“ვინმემ თუ იცით, ტრაბზონში რომ ჩავიდე, იქ ვერ ვიყიდი ბილეთს პირდაპირ სტადიონზე?” – ეს შეკითხვა პოპულარულ ვებ-გვერდ www.forum.ge-ს ერთ-ერთმა დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა, tornike-მ რაგბის განყოფილებაში დასვა. მსგავსი ხასიათის კითხვა ძალიან ბევრს გაუჩნდა. მათ, ვინც საქართველო-რუსეთის ტრაბზონულ თამაშზე დასასწრები ბილეთების ყიდვისთვის დიდი ენერგია დახარჯეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბილეთები ტურისტულ სააგენტოებში რეალიზაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაქრა. ბევრმა ისეთმა გულშემატკივარმა დაკარგა თურქეთში წასვლის იმედი, აქამდე ბორჯღალოსნების არც ერთი საშინაო თამაში რომ არ გამოუტოვებიათ. ბევრმა კი მაშინვე გათვალა, რომ თამაშის წინა დღეებში გასაყიდი ბილეთები აუცილებლად გამოჩნდებოდა. რა თქმა უნდა, თავის ფასზე ბევრად უფრო ძვირად.
ევროპის ერთა თასის გადამწყვეტი შეხვედრის წინ გვინდოდა ფორუმის ჩანაწერებით ხასიათზე მოსაყვანი და ბრძოლისთვის განსაწყობი, ნამდვილი ფანური მასალა მოგვემზადებინა, მაგრამ უსიამოვნო მომენტს ვერ ავცდით და გადავწყვიტეთ, სტატიის დასაწყისშივე გამოგვეყენებინა. უფრო ქვემოთ კი გულშემატკივართა წინასამატჩო განწყობასაც გაეცანით და შეხვედრის დაწყების დროს – 17:00 საათს ჩვეულად, მოსაგები განწყობით შეხვდით.
და კიდევ, რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა განზომილებაა, საქართველოსა და რუსეთის სპორტული დაპირისპირებისას პოლიტიკური ნიშნები მაინც თავისთავად ჩნდება და ეს ფორუმზეც გამოჩნდა.
gogau: : მაქვს 2 ბილეთი, 80 დოლარად ვყიდი, ოღონდ ძალიან მალე. სასწრაფოდ დამიკავშირდით.
saburtaloeli: იყიდება რაგბის ბილეთები სასწრაფოდ საქართველო - რუსეთზე დასასწრები. 4 ბილეთი 300 ლარად...
iako kunchulia: : რაგბის ბილეთი არ გინდათ, ლურჯი სექტორი?
toto28 თავის ფასად?
iako kunchulia: ნწუ... სადაა თავისი ფასი...
otofon78 ძალიან ცუდია, რომ ბევრი ნამდვილი ბალელშიკი ვერ მოდის თურქეთში. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბილეთი ვერ იშოვნა. დღეს კი გაძვირებულ ფასს ვერ შეწვდა... რაც შეეხება თამაშს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ასეც იქნება.
Hathor: აუფ როგორ ველოდები, ვეღარ ვძლებ. ერთი ცუდი ისაა რომ ეს ბოლო თამაშია და ამ სეზონზე აღარ მექნება საგულშემატკივრო.
java83: : ოსტრიკოვი, კულემინი და გვოზდოვსკი აკლიათ რუსებს. ანუ დანაკლისი არანაკლებ სერიოზული აქვთ. პლუს ამას ქართველები არ ეყოლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს მაინდამაინც დიდი რესურსი არ გააჩნიათ მათ შესაცვლელად, არამგონია მოგება გაგვიჭირდეს.
borjgali1964 ვფიქრობ, ამხელა აჟიოტაჟი დამატებით ფსიქოლოგიურ პრობლემას შეუქმნის ბიჭებს. ისედაც მშვენივრად იციან, ვის ეთამაშებიან და რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს ქართველი ქომაგებისათვის. არ გვინდა ზედმეტი წაქეზება, არ ჭირდებათ... ობიექტურად, უნდა მოვიგოთ, თან ადვილად (შემადგენლობის გათვალისწინებით).
ისე ვინც იქ მოდის, სავალდებულო წესით უნდა დაავალოს კაცმა, რომ ჩამოსვლის მერე შიდა ჩემპიონატის მინიმუმ 3 თამაშს დაესწროს - ერთს ვარკეთილში, ერთს სინათლეზე და ერთს კონიაკის დასახლებაში.
se viene cani esta vez ძალიან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა ამ მატჩისადმი: გუშინ, აჭარის ტელევიზიაზე ანონსი მიდიოდა 20 მარტს, 22 საათზე ბათუმში გასამართი კონცერტის (ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით) , სადაც აღვნიშნავთ გამარჯვებას და იქვე გვამცნეს, რომ უკლებლივ ყველა რესტორანი 25 პროცენტიანი ფასდაკლებით იმუშავებს. ეგეთ წინასწარ ჰაერში ქუდების სროლას, როგორც წესი იმედგაცრუება მოყვება ხოლმე. მინდა რომ შევცდე და მოვიგოთ ეგ თამაში. თუმცა არა მგონია.
