ამბები

15:44 | 18.03.2010 | ნანახია 2697 - ჯერ

“ბორჯღალოსნებს” “ქომაგთა კლუბი” შეემატათ და სამხარაძე დააკლდათ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რაგბის კავშირის სპონსორმა “ნატახტარი კასრმა”, ქართული რაგბის სამსახურში მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და “რაგბის ქომაგთა კლუბის” პატრონობა საკუთარ თავზე აიღო.
ამ პროექტის დაბადების დღედ 13 თებერვალი უნდა მივიჩნიოთ, როდესაც მისი ეგიდით საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრის ერთობლივი ყურება მოეწყო, 20 მარტს კი, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩისას ახლადდაარსებულ ორგანიზაციას დიდი გამოცდა ელის.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში, კომპანია “ნატახტარის” მარკენტინგის მენეჯერმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა, “რაგბის ქომაგთა კლუბის” გამგეობის წევრმა კახა მაღრაძემ, რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ოფიცერმა ნატალია კურტანიძემ და სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა გიორგი ჭანიშვილმა, მომავალი შეხვედრისთვის “ქომაგთა კლუბის” მზადებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართეს.
თორნიკე ნიკოლაიშვილმა ის მიზეზები დააკონკრეტა, რისთვისაც “ნატახტარი კასრი” ქართული რაგბის გვერდში დგომას თავობს.
“ჩვენი კომპანია დიდი ხანია ქართულ სპორტს მხარში უდგას. ჩვენ უკვე ვართ საქართველოს რაგბის კავშირისა და ეროვნული გუნდის სპონსორი, ახლა კი “რაგბის ქომაგთა კლუბის” პატრონობაც ჩვენს თავზე ავიღეთ. მსგავს გადაწყვეტილებამდე მარტივად მივედით. რაგბმა სათამაშო სახეობებში უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, ვთვლით, რომ ის კიდევ უფრო პოპულარული უნდა იყოს და “ქომაგთა კლუბის” დაარსებაც სწორედ ამითაა განპირობებული” - თქვა ნიკოლაიშვილმა.
შემდეგ სიტყვა კახა მაღრაძემ აიღო და “ქომაგთა კლუბის” მიერ უკვე გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“კლუბის დაარსების იდეა 13 თებერვალს გაჩნდა, როდესაც საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის ერთობლივი ყურება მოეწყო და მას შემდეგ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. კლუბში უკვე გაწვრიანდა 1 500 წევრი, ჩამოვაყალიბეთ ქომაგთა ქცევის წესები, დამზადდა სპეციალური ატრიბუტიკა, 20 მარტს ტრაბზონში რუსეთ-საქართველოს მატჩზე დასასწრებად კი, 25 ჟურნალისტი “ნატახტარს” საკუთარი ხარჯით მიჰყავს. “ქომაგთა კლუბის” პრეზიდენტად ნიკა რამიშვილი ავირჩიეთ, რომელიც “დრუპის” მეტსახელითაა ცნობილი. იგეგმება რეგიონალური ოფისების გახსნა, რათა მთელი საქართველო მოვიცვათ და არა მხოლოდ ნაკრებ გუნდებს, არამედ ქართულ კლუბებსაც ვუქომაგოთ” - განაცხადა მაღრაძემ.
ნატალია კურტანიძემ თურქეთში მყოფ საქართველოს ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. გუნდი ბუქარესტიდან პირდაპირ ტრაბზონში ჩავიდა და დღეში ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდა. როგორც იქნა, “ბორჯღალოსნებს” ნორმალური ამინდები შეხვდათ და მოედანზე სრულფასოვანი ვარჯიშები აქვთ. გუნდის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იგეგმება, რაც ნაწილობრივ ტრავმებითაცაა გამოწვეული. აქვსენტი გიორგაძე და მამუკა გორგოძე რუსთა წინააღმდეგ რომ ვერ ითამაშებდნენ, ადრეც ცნობილი იყო, ახლა კი კოჭი დაიზიანა ნახევარმცველმა ბიძინა სამხარაძემ და მისი თამაში გამოირიცხა. ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, მოედანზე გასვლა ვერ მოახერხოს კიდევ ერთმა ნახევარმცველმა ლაშა მალაღურაძემ. უკვე ცნობილია, რომ ძირითად შემადგენლობაში 10 ნომრის პოზიციაზე მალაღურაძეს მერაბ კვირიკაშვილი შეცვლის, ბოლო მცველად, ანუ 15 ნომერზე კი, მის ნაცვლად მალხაზ ურჯუკაშვილი დადგება.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080685