ამბები

3:18 | 21.03.2010 | ნანახია 6024 - ჯერ

სარეკორდო სხვაობით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპისა და 2009-10 წლების „ერთა თასის“ დასკვნით მატჩში, რუსეთის ნაკრები 36:8 დაამარცხა და ახალი ზელანდიის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიო ფორუმზე მისი მეტოქეები არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიისა და რეპეშაჟის გამარჯვებული გუნდები იქნებიან.
კომპანია „ნატახტარი კასრის“ მიერ ორგანიზებული „ქართული რაგბის ქომაგთა კლუბის“ პირველმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა ის შედეგი მოიტანა, რომ თურქეთში ქართველ გულშემატკივართა მიერ პირთამდე შევსებული ტრიბუნებით შეგულიანებულმა „ბორჯღალოსნებმა“, „დათვებს“ ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით - 28 ქულით აჯობეს. რაც მთავარია, გულშემატკივართა მხარდაჭერა მართლაც რომ იდეალური იყო, რასაც ქართველთა თავდადებული თამაში ზედ დაერთო და ტიმ ლეინის გუნდმაც რუსებს მორიგი “მწარე სილა” გააწნა.
ანგარიში არეკნით მერაბ კვირიკაშვილმა მალევე გახსნა, თუმცა, რუსებმა ქართველებს მყის უპასუხეს და მე-15 წუთზე ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და მხოლოდ 5:3 დაწინაურდნენ. რუსთა გამოხტომამ ქართველები კიდევ უფრო გაახელა, მათ მეტოქე მთელი შეხვედრის განმავლობაში ყველა კომპონენტში დაჯაბნეს - მონდომებასა და თავდადებაში, შერკინებასა და აუტში. მე-20 წუთზე, ურჯუკაშვილის წამოწყებული შეტევა ზირაქაშვილმა გააგრძელა, ორ მცველს სისწრაფეში გასცდა და ქართველთა ლელოების ფეირვერკს სათავე დაუდო, კვირიკაშვილმა კი, ზუსტი რეალიზაციით, „ბორჯღალოსანთა“ უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა - 10:5.
სამ წუთში ქართველთა ფიზიკურმა მიძალებამ რუსეთის ჩათვლის მოედანში მეორე ლელოს გატანა განაპირობა. აუტიდან ბურთის მოგების შემდეგ, „ბორჯღალოსნებმა“ მოლი ააგორეს, დაახლოებით, 22 მეტრით წინ წაიწიეს და ნატრიაშვილმა ლელო მიითვალა, მაგრამ კვირიკაშვილს გარდასახვისას, ამჯერად, მიზანმა უმტყუნა. 33-ე წუთზე მორიგი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ჩხაიძემ ბურთი აიტაცა და ძელებსშუა ქართველთა მე-3 ლელო გაიტანა, კვირიკაშვილის რეალიზაციამ კი, პირველი ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 22:5.
მე-2 ნახევარი 5 წუთის განახლებული იყო, როდესაც ქართველთა შერკინებამ მეტოქისას უკან დაახევინა, ბურთი უდესიანმა აიტაცა და მორიგი ლელო, “მეკო” კი, ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა - 29:5. 73-ე წუთზე, ქართველთა შერკინებას რუსები კვლავ ვერ გაუმკლავდნენ და ორჯერ შერკინების განზრახ ჩაქცევისთვის ისინი საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, კვირიკაშვილმა კი, ეს გარდასახვაც გამოიყენა. მანამდე, რუსებმა ერთი ჯარიმა კი გაიტანეს (ეს კუშნარიოვმა მოახერხა), მაგრამ მათ სირცხვილს აბა ეს როგორ უშველიდა...

2009-2010 წლების “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა
20 მარტი. თურქეთი. ტრაბზონი. Akcaabat Fatih (17:00 საათი. თბილისის დრო)
საქართველო - რუსეთი 36:8 (22:5)
საქართველოს ნაკრები:
15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა (21. ირაკლი გიორგაძე 71-ე წ.), 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა (20. ლაშა მალაღურაძე 74-ე წ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9 ირაკლი აბუსერიძე (20. ლაშა მალაღურაძე 16-21 და 43-50 წუთები. დროებითი შეცვლა; 17. ანტონ ფეიქრიშვილი 74-ე წ.); 1. დავით ხინჩაგიშვილი (16. გოდერძი შველიძე 51-ე წ.), 2. იური ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი (18. გიორგი ნემსაძე 74-ე წ.), 4. ილია ზედგინიძე (18. გიორგი ნემსაძე 16-21 წუთები. დროებითი შეცვლა; 22. ირაკლი ჩხიკვაძე 74-ე წ.), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე (19. ლაშა თავართქილაძე 69-ე წ.), 8. ბესარიონ უდესიანი.
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია – ესპანეთი 17:21
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი 9:20
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
 

1 საქართველო 10 8 1 1 +194 27
2 რუსეთი 10 7 1 2 +116 25
3 პორტუგალია 10 5 1 4 +106 21
4 რუმინეთი  9 5 1 3 +101 20
5 ესპანეთი  9 2 0 7 -114 13
6 გერმანია 10 0 0 10 -403 10

შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე - 1

ზურა ქსოვრელი
ტრაბზონიდან

P.S: საქართველო-რუსეთის მატჩის ვრცელ მიმოხილვას, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას და კომენტარებს ხვალ შემოგთავაზებთ 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078266