Nacisti08: მიდით ბიჭებო მიაწექით. სისხლით, ხორცით და ჯიგრით რაგბის ქომაგები თქვენს გვერდით ვართ!!!
dmamporia: : ყველა გულშემატკივარს, ვინც დაესწრება ამ თამაშს, მოვუწოდებ ღირსეულად მოიქცეს გულშემატკივრობის დროს, ანუ უგულშემატკივროს თავის გუნდს და არ დაარღვიოს რაგბის მოთამაშეთა ძირითადი პრინციპი – ღირსება.
miloshka2: : ჩემი თაობის მორაგბეები იყვნენ სწორედ ისინი, ვინც აფხაზეთში იბრძოდა, ბევრი მეგობარი დაგვეღუპა იქ და ნაომარმა ბიჭებმა გააკეთეს პირველი ეროვნული ნაკრები! მათგან დაიწყო წარმატებები და აღმასვლა. ისინი რუსებს ბრძოლის ველზე ებრძოდნენ და მოედანზე კი რაგბს ეთამაშებოდნენ. არასოდეს ეს ორი რამ - ომი და რაგბი არ აურევიათ ერთმანეთში, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ჩვენი სისხლი ემართა! ჩვენი გუნდელები მათთან ომში დაიღუპნენ.
ახლა რაც შეეხება თამაშს ტრაბზონში. ყველა ჩვენი ნაკრების წევრის აზრია, რომ მათ, ანუ რუს მორაგბეებს თავიანთი ჩამპალი ქვეყნის და მათი პოლიტიკის გამო პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ. ჩვენ მათ უბრალოდ თამაშით უნდა დავუმტკიცოთ, რომ თუ თანაბარი ბრძოლაა, ქართველი რუსს აჯობებს! ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია.
ისიც მართალია, რომ ომის დროს მხოლოდ რუსეთის რაგბის ფედერაცია გვედგა გვერდით, როგორც შეეძლო. ამისი მომსწრე მეც ვარ.
ბევრს ძალიან უნდა, რომ რაგბი გაპოლიტიზირდეს. ეს ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ, გავითვალისწინოთ მორაგბეების აზრი, მოვიქცეთ ღირსეულად. გამოვთქვათ პროტესტი ჰიმნზე დუმილით, დამიჯერეთ, რუსეთის ჰიმნისას ყურებზე ხელის აფარება და რომ მორჩება, სამარისებული დუმილი უფრო ეფექტური და ორიგინალურია, ვიდრე თუნდაც ზურგის შექცევა, აღარაფერს ვამბობ სტვენა-გინებაზე.
ნაკრების ბიჭებმაც და რაგბის კავშირმაც აღნიშნა, რომ ზურგის შექცევა სწორედ მორაგბეების შეურაცხყოფა გამოდის. მოდით არ გვინდა რა, უბრალოდ ავიფაროთ ყურებზე ხელები და რომ მორჩება, სანამ ჩვენი ჰიმნი არ დაიწყება, ხმა არ ამოვიღოთ. ხოლო ჩვენი ჰიმნისას კი ვიმღეროთ ბოლო ხმაზე. ძალიან ეფექტური იქნება.
kukaracha1981: : ქართველებო რუსეთის ჰიმნის დროს პროტესტის გამოხატვა ყველას გვინდა და ჩემი აზრით აუცილებელიც არის! სახელმწიფო ჰიმნი ქვეყნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია! და ქართველებისგან რუსეთის სახელმწიფო პროტესტს იმსახურებს (და არა მარტო პროტესტს). ეს პროტესტი აუცილებლად იქნება!!! მთავარია სწორი და ცივილური ფორმა შევარჩიოთ და რაც მთავარია ყველამ ერთად ერთი საქმე გავაკეთოთ.
მეც ორივე ხელით ვეთანხმები პროტესტის ფორმას: რუსეთის ჰიმნის დროს ყველა ავდგეთ ფეხზე და ზურგი შევაქციოთ სტადიონს დასრულდება თუ არა ყველა შემოვბრუნდებით და მთელი ძალით/ხმით ვიმღერებთ საქართველოს ჰიმნს ძალიან ეფექტური და მაგარი იქნება ქართველებო!!!!!
1.არაცივილურობაში ვერავინ ვერ დაგვდებს ბრალს.
2. პროტესტი გამოთქმული იქნება ღირსეული თან მაღალი დონის.
3. და თავისი ეფექტურობიდან გამომდინარე რუსებს მაგრად დავაფრთხობთ!!! სრული სიჩუმიდან უცებ ქართული ჰიმნი მთელ ხმაზე მართლა იმუშავებს!!!! და დიდი შანსია ყველა საერთაშორისო ტელევიზიამ გააშუქოს!!!
Piligim: ვინც იქ ვიქნებით, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ წესრიგზე და გვერდით მჯდომებსაც მოვუწოდოთ ამისკენ. ეს იქნება ჩვენი გულშემატკივარისთვის დიდი გამოცდა და უნდა ჩავაბაროთ წარმატებით! ამ შემთხვევაში პოლიტიკა განზე უნდა გავწიოთ (თუმცა, ემოციების მოთოკვა გაჭირდება, მაგრამ აუცილებელია).
მოამზადა ოთარ მაღლაკელიძემ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია