ამბები

10:34 | 17.03.2010 | ნანახია 2767 - ჯერ

ასფალტიდან ევროპისკენ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის მზადების ეგიდით, გეზი საფრანგეთის ქალაქ კანისკენ აიღო.
ნაკრებთა თავკაცი ლევან მგელაძე ევროპირველობაზე სამეულში მოხვედრის იმედს არ კარგავს და ამისათვის რუმინელთა ძლევას აპირებს, წარმატების მთავარ საწყისად კი, დისციპლინა მიაჩნია.
ლევან მგელაძე: "გუნდი ორი თვეა რაც შეიკრიბა. რაგბის კავშირის მფლობელობაში მყოფი სტადიონები რეკონსტრუქციის პროცესშია და ამის გამო, ვარჯიში ასფალტზე, ან ნაქირავებ ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გვიწევდა. ხელოვნურ მოედანზე მორაგბეთა მზადყოფნის შემოწმება, თითქმის შეუძლებელია. სწორედ ასეთ მოედანზე ვარჯიშის გამო მიიღეს ტრავმები ათმა ნომერმა ვახტანგ ახობაძემ და შერკინების პირველხაზელმა ნიკოლოზ ბიწაძემ. არადა, ისინი სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეებად მიიჩნეოდნენ. ვიცოდით, რომ მეტოქედ ინგლისის ნაკრები უნდა გვყოლოდა, მაგრამ მეტოქე ბოლო მომენტში შეიცვალა და მათ შესახებ, თითქმის არაფერი ვიცით".
-    პირველ ეტაპზე, მეტოქე რუმინეთის ნაკრებია და რისი იმედი უნდა გვქონდეს?
-    ყველაფერი პირველი შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თამაშს არცთუ მომზადებულნი შევხვდებით. ამხანაგური თამაშის ჩატარება საფრანგეთშიც ვერ ხერხდება, რადგანაც ადგილობრივმა გუნდმა თამაში 24 მარტს შემოგვთავაზა, მანამდე ვერ იცლის, ამ დროს კი, ჩვენ უკვე გზაში ვიქნებით. შესაძლოა, 10-15 წუთიანი თამაში ვარჯიშის დროს მოვახერხოთ, მაგრამ მეტის იმედი არც გვაქვს. უამინდობის გამო, სამწუხაროდ, მოსამზადებელი შეხვედრები თბილისშიც ჩაგვეშალა. არადა, მოთამაშეთა მზადყოფნის შემოწმება ყველაზე კარგი, სწორედ თამაშის მსვლელობისასაა.
-    თავად მზადების პროცესით თუ ხართ კმაყოფილი?
-    არა, რადგანაც მოსამზადებელ ეტაპზე, მოასფალტებულ საფარზე, დიდია საშიშროებაა კუნთების, ან მყესების დაჭიმვის და ჩვენ კი, მოედანზე შესვლის საშუალება, პრაქტიკულად არ გვქონდა.
-    მოწინააღმდეგის შესახებ რა იცით?
-    რუმინელების შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცით.
-    არადა, ეს გუნდები ერთმანეთს 17-წლამდელთა დონეზე შეხვდნენ.
-    ის თამაში ჩხუბის გამო ჩაიშალა. გასაოცარია, მაგრამ იმ თამაშის ვიდეო ჩანაწერიც კი არ არსებობს. ვიცი, რომ ჩხუბი მოხდა და თამაში ჩაიშალა, მაგრამ განა, მანამდე ნაჩვენები თამაშის შეფასება არ შეიძლებოდა? სამწუხაროდ, ვერავინ ვერაფერი გვითხრა.
-    მაშინდელი ჩხუბი, მომავალი მატჩის მსვლელობაზე, გავლენას არ იქონიებს?
-    ჩემი გაწვრთნილი გუნდების შედეგი, 50 პროცენტით სწორედ დისციპლინაზე იყო დამოკიდებული. შეკრებისას, 2-3 მორაგბე, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებად მიიჩნეოდნენ, სწორედ იმის გამო გავუშვი, რომ დისციპლინის მხრივ პრობლემები ჰქონდათ. იმედია, ამ კუთხით, იტალიაში ყველაფერი რიგზე იქნება.
-    რუმინეთში ძლიერი და სუსტი მხარეები რა გვექნება?
-    ტაქტიკურად კარგად ვართ მომზადებულნი, ტექნიკურად კი, ცოტას მოვიკოჭლებთ. 9 ნომრის პოზიციაზე განსაკუთრებული პრობლემა გვაქვს. ამ პოზიციის მოთამაშეებს განსაკუთრებული მომზადება სჭირდებათ, მაგრამ კლუბებში ეს პრობლემა მოგვარებული არაა. ქართული გუნდების პლუსი, ყოველთვის პირველი ხაზის ძალა იყო, თუმცა ჩვენ მაღალი დონის ევროპული გუნდების თამაშის სტილისკენ მივილტვით და უკანა ხაზის მოთამაშეების ჩართვას ვცდილობთ. იმედია, ისინი საკუთარ შესაძლებლობებს იტალიაშიც წარმოაჩენენ.
-    რა არის პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმი ევროპის ჩემპიონატზე?
-    ბევრი რამ, სწორედ პირველ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. თუ რუმინელები დავამარცხეთ, სავარაუდოდ, ირლანდიას შევხვდებით, მათთვის სიურპრიზებს უკვე ვამზადებთ და ეგებ მეტოქის დამარცხებაც შევძლოთ. ისე კი, მესამე ადგილის დაკავებისთვის ვიბრძოლებთ. მინიმუმი მე-5 ადგილია, ოღონდ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ბოლო მეტოქედ მასპინძელი იტალია გვყავდეს, რომელსაც გარეშე პირების ხელშეწყობა არასდროს აკლია და ვნახოთ, რა იქნება.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082026