ფრანგულმა გრანდებმა ექვსი ერის დაწყებით გამოწვეული პაუზით ისარგებლეს და სუპერ რაგბის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახალი სეზონისთვის ემზადებიან, საკონტროლო თამაშები გამართეს.
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძისა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ სამხრეთ აფრიკულ „შარქსთან“ 21:29 დამარცხდა. ეს შეხვედრა რაგბის ქართველი ქომაგისთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ტულონელთა პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტანს, კვაჭ ბადრი ალხაზაშვილს. ის შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა, მოედანზე 8 წუთი გაატარა, ბრძოლაში თამამად ჩაერთო და აქტიურად მონაწილეობდა იმ შტურმში, რომელიც „ტულონმა“ ბოლო წუთებში მეტოქის წითელ ზოლში მოაწყო, თუმცა, ეს შტურმი უშედეგოდ დასრულდა.
„შარქსის“ წინააღმდეგ არ უთამაშია გორგოძეს, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი, დაასვენეს ჩილაჩავა, ხოლო მიქაუტაძე სრულად გაისარჯა და ფრანგთა შორის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის განსაკუთრებით მეორე ტაიმში აქტიურობდა, რამდენჯერმე შეუტია, გაჭრა ხაზი, მოიგო მნიშვნელოვანი მეტრები, გაახერხა ოფლოუდი და სამივე იმ მოლის სულის ჩამდგმელი იყო, რომლებსაც „ტულონის“ ლელოები მოყვა.
აფრიკელებმა ტაიმი 17:0 მოიგეს და მეორე ტაიმის დასაწყისში მე-4 ლელო გაიტანეს. ფრანგებმა ამის შემდეგ ორი მოლი ლელოებით დაასრულეს, მერე მეხუთე ლელო მიიღეს და 72-ე წუთზე მათმა მოლმა მესამე, ამჯერად საჯარიმო ლელო დაიმსახურა. მოკლედ, მიქაუტაძის კარგი გარჯა წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ტოპ 14-ის ლიდერმა, დავით ხინჩაგიშვილის „რასინგმა“ ჰონკონგში ერთკვირიანი შეკრება გაიარა და ახალზელანდიურ „ჰაილენდერზთანაც“ ითამაშა. შეხვედრა სახალისო გამოდგა და ქართველმა ბურჯმა მეორე ტაიმში ითამაშა. ზელანდიელებმა პირველი 40 წუთი 21:12 მოიგეს და მეორე ტაიმის დებიუტში კიდევ ერთი ლელო გაიტანეს. 45-ე წუთზე. პარიზელთა მესამე ლელოს დროს, გაშლილ იერიშში ქართველმა ბურჯმა აქტიური მონაწილეობა მიიღო, ბურთით კარგად იარა, პასი გააკეთა და კიდევ ორი გადაცემის შემდეგ, „რასინგმა“ ლელო გაიტანა - 17:26.
54-ე წუთზე ფრანგებმა მეხუთე ლელო მოლის შედეგად დადეს, ხინჩაგიშვილი აქაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა და „რასინგი“ 31:26 დაწინაურდა. „ჰაილენდერზემა“ წონასწორობა მალევე აღადგინა, 69-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო-გარდასახვა გაქვითა (38:38), მაგრამ ხინჩაგიშვილისა და მისი მეგობრების მორიგ მოლს 77-ე წუთზე ვერ დაუდგა და „რასინგმა“ 45:38 იმარჯვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია