ამბები

11:01 | 22.03.2010 | ნანახია 6521 - ჯერ

ნერუშიმი ლენინისთვის, რუშიმია ლეინისთვის! ...მით უფრო, ქართველებისთვის!!!

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა საყოველთაო ინტერესს რომ იწვევდა, ორი აზრი არ იყო, მაგრამ თუ ასეთ ფართო გამოხმაურებას ჰპოვებდა, ამაზე არავინ არ ფიქრობდა. თურქები, რომლებსაც რაგბიში ნაკლებად რამე გაეგებათ, სრულად იყვნენ ინფორმირებული იმაზე, რომ მათ ქვეყანაში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დიდი ჯახი იმართებოდა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ქართველებმა რუსები სარეკორდო – 28-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს, თურქებმა კი, ის ნახეს, რამაც რაგბის თამაში მომავალში უნდა შეაყვაროთ...

თბილისიდან ტრაბზონამდე

კომპანია “ნატახტარი კასრმა”, გულშემატკივართა ორგანიზებულ მსვლელობასთან ერთად, საკუთარ თავზე, ჟურნალისტების, მომღერლების, მოცეკვავეებისა და ცნობილი სახეების ტრანსპორტირება აიღო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველ ჟურნალისტთა უცხო ქვეყანაში გადაადგილება და თანაც, გულშემატკივრებთან ერთად, ორგანიზებულად ხდება. ამაში კი, სრული დამსახურება, სწორედ ამ კომპანიას მიუძღვის.
სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ პირველსავე წუთებიდან ვერ მოხერხდა პუნქტუალურობის დაცვა და სანამ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ავტობუსი “ვარდების მოედნიდან” დაიძვრებოდა, მანამდე, ტრაბზონისკენ გულშემატკივართა მთელი კოჰორტა გაემართა.
ჟურნალისტები თურქეთისკენ 22 საათიდან დავიძარით. გაგვიმართლა და ჩვენთან ერთად, მომღერალთა გუნდის 9 წევრი მოხვდა, რომელთაც რიკოთამდე სიმღერით გაგვამხნევეს, მერე კი, ყველამ ერთად, შეძლებისდაგვარად, ძილს მივეცით თავი. სიმშვიდე საკონტროლო პუნქტმა დაარღვია, სადაც აუცილებელი პროცედურის გავლის - საზღვრის გადაკვეთისას პასპორტების შემოწმების დრო დადგა, თუმცა, გამარტივებული წესით, ეს ამბავი, დაახლოებით, ერთ საათში ჩავამთავრეთ.
...თითქოსდა არაფერი, მაგრამ უცბად აღმოვჩნდით სულ სხვა სამყაროში, სადაც ზღვის სანაპირო, სრულიად მორგებული იყო იმაზე, რა დანიშნულებაც აქვს. ნავებისთვის შექმნილი ხელოვნური ყურეები, ერთმანეთისგან სტანდარტულად დაშორებული მანძილით, რაც ჯამში, სილამაზესთან ერთად, მომუშავე პერსონალისთვის სრულ კომფორტს იძლევა.
გზა იმდენად კომფორტული იყო, რომ ტრაბზონამდე განვლილი 300 კილომეტრი ლამის შეუმჩნევლად გაილია. სრული გამოფხიზლება იმან გამოიწვია, რომ ტრაბზონში მიმავალი თვითმფრინავი ლამის თავზე დაგვაჯდა. აეროპორტის დასაჯდომი ბილიკი იმ ზოლის გასწვრივაა, სადაც მანქანები მოძრაობენ. ეს იმდენად ლამაზი სანახაობაა, რომ ერთ რამედ ღირს.
ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ის, იდეალურად  მოწყობილი გზატკეცილია, რომელიც გვერდს უვლის ქალაქის ცენტრს. ტრაბზონში ადრე ჩავედით, ავტობუსმა ნავსაყუდელი ქალაქის გარეუბანში განლაგებულ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრ “ფორუმთან” იპოვა, რომელიც ჩვენი ჩასვლიდან 2 საათის შემდეგ იხსნებოდა. დაინტერესებულმა გულშემატკივრებმა გეზი ქალაქის ცენტრისკენ ავიღეთ, ოღონდ სხვა რამე არ იფიქროთ - საყიდლებზე მეტად, ქალაქის დათვალიერება და იქაური ხალხის განწყობა გვაინტერესებდა.
ქალაქი საპორტოა, მუშათა დასახლებას წააგავს, სადაც ყოველ ნაბიჯზე ე.წ. “ელიავას ბაზრობა” გახსენდება, მაგრამ სასიამოვნო ის იყო, რომ იქაურებს ქართული დროშის ფერში მორგებული სამოსი ეცნობოდათ, “გურჯისტან, გურჯისტანს” გაიძახოდნენ და ისიც იცოდნენ, რომ სულ მალე, საღამოს, რუსეთთან თამაში გვქონდა. თუმცა, რაგბის ამერიკულ ფეხბურთს ამსგავსებდნენ და იცოდნენ რა, რომ ჭიდილი იქნებოდა, ქართველებს წარმატებას უსურვებდნენ...
ტრაბზონის მოსახლეობა ჭრელია. 40 წელს გადაცილებული ქალბატონები ჩადრებით დადიან, უფრო ნაკლებისა კი, ცოტა შერეულად (ზოგი ისე, ზოგი ასე). მაღალსართულიანი სახლი, პირადად მე არ შემხვედრია. ისე, ლამის ყველა სახლის ქვეშ სავაჭრო სალონია განთავსებული. სხვათა შორის, სავაჭრო სალონში შესვლისას, კონსულტანტის კუდში დევნა არ გჭირდება – თავად ირჩევ პროდუქციას, მერე პატიოსნად მიდიხარ გამყიდველთან და შესაბამის თანხას იხდი. პირადად მე, თურქული გაზეთის შეძენისას, სადაც პირველ გვერდზე ქართველი მორაგბეების ამსახველი ფოტო იყო გამოსახული (ტექსტი მე-13 და ზ3-ეზე), ბოლო გვერდზე  კი, ფეხბურთელი შოთა არველაძის ფოტო და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მისი გამყიდველის ძებნაში, დაახლოებით, 20 წუთი გავლიე, არადა, სულ რაღაც 0,50 ლირა იყო გადასახდელი...
საერთოდაც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ქალაქში ყველაფრის აღება და გადაუხდელად სახლში წაღება შეიძლება, მაგრამ მსგავსი აზრი თავში არავის მოსდის და ამიტომაც, მაღაზიის მფლობელები თუ გამყიდველები, უდარდელად არიან.
...მარტო “ფორუმში” რა გვინდოდა და ქალაქის დათვალიერებაც დავიწყეთ. ფეხით გავლილი “ელიავას” შემდეგ, ქალაქის ცენტრში გავედით. ძველი სახლების ერთი ნაწილი დანგრეულია და სარეკონსტრუქციოდაა გამზადებული, მეორე ნაწილი იდეალურად გამოიყურება. ისტორიული ძეგლები მრავლადაა, მაგრამ დიდი ვერაფერი სანახავია. ტრაბზონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა “აია სოფიაა”. დათვალიერება 3 თურქული ლირა, დაახლოებით, 4 ლარი ღირს, თუმცა, გარე ფასადისა და იქიდან დანახული ხედის გარდა, საინტერესო ვერაფერი შევატყვე. მართალია, ის ბიზანტიელებმა კარგა ხნის წინათ ააგეს და ევროპაში განსაკუთრებული ძეგლია, თურქებიც მას სათანადოდ პატრონობენ, მაგრამ მომცრო ტაძარში შიგნით არაფერია, გარე ფასადის ნახვა კი, ისედაც შეიძლება.
დავათვალიერეთ ქალაქი, თავისი ვიწრო ქუჩებით და სავაჭრო “ოთახებით”, დავბრუნდით ავტობუსთან და უკვე ვიცოდით, რომ იქაური მაცხოვრებლები ზუსტად იყვნენ გარკვეულნი - საქართველო რუსეთს სწორედ მათ ქალაქში მასპინძლობდა. ტრაბზონი აჭრელებული იყო საქართველოს დროშებით, თუ მისი მანიშნებელი ყელსაბამებითა და სხვა ატრიბუტებით აღჭურვილი ადამიანებით. თურქების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენსკენ იყო, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ საქმე ვაჭრობამდე მივიდოდა. აი, ამ მომენტში კი, ისინი შეუდარებელნი იყვნენ და მინიმალურფასიანი საქონლის, ან მომსახურების, ათმაგად გასაღებას ყოველმხრივ ცდილობდნენ!
ბოლოს, როგორც იქნა, დათქმული დროიდან, დაახლოებით, საათნახევრის დაგვიანებით (რადგანაც ქართულმა ხასიათმა თავი იჩინა და ავტობუსის მგზავრებმა დაიგვიანეს),  ტრაბზონის მახლობელ, იმ დაბისკენ ავიღეთ გეზი, სადაც თამაში უნდა ჩატარებულიყო. გაგიკვირდებათ და, საღამო ხანს, ტრაბზონი, სადაც, გავიმეორებ - ოდნავ ხანში შესული ქალებიც კი, ჩადრით, უფრო მეტად კი, თავსაბურებით დადიან, ნელ-ნელა ევროპულ ქალაქს დაემსგავსა - ზღვის პირას ჩალაგებულ სკამებზე ახალგაზრდა წყვილები იყვნენ განმარტოვებული და...
თამაში
სტადიონი, სადაც თამაში იმართებოდა, ტრაბზონიდან, დაახლოებით 20-25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სანამ მივიდოდით, გზაში თურქები ტაშით აცილებდნენ ქართული დროშებით აღჭურვილ ავტომანქანებს, მათთან მიდიოდნენ და თამაშის სავარაუდო შედეგს ეკითხებოდნენ, არცთუ ძნელად გამოსაცნობი პასუხის შემდეგ კი, აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. მათ კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავდა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა დაპირისპირება. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ისიც თქვა - ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთი და ოსეთი ქართული ტერიტორიაა და რუსების წინააღმდეგ აუცილებლად თქვენს გვერდით ვართო.
წინმსწრებად გეტყვით, ჟურნალისტთა ლოჟაში იჯდა პიროვნება, რომელსაც ქართული დროშა ეკავა და რაგბის უცოდინრობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თურქი ჟურნალისტი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსი ჯარისკაცების მიერ დაცხრილულ ავტომობილში იჯდა...
სტადიონზე მისულ ქართველ გულშემატკივრებს თურქები პირდაღებული უყურებდნენ. პოლიციაც გაოგნებული ჩანდა, რადგანაც მათ, ალბათ, აქამდე, ასეთ ვითარებაში ღობეზე გადაძრომა არასდროს ენახათ. თურქები ქართველების შეძახილებს ცოტა შიშით აღიქვავდნენ, მაგრამ როცა აზრს იგებდნენ, მშვიდდებოდნენ და ქართველებს მხარს გულმხურვალედ უჭერდნენ. ზოგიერთი მათგანი ქართულ ენაზე გასაუბრებასაც ცდილობდა!
მოკლედ, სტადიონზე მხოლოდ ქართველი გულშემატკივარი იყო! რუსეთის, ანუ ყიფილი საბჭოთა კავშირის ჰიმნს მათ მდუმარე პროტესტით ვერ უპასუხეს და შესაბამისად, ეს “ბგერები” თუ “ჰანგები”, პრაქტიკულად არც გაჟღერებულა, რაშიც პირადად მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგანაც მისი მოსმენა სიამოვნების მომგვრელი არცერთი ქართველისთვის და არც ჩემთვის, არასოდეს იქნება. აი, საქართველოს ჰიმნი კი, თავად შემსრულებელმა ