ბუქარესტის “ტრიუმფალურ არკაზე” განცდილი მარცხით (10:22) “ბორჯღალოსნებმა” ქართველი გულშემატკივარი ხომ დაამწუხრეს და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში წვალებით ნაგროვები ქულებიც გაანიავეს. შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი პოზიცია დათმო და მე-18 საფეხურამდე დაიხია.
რუმინეთში წაგებამდე ავსტრალიელი ტიმ ლეინის მიერ დარიგებულ ქართველებს 67.44 ქულა ჰქონდათ და თავს მე-16 ადგილით იწონებდნენ, გასული მატჩის შემდეგ კი 0.93 ბალი მოაკლდათ და წინ გასვლის საშუალება აშშ-სა და მარადიულ მეტოქე რუსეთს მისცეს.
ამგვარად, რუსებთან ტრაბზონულ რკენამდე ჩვენს გუნდს დამატებითი მოტივაცია შეემატა. სწორედ ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” ამერიკელებსა და რუსებს ისევ უკან მოიტოვებენ და კვლავ მე-16 პოზიციას უწევენ.
მეტიც, თუკი მომავალი ჯახში ქართველებმა 15 ქულაზე მეტით იმარჯვეს, მე-15 საფეხურზე მყოფ ტონგასთან მინიმალური სხვაობაღა დარჩება, რისი აღმოფხვრაც კიდევ ერთი წარმატებული მატჩის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
რეიტინგზე აისახა გასულ კვირას “ერთა თასზე” გამართული კიდევ ერთი მატჩის შედეგიც. მადრიდში მასპინძელი ესპანეთის ძლევის (15:33) წყალობით, პორტუგალიის ნაკრებმა ურუგვაის გადაასწრო და მე-20 პოზიციაზე დამკვიდრდა, დამარცხებულები კი ჩილესა და კორეის ზურგს უკან, 25-ე საფეხურზე აღმოჩნდნენ.
“ექვსი ერის” გათამაშებაში ედინბურგის “მარიფილდზე” მასპინძელ შოტლანდიასთან ულელოო ფრე (15:15) ძვირად დაუჯდა ინგლისის ნაკრებს, რომელსაც 0.31 ქულა მოაკლდა და მე-6 ადგილი არგენტინის ეროვნულ გუნდს უბრძოლველად დაუთმო.
მომავალ უქმეებზე როგორც “ერთა თასზე”, ასევე “ექვს ერზე” დასკვნითი ტურის მატჩები შედგება, რომლის შემდეგაც მსოფლიოს კლასიფიკაციაში ასევე მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდეთ.
1 (1). ახალი ზელანდია 91.68
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88.60
3 (3). ავსტრალია 85.56
4 (4). საფრანგეთი 85.22
5 (5). ირლანდია 84.61
6 (7). არგენტინა 80.56
7 (6). ინგლისი 80.31
8 (8). უელსი 78.68
9 (9). ფიჯი 75.990
10 (10). შოტლანდია 74.79
11 (11). იტალია 73.20
12 (12). სამოა 72.08
13 (13). იაპონია 70.59
14 (14). კანადა 68.80
15 (15). ტონგა 68.11
16 (17). აშშ 67.05
17 (18). რუსეთი 67.03
18 (16). საქართველო 66.51
19 (19). რუმინეთი 66.14
20 (21). პორტუგალია 62.17
21 (20). ურუგვაი 60.89
22 (22). ნამიბია 58.98
23 (24). ჩილე 57.95
24 (25). ს.კორეა 57.90
25 (23). ესპანეთი 56.63
26 (26). უკრაინა 55.47
27 (27). ყაზახეთი 55.12
28 (28). ბრაზილია 54.97
29 (29). გერმანია 54.28
30 (30). ტუნისი 54.12
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია