ამბები

18:35 | 13.03.2010 | ნანახია 3871 - ჯერ

“მეორე დონის” სარაგბო ქვეყნები ერთიან საშეჯიბრო კალენდარს შექმნიან


რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ-ის) ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული “მეორე დონის” ქვეყნების – ანუ კანადის, ფიჯის, საქართველოს, იაპონიის, პორტუგალიის, რუმინეთის, რუსეთის, სამოას, ტონგასა და აშშ-ის – რაგბის კავშირთა წარმომადგენლები ლოს ანჯელესში, ირბ-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე ერთიანი საშეჯიბრო კალენდრის შექმნაზე შეთანხმდნენ.
“ამ კავშირებს შორის ეს პირველი, ისტორიული შეხვედრა კონსტრუქციული და უაღრესად პოზიტიური გამოდგა – განაცხადა ირბ-ის მთავარმა აღმასრულებელმა მაიკ მილერმა – შეხვედრის მონაწილეებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და თვითოეულმა კავშირმა თავისი წვლილი შეიტანა იმ პროცესში, რომელიც ირბ-ისა და “მეორე დონის” კავშირებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.”
“ირბ-ის მიზანი გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა და 2007 წლის მსოფლიო თასზე მეორე დონის ნაკრებთა გამოსვლამ ცხადყო ის არნახული პროგრესი, რაც 2005 წელს გლობალური სტრატეგიული საინვესტიციო პროგრამის ამოქმედების შემდეგ მიიღწა.”
“კავშირებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ პროგრამას და ირბ-ის სტრატეგიულ ტურნირთა ჩატარების იდეას, ვინაიდან ეს “მეორე დონის” ქვეყნებში რაგბის შემდგომი განვითარებისა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს.”
მოგეხსენებათ, 2009 წელს შესაძლებელი გახდა, რომ ნოემბრის სატესტო ფანჯრისას “მეორე დონის” ნაკრებები ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ. ამ ინიციატივის შედეგად პირველად მოხერხდა, რომ მსოფლიო რეიტინგის ზეოცეულის ყველა ნაკრები ტესტებს ერთდროულად მართავდა.
“შეხვედრის მონაწილეები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ კალენდრის ნოემბრამდე გაგრძელება მეორე დონის ნაკრებთათვის ძალზე სასარგებლო გამოდგა” – დასძინა მილერმა.
“მაგრამ, ამავდროულად, ისინი იმაზეც შეთანხმდნენ, რომ მათი განვითარების გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად აუცილებელია ერთიანი გრაფიკის შემოღება, რომელიც ირბ-ის სტრატეგიულ ტურნირებზე გამოსვლასთან ერთად მათ ასევე იმის საშუალებასაც მისცემს, ივნისისა და ნოემბრის სატესტო ფანჯრებისას მეორე დონის, ხოლო მსოფლიო თასისათვის მზადების ციკლში ასევე პირველი დონის მეტოქეებს დაუპირისპირდნენ.”
“ერთიანი სათამაშო კალენდრის შექმნა ძალიან რთული საკითხია, რადგანაც ეს კლუბების, პროვინციებისა და ეროვნული ნაკრებების ინტერესთა, ასევე მოთამაშეთა კეთილდღეობასა და დროის გეოგრაფიულ სარტყლებთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებას გულისხმობს. მაგრამ ყველა მხარე  მზადყოფნას გამოხატავს ისეთი გრაფიკის შესამუშავებლად, რომელიც ამ კავშირთა კოლექტიურ საჭიროებებს გაითვალისწინებს და ამ ათწლეულში ამ ქვეყნებში რაგბის შემდგომ ზრდას განაპირობებს.”
 


 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087937