დიდი პრობლემებით და მნიშვნელოვანი გადაადგილებებით ხვდება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. “ბორჯღალოსნებს” ტრავმები მოეძალათ და შესაძლოა ისე მოხდეს, რომ რუსთა წინააღმდეგ მწვრთნელებმა 22-კაციანი განაცხადი ვერ შეავსონ.
ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე ფაქტია, რომ ტიმ ლეინი ბოლო წლების ტრადიციას დაარღვევს და 10 ნომრის საკვანძო პოზიციაზე, ლაშა მალაღურაძის ნაცვალად, მერაბ კვირიკაშვილს ათამაშებს, მისთვის ეროვნულ გუნდში აქამდე განკუთვნილ 15-ნომრიან მაისურს კი მალხაზ ურჯუკაშვილი მოირგებს. მალაღურაძეს მცირე ტრავმა აწუხებს და მისი განაცხადში მოხვედრა ისედაც სათუოა, თუმცა, როგორც ჩანს, ავსტრალიელი დამრიგებელი ბოლო დროს ქართველი ათიანით მთლად კმაყოფილიც არაა და ის კვირიკაშვილით ამის გამო ჩაანაცვლა. სამწუხაროდ, კოჭი დაიზიანა და რუსეთის წინააღმდეგ განაცხადში გარანტირებულად ვერ მოხვდება ბიძინა სამხარაძე. მწვრთნელებს გადასაწყვეტი აქვთ ძირითად შემადგენლობაში ალექსანდრე თოდუა ათამაშონ თუ ირაკლი ჩხიკვაძე, ეს კი მალაღურაძის განაცხადში შეყვანა-არშეყვანაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, სჩანს, ქართველთა წინააღმდეგ რუსები წარმოშობით ქართველ მორაგბეებს არ ენდნენ, ან თავად სპორტსმენებმა იუარეს ქართველთა წინაშე დადგომა და ნიკოლაი ნერუშმა თურქეთში კარლო მაღლაკელიძე და გიორგი მინაძე არ იახლა. გასულ კვირას გერმანიასთან ნათამაშებ შემადგენლობას გამოაკლდა უკანახაზელი ალექსანდრ გვოზდოვსკი. რუსებს ვერც ახლა დაეხმარებიან ლეგიონერები - კირილ კულემინი და ანდრეი ოსტრიკოვი. რუსეთის ნაკრები, ქართველთა მსგავსად, უკვე ტრაბზონშია და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება.
თამაში 20 მარტს, ტრაბზონის Akcaabat Fatih-ის სტადიონზე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიყება და მის შედეგზე იქნება დამოკიდებული - შესარჩევ ეტაპზე ვინ დაიკავებს პირველ და ვინ მეორე ადგილს.
საქართველომ და რუსეთმა შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური, მაგრამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ახალ ზელანდიაში ჯგუფში არგენტინასთან, ინგლისთან, შოტლანდიასთან და რეპეშაჟში გამარჯვებულ ნაკრებებთან მოხვდება, მეორეადგილოსანს კი მეტოქეებად - ავსტრალიის, ირლანდიის, იტალიისა და აშშ-ის ნაკრებები ეყოლება. მოცემული მომენტისთვის “ბორჯღალოსნები” პირველ ადგილზე არიან და რუსეთს გასულ წელს ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების ხარჯზე ჯობნიან.
აქამდე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ერთურთს 13-ჯერ ეთამაშნენ და სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს, რუსებმა პოლონეთის ქალაქ სოპოტში 15:9 მოიგეს. მას შემდეგ “ბორჯღალოსნებმა” “დათვებს” ერთადერთხელ, 2002 წელს ვერ აჯობეს და ის მატჩი ფრედ 12:12 დასრულდა, სხვა შემთხვევებში კი, შინ თუ გარეთ ქართველებმა მეტოქე არ გაახარეს და ტრადიციის დარღვევას არც ახლა აპირებენ. სხვათა შორის, რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტზე გამოკითხვა ჩატარდა და მისი შედეგები ცხადყოფს, რომ საკუთარი გუნდის რუსებსვე არ ეიმედებათ. გამოკითხვაში დღემდე 13788 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 12093 დარწმუნებულია, რომ გამარჯვება ქართველებს დარჩებათ, 104 ფრეს ემხრობა, 1591 კი რუსების წარმატებისა სწამს.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, ან ირაკლი ჩხიკვაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9 ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. იური ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესარიონ უდესიანი.
სათადარიგოები: გოდერძი შველიძე, ლაშა თავართქილაძე, დავით დადუნაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, დიმიტრი ბასილაია, გიორგი ნემსაძე, ირაკლი გიორგაძე, ლაშა მალაღურაძე.
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
რუსეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: ვლადიმირ ოსტროუშკო, მიხაილ ბაბაევი, ევგენი პრონენკო, ალექსეი კორობეინიკოვი, ნიკიტა მედკოვი, ვიქტორ გრესევი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ ვოიტოვი, იგორ კლუჩნიკოვი, იური კუშნარიოვი, კირილ კუშნარიოვი, ანდრეი კუზინი, ევგენი მატვეევი, ანდრეი ტემნოვი, ალექსანდრ იანუშკინი, ალექსანდრ შაკიროვი, ალექსეი ტრავკინი, ვლადიმირ ბოტვინიკოვი, ალექსეი პანასენკო, არტიომ ფათახოვი, ალექსანდრ ხროკინი, სერგეი ტრიშინი, ვასილი არტიომოვი, ალექსეი მაკოვეცკი.
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლაი ნერუში
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1 | საქართველო | 9 | 7 | 1 | 1 | +166 | 24 |
2 | რუსეთი | 9 | 7 | 1 | 1 | +144 | 24 |
3 | პორტუგალია | 9 | 5 | 1 | 3 | +117 | 20 |
4 | რუმინეთი | 8 | 4 | 1 | 3 | +90 | 17 |
5 | ესპანეთი | 8 | 1 | 0 | 7 | -118 | 10 |
6 | გერმანია | 9 | 0 | 0 | 9 | -339 | 9 |
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
საქართველოს ნაკრები ტრაბზონში
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია