მართალია, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა, მაგრამ “ბორჯღალოსნები” უმოტივაციოდ არც დარჩენილ მატჩებს ხვდებიან და 13 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან, ხოლო 20 მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთთან, სრული თავდადებით ბრძოლას გეგმავენ.
რუმინელებს, რომელთაც რეპეშაჟის საგზურისთვის, ანუ “ერთა თასზე” მესამე ადგილის დასაკავებლად, პორტუგალიელთა უკან მოტოვება მართებთ და იმედოვნებენ, რომ დღევანდელ თამაშს ქართველები ზერელედ მოეკიდებიან, ძალებს რუსეთთან პრინციპული ჯახისთვის შემოინახვენ და ამით თავად იხეირებენ, მაგრამ მათი გათვლები რეალობასთან ძალიან შორსაა. ტიმ ლეინის შეგირდები ტრადიციის დარღვევას არ აპირებენ, “მუხის ფოთლებთან” ზედიზედ ბოლო სამ შეხვედრაში მოპოვებულ გამარჯვებას, მეოთხის შემატებას უპირებენ, რითაც “ანთიმოზ ივერიელის” თასის შენარჩუნებას და “ერთა თასის” კიდევ ერთხელ მოპოვებასთან მაქსიმალურად მიახლოვებას გეგმავენ.
დავაკონკრეტოთ: “ანთიმოზ ივერიელის” სახელობის გარდამავალი თასი, მხოლოდ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში თამაშდება და თასი მომავალ მატჩამდე გამარჯვებული გუნდის საკუთრება ხდება. “ერთა თასზე” ქართველთა ერთადერთი კონკურენტი რუსეთის ნაკრებია, რომელთაც ბოლო ტურში ვეთამაშებით და ეს მატჩი პრაქტიკულად ფინალის ტოლფასი იქნება, მაგრამ რუმინელთა ძლევის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს თასის დასატოვებლად რამდენიმე ვარიანტი ექნება, მარცხი კი ტრაბზონში უთუოდ გამარჯვებისკენ გვიბიძგებს. ეს ისე, სატურნირო თვალსაზრისით, თორემ “ბორჯღალოსნები” რუსებთან ისედაც გამარჯვებისთვის რომ იბრძოლებენ, აქედანვე ნათელია.
ტიმ ლეინმა, რომელიც გასულ ტურში ესპანეთთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა, სარუმინეთოდ ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რომ არა ტრავმები, შესაძლოა ცვლილებები მეტიც ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ აქვსენტი გიორგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და რაგბს სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა, დავით ზირაქაშვილი კლუბმა არ გაათავისუფლა, ხოლო საქართველოს ბოლო ორი წლის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძემ, დისკვალიფიკაციის ვადა კი მოიხადა, მაგრამ კოჭი დაიზიანა და ეროვნულ გუნდს ვერც რუსეთის წინააღმდეგ დაეხმარება.
უკანა ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა დავით კაჭარავა, ირაკლი გიორგაძემ კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. უკანახაზელები ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ, რომ სათადარიგოთა შორის ვეღარ მოხვდა ირაკლი ჩხიკვაძე და მის ნაცლად მარქაფაში ადგილი ალექსანდრე თოდუამ დაიბრუნა, რომელიც ესპანელთა წინააღმდეგ განაცხადში ვერ მოხვდა. წინა მატჩთან შედარებით სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა დავით ხინჩაგიშვილი, რომელიც წინა ტურის შეხვედრისთვის მწვრთნელებმა დასვენეს. ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა იური ნატრიაშვილი. წლეულს ეროვნული გუნდის მაისურს პირველად მოირგებს ახალგაზრდა ანტონ ფეიქრიშვილი. მეორე ხაზში დაბრუნდა გიორგი ნემსაძე, რომელსაც ხელი აწუხებდა, ესპანეთთან სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მწვრთნელებმა არ გარისკეს და მოედანზე არ შეუშვეს. მესამე ხაზში დაბრუნდა გამოცდილი გიორგი ჩხაიძე. წინა შეხვედრაში ლაშა თავართქილაძემ მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება კი მოახდინა, მაგრამ როგორც ჩანს ძლიერ მეტოქესთან მას მწვრთნელებმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მაინც არ ანდეს და სათადარიგოთა შორის გაამწესეს.
ზევით ნატრიაშვილი და თავართქილაძე ვახსენეთ. ისინი, ისევე როგორც ბიძინა სამხარაძე, რუმინული “ფარულის” წევრები არიან. გასულ წელს, რუმინეთის ჩემპიონატის შეხვედრაში, როდესაც ქართველთა “ფარული” იმ დროს რუმინეთის ნაკრების საბაზო გუნდ ბუქარესტის “დინამოს” ეთამაშებოდა, სრულიად უწყინარ სიტუაციაში მასპინძლებმა ჩხუბი ატეხეს და ყველაზე მეტად სწორედ ქართველი ლეგიონერები დაშავდნენ. ის ჩხუბი საქართველოს ნაკრების მიერ რუმინეთის თბილისში ძლევას მოყვა და ახლა რუმინელ ქართველებს მეტოქის დამარცხებით სამაგიეროს გადახდის შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება სათავეს 1998 წლიდან იღებს და გუნდებმა აქამდე 12 შეხვედრა გამართეს. აქედან 7-ჯერ კარპატელებმა იმარჯვეს, ხუთჯერ კი “ბორჯღალოსნებმა” იყოჩაღეს, თანაც ამ ხუთი გამარჯვებიდან სამი ბოლო შეხვედრებში მოაქუჩეს. რუმინეთში ქართველებს ორი შეხვედრა აქვთ მოგებული - 2001 წელს 31:20 და 2007 წელს 20:17 (მას შემდეგ ეს გუნდები ბუქარესტში პირველად თამაშობენ).
საგულისხმოა, რომ გასულ წლებთან შედარებით, რუმინელებმა ეროვნულ გუნდში ლეგიონერებს კვლავ დაუძახეს, ეს კი იმის გარანტი უნდა გახდეს, რომ 13 მარტს “ტრიუმფალურ არკაზე” საინტერესო ჯახი გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” 16:00 საათიდან გეგმავს.
2010 წლის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა
ბუქარესტი (რუმინეთი). “ტრიუმფალური არკა”. 16:00 საათი (თბილისის დრო)
რუმინეთი - საქართველო
რუმინეთის ნაკრები (გაფართოებული შემადგენლობა):
ცეზარ პოპესკუ (“სენ მედარ ან ჟაი”, საფრანგეთი), მიხაი ლაზარი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი), დრაგოშ დიმა (“ოლორონი”, საფრანგეთ), იონ პაულიკა (“ლონდონ აირიში”, ინგლისი), მარიუს ტინკუ (“პერპინიანი”, საფრანგეთი), ბოგდან ზებეგა (“სტიაუა”, რუმინეთი), სორინ სოკოლი (“ოლორონი”, საფრანგეთი), კოსმინ რატიუ (“დინამო”, რუმინეთი), კრისტიან პეტრე (“ბეზიე”, საფრანგეთი), ვალენტინ ურსაჩე (“ბაია მერე”, რუმინეთი), სტელიან ბურჩა (“არადი”, რუმინეთი), დანიელ კარპო (“ფარული”, რუმინეთი), მიჰაი მაკოვეი (“ბაია მერე”, რუმინეთი), ლუკაჩი ვიორელი (“სტიაუა”, რუმინეთი), ოვიდიუ ტონიტა (“პერპინიანი”, საფრანგეთი), ალექსანდრუ ვალკუ (CSM Bucuresti, რუმინეთი), დანიელ იანუში (“სტიაუა”, რუმინეთი); ლუჩან სირბუ (“სომიო”, საფრანგეთი), ვალენტინ ივანი (“დინამო”, რუმინეთი), იულიან დუმიტრაში (“ალბი”, საფრანგეთი), დან დუმბრავა (“სტიაუა”, რუმინეთი), იონუც დიმოფტე (“ბაია მარე”, რუმინეთი), ჩობა გოლი (“ბაია მარე”, რუმინეთი), რობერტ დასკალუ (“სტიაუა”, რუმინეთი), კონსტანტინ გეარა (“ფარული”, რუმინეთი), იონელ კაზანი (“სტიაუა”, რუმინეთი), კეტელინ ფერკუ (“არადი”, რუმინეთი), სტეფან ჩუნტუ (“ბაია მარე”, რუმინეთი), კეტელინ ნიკოლაე (“ფარული”, რუმინეთი), ფლორიან ვლაიკუ (“სტიაუა”, რუმინეთი), იონუც ბოტეზატუ (“ბაია მარე”, რუმინეთი).
საქართველოს ნაკრები: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 41 თამაში, 185 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი («სენტ ეტიენი», საფრანგეთი, 39 თ., 80 ქ.), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 34 თ., 35 ქ.), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 45 თ., 65 ქ.), 11. მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 60 თ., 284 ქ.), 10. ლაშა მალაღურაძე («ბეზიე», საფრანგეთი, 23 თ., 70 ქ.), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 63 თ., 30 ქ.); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 28 თ., 15 ქ.), 2. იური ნატრიაშვილი (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 23 თ., 5 ქ.), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი, 3 თამაში, 0 ქულა), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი, 58 თ., 75 ქ.), 5. გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი, 14 თ., 20 ქ.), 6. გრიგოლ ლაბაძე (“მერსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 59 თ., 55 ქ.), 7. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 39 თ., 20 ქ.), 8. ბესარიონ უდესიანი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 37 თ., 50 ქ.).
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე («ყოჩები», საქართველო, 5 თ.), 17.გოდერძი შველიძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 53 თამაში, 35 ქულა), 18. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 33 თ., 10 ქ.), 19. ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 4 თ., 5 ქ.); 20. ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 45 თ., 20 ქ.), 21. ირაკლი გიორგაძე («დაქსი», საფრანგეთი, 36 თ., 16 ქ.), 22. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 16 თ., 5 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
რეფერი: საიმონ მაკდაუელი (ირლანდია)
ასისტენტები: დევიდ კინი, ჯონ კარვილი (ირლანდია)
კომისარი: ჯანი მორანდინი (იტალია)
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 8 7 1 0 +178 23
2. რუსეთი 8 6 1 1 +107 21
3. პორტუგალია 8 4 1 3 +99 17
4. რუმინეთი 7 3 1 3 +78 14
5. ესპანეთი 7 1 0 6 -100 9
6. გერმანია 8 0 0 8 -362 8
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია