ამბები

18:06 | 13.03.2010 | ნანახია 3334 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” წარმატებული სერია ბუქარესტში შეწყდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ორწლიანი წაუგებელი სერია ბუქარესტში, რუმინეთთან შეხვედრაში შეწყდა.
2010 წლის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა ტურის დაპირისპირება ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრებთან 10:22 წააგეს.
მსოფლიო თასის რეპეშაჟში მოხვედრაზე დაგეშილმა “მუხის ფოთლებმა”, უკვე ახალ ზელანდიაში თავდაგულებული “ბორჯღალოსნები” პირველ ტაიმში 13:7 დაამარცხეს და მატჩის სადავეები ხელთ არც მეორე ნახევარში გაუშვიათ. შედეგად, თავიანთი უმთავრესი მიზნისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს და “ანთიმოზ ივერიელის” გარდამავალი თასიც ერთი წლით ბუქარესტში დაიტოვეს. როგორც იცით, ეს პრიზი მხოლოდ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის თამაშდება და მას ამ შეხვედრამდე სწორედ “ბორჯღალოსნები” ფლობდნენ. შეხსენებისთვის, ქართველებმა გასულ წელს რუმინელებს თბილისში 28:23 სძლიეს.
საქართველოს ნაკრები მიმდინარე ტურნირის ბოლო მატჩს 20 მარტს, ტრაბზონში, რუსეთის ნაკრებთან გამართავს და სწორედ ამ დაპირისპირებაში გადაწყდება შესარჩევი ეტაპის პირველი ადგილის ბედი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082165