ამბები

16:20 | 15.03.2010 | ნანახია 3198 - ჯერ

ზირაქაშვილი ეროვნულ გუნდს შეუერთდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დამარცხებულმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გადაინაცვლა და რუსეთის ნაკრების სამასპინძლოდ მზადებას შეუდგა.
როგორც იცით, “ბორჯღალოსნები” “დათვებს” 20 მარტს მასპინძლების რანგში ხვდებიან, თუმცა ნეიტრალურ მოედანზე. საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მესამე მსოფლიო თასზე თამაში გარანტირებული აქვს, მაგრამ რუსებთან ჯახმა შესარჩევ ჯგუფში მისი ადგილი და შესაბამისად, მსოფლიო თასზე მეტოქეთა ვინაობა უნდა განსაზღვროს.
როგორც საქართველოს ნაკრების მენეჯერმა ვასილ აბაშიძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას განაცხადა, გუნდს გამოაკლდა ჯაბა ბრეგვაძე, მის ნაცვლად კი “ბორჯღალოსნებს” ფრანგული “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი შეუერთდა.
“ძირეულ ცვლილებებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, გაფართოებულ შემადგენლობაში კი ჯაბა ბრეგვაძეს დავით ზირაქაშვილი ჩაენაცვლა. ტრაბზონში მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად ნორმალური პირობები გვაქვს. სავარჯიშოდ ამინდსაც არაუშავს და რუმინეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის მიუხედავად, გუნდში განწყობაც ნორმალურია” - თქვა აბაშიძემ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088598