ამბები

11:36 | 15.03.2010 | ნანახია 2233 - ჯერ

4 ტური ფლეი ოფამდე

სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტში წვალობდა, მისი წევრების საკლუბო გუნდები საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში უკეთესი პოზიციების დასაკავებლად იბრძოდნენ.
დავით ქუბრიაშვილმა ლიდერ “კასტრთან” შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 53 წუთი გაატარა. მისმა თანაგუნდელებმა მეტოქე საკუთარ ნახევარს არ გააკარეს და 3 ჯარიმით და ერთი ლელოთი, ტაიმი 14:0 მოიგეს.
მე-2 ნახევარში სტუმრებმა 2 ჯარიმა გაიტანეს, ერთი ლელო გაუშვეს და 6:19 წააგეს. აქვსენტი გიორგაძეს მძიმე ტრავმა აქვს და აბა საკუთარი გუნდის მარცხში რა ბრალი მიუძღვის, თუმცა, მისი “კასტრი” რეგულარულ პირველობაში 22 თამაშის შემდეგ 67 ქულით პირველ ადგილს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, “ტულონმა” კი, ამ მოგებით 63 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა და თუ ძალიან არ აურია, საჩემპიონო ფლეი ოფს ვერ დააკლდება.
სანაკრებოდ არ გაათავისუფლა და სათავისოდ დაიტოვა საქართველოს ეროვნული გუნდის პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი “კლერმონმა”, მაგრამ “ბაიონთან” სტუმრად მაინც დამარცხდა - 13:22. ქართველმა ლეგიონერმა თანაგუნდელებთან ერთად სრულად იბრძოლა, 69-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა სამ ქულამდეც დაიყვანეს, მაგრამ დარჩენილ დროში 2 ჯარიმა გაუშვეს და პრემიალური ქულაც ვერ აიღეს. ახლა “კლერმონს” 65 ქულით მე-3 ადგილი უკავია და ერთით ჩამორჩება “პერპინიანს”.
უქართველებოდ დარჩენილი “მონპელიე” 3:34 განადგურდა “ტულუზასთან” და 42 ქულით საშიშ ზონას მიუახლოვდა. მამუკა გორგოძე ტრავმირებულია, გიორგი ჩხაიძე კი ეროვნული ნაკრებისთვის ირჯებოდა. ეროვნული გუნდისთვის გაისარჯა გოდერძი შველიძეც, თუმცა, მისმა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა” “მეტრო რასინგს” 45:31 მაინც სძლია და 41 ქულით, ჯერჯერობით, გასავარდნ მე-13 ადგილს კი იკავებს, მაგრამ დარჩენილ ოთხ ტურს იმედიანად ხვდება.
“სტად ფრანსესთან” 26:14 მოიგო “ბრივმა”, რომლის ქართველი პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი ნაკრებისთვის იღვწოდა, “ბრივი” კი 51 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის იმედს არ კარგავს, რადგან მეექვსეადგილოსან “მეტრო რასინგს” სულ 4 ქულით ჩამორჩება და 4 ტური ჯერ კიდევ წინ აქვს.
ტურის დანარჩენ შეხვედრებში “პერპინიანმა” “ბიარიცს” 19:14 აჯობა, “ბურგონმა” კი “ალბი” სტუმრად 17:7 დასცა. მომდევნო ტურის შეხვედრები 26-27 მარტს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08328