ამბები

21:28 | 13.03.2010 | ნანახია 4716 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” ბუქარესტში დასცეს

ბევრს ეცადა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მარცხისგან თავის დაღწევას, მაგრამ ბევრად უფრო მოტივირებულმა რუმინელებმა საწადელს მიაღწიეს, ბუქარესტში “ბორჯღალოსნებს” 22:10 სძლიეს და რეპეშაჟში მოხვედრის შანსი გაიუმჯობესეს.
მსოფლიოს თასზე მოხვედრის კუთხით, საქართველოს ნაკრებისთვის ამ თამაშს არანაირი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ პრესტიჟისთვის, “ერთა თასისა” და “ანთიმოზ ივერიელის თასისთვის” ჰქონდა საბრძოლველი, თუმცა, ამ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო. მატჩის დებიუტი ტიმ ლეინის შეგირდებისათვის უიღბლო გამოდგა და მასპინძლებმა უკვე მე-4 წუთზე ლელო გაიტანეს, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი, 7:0 დაწინაურდნენ. ქართველებმა სწრაფად უპასუხეს, გაჭიანურებული შეტევის შემდეგ, რეფერიმ ჩხაიძის ლელო არ ჩათვალა და უპირატესობით, ჯარიმა დაგვიბრუნა. "ბორჯღალოსნებმა” ბურთი აუტში გადაიტანეს, მოლით მიაწვნენ, ხაზთან შექმნილი რაქიდან კი, გიორგი ნემსაძემ საპასუხო ლელო გაიტანა და მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
ორ წუთში “მუხის ფოთლები” ჯარიმით ისევ დაწინაურდნენ, შესვენებამდე კი, დუმბრავამ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა და ტაიმი 13:7 დასრულდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, დუმბრავამ უკვე არეკნით იხეირა და საკუთარი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა, მალე კი, რეფერიმ კვირიკაშვილი გაასინბინა, ხოლო დუმბრავამ ჯარიმით ანგარიში 19:7 გახადა. კაცნაკლულმა ქართველებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს, მალაღურაძემ ჯარიმით იხეირა, მაგრამ დასრულებამდე სტუმრებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს, რუმინელებმა კი, ჯარიმიდან ერთხელაც იხეირეს და 22:10 იმარჯვეს.
პარალელურ მატჩში, რუსეთმა გერმანიას სოჭში 48:11 სძლია, მაგრამ საქართველოს ნაკრები, ჯერჯერობით, კვლავ პირველ საფეხურზეა. თუმცა, “ერთა თასის” მოპოვების შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ახლა “ბორჯღალოსნებს” რუსეთთან ტრაბზონში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით, რათა ამ მარცხით გამოწვეული ტკივილი გაანელონ და მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავონ.

2010 წლის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა
ბუქარესტი (რუმინეთი). “ტრიუმფალური არკა”. 16:00 საათი (თბილისის დრო)
რუმინეთი - საქართველო 22:10
რუმინეთი:
15. იულიან დუმიტრაში, 14. კეტელინ ფერკუ, 13. იონუც დიმოფტე, 12. რობერტ დასკალუ, 11. სტეფან ჩუნტუ, 10. დან დუმბრავა, 9. ლუჩან სირბუ; 1. დრაგოშ დიმა, 2. მარიუს ტინკუ, 3. იონ პაულიკა, 4. სორინ სოკოლი, 5. ვალენტინ ურსაჩე, 6. სტელიან ბურჩა, 7. ოვიდიუ ტონიტა, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ცეზარ პოპესკუ, 17. მიხაი ლაზარი, 18. კრისტიან პეტრე, 19. მიჰაი მაკოვეი, 20. ვალენტინ ივანი, 21. კსაბა გალი, 22. ფლორიან ვლაიკუ, 23. ბოგდან ზებეგა.
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მალხაზ ურჯუკაშვილი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. იური ნატრიაშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესარიონ უდესიანი.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოდერძი შველიძე, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. ლაშა თავართქილაძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი გიორგაძე, 22. ალექსანდრე თოდუა.
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
რეფერი: საიმონ მაკდაუელი (ირლანდია)
ასისტენტები: დევიდ კინი, ჯონ კარვილი (ირლანდია)
კომისარი: ჯანი მორანდინი (იტალია)

13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი – საქართველო 22:10
რუსეთი. სოჭი
რუსეთი – გერმანია 48:11
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი – პორტუგალია 15:33
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი

2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო     9    7    1    1    +166    24
2. რუსეთი             9    7    1    1    +144    24
3. პორტუგალია    9    5    1    3     +117    20
4. რუმინეთი         8    4    1    3      +90    17
5. ესპანეთი           8    1    0    7    -118     10
6. გერმანია            9    0    0    9    -399      9

შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089023