მგზავრობა 50 ლარი დაჯდება. ისინი პრობლემებს აიცილებენ და გულშემატკივართა სტადიონზე მიყვანაც უფრო ორგანიზებულად მოხდება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წამსვლელებმა საჭირო თანხა თურქულ ლირაზე საქართველოშივე გადაახურდაონ, თორემ ამის ტრაბზონში გაკეთება რთული იქნება.  სირთულეებთან იქნება დაკავშირებული ნასვამ მდგომარეობაში საზღვრის გადაკვეთაც და სტადიონზე შესვლაც. სტადიონზე მხოლოდ პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანაა დაშვებული, ადგილზე არაფერი არ იყიდება და მაყურებელმა თადარიგი უნდა დაიჭიროს. აუცილებელია, სტადიონზე მოხვედრის მსურველებმა საზღვარი დილის 11-საათისთვის მაინც გადაკვეთონ. ავტობუსს საზღვრიდან სტადიონამდე მისასვლელად დაახლოებით სამი საათი უნდა, მსუბუქ ავტომობილს კი ნახევარი საათით ნაკლები. მძღოლები ნუ დაარღვევენ სიჩქარის ლიმიტს. 100 კილომეტრ საათზე მეტი სიჩქარისთვის იქ დიდი ჯარიმებია. პირადად მე ორჯერ გადავიხადე 50 ევრო ჯარიმა” - ახსნა არსებული სიტუაცია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.
ამით პრესკონფერენციის ის ნაწილი, რომელიც საზღვრის გადაკვეთას უკავშირდებოდა დასრულდა და ნიჟარაძემ და რამიშვილმა გულშემატკივართა სტადიონზე ქცევის წესებზე და რაგბის ქომაგობის თავისებურებაზე ისაუბრეს. მათი შეშფოთება ფორუმზე გამოთქმულმა მოსაზრებებმა გამოიწვიეს და ყველას მოუწოდეს, რომ ტრიბუნებზე რაგბის ტრადიციების შესაბამისად მოიქცნენ, მეტოქეს და მათ გულშემატკივრებს პატივი სცენ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ჰიმნს კი პროტესტი სრული მდუმარებით გამოუცხადონ.
გია ნიჟარაძე: “რაგბი, ტრადიციებზე დაყრდნობით, ერთი დიდი საერთაშორისო ოჯახია და მისი საფუძველი მეტოქისა და მათი გულშემატკივრების პატივისცემაა. ომის და მის შემდგომ პერიოდში, რუსეთის რაგბის კავშირი იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყნიდან გვიკავშირდებოდა და თანაგრძნობას გამოხატავდა. რუსი მორაგბეები ღირსეული ადამიანები არიან, მათთან ქართველი ბიჭები მეგობრობენ, ჩვენ კი სწორედ მათ ვეთამაშებით და არა პუტინს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ტრიბუნაზე რუსეთის ნაკრების სულ რაღაც 150-მდე გულშემატკივარი თუ იქნება, ჩვენ ამ მატჩში მასპინძლები ვართ და მათ პატივი უნდა ვცეთ. ჩემი აზრით, მეტოქის ჰიმნის შეურაცყოფა უღირსი საქციელია, ტაშს ნუ დავუკრავთ, მაგრამ ლანძღვისგანაც შევიკავოთ თავი და პროტესტი სხვა ფორმით გამოვხატოთ. გაითვალისწინეთ, ამ შეხვედრას უამრავი უცხოური ტელეკომპანია გააშუქებს და მათთან თავი ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ”.
ნიკა რამიშვილი: “სტადიონის შესასვლელში ქომაგთა კლუბის წევრები დაარიგებენ იმ დაუწერელი კანონების დაწერილ ვარიანტს, რომელთა დაცვაც აუცილებელია რაგბის გულშემატკივრობის დროს. ყველას გვაქვს პროტესტის გრძნობა რუსეთის ჰიმნზე, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ჰიმნია, მაგრამ მე პირადად მის გაპროტესტებას სრული სიჩუმით ვაპირებ და ამისაკენ მოვუწოდებ ყველა ნამდვილ გულშემატკივარს. დამიჯერეთ, დუმილი უფრო გასაკვირი იქნება ყველასათვის, ვიდრე ლანძღვა და გინება. თუ თქვენს გვერდზე ვინმე დააპირებს სტვენას, გთხოვთ, გააჩუმეთ”.
“მორაგბეების თხოვნაც ასეთივეა. ხელს ნუ შევუშლით მათ და ისინი აუცილებლად გაგვახარებენ. ზედმეტი დაძაბულობა საჭირო არაა, ღირსეულად მოვიქცეთ სტადიონზე და ვიზეიმოთ ღირსეული გამარჯვება” - თავის მხრივ დაამატა დავით ნამგალაურმა.
პრესკონფერენციის დასასრულს გაისმა მოწოდება, რომ მთელმა სტადიონმა ერთხმად შეასრულოს საქართველოს ჰიმნი და იმედია, 20 მარტს ეს მოწოდება რეალობად იქცევა. თამაში თბილისის 17:00 საათზე (თურქეთის დროით 15:00 საათზე) იწყება და მას ირლანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. რეფერი საიმონ მაკდაუელია, რომელსაც ასისტენტობას დევიდ კინი და ჯონ კარვილი გაუწევენ, კომისარი კი იტალიელი ჯანი მორნდინი იქნება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გეგმავს და თბილისში დარჩენილ გულშემატკივარს, “ბორჯღალოსანთა” ქომაგობა ტელეეკრანებთან შეეძლება.

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082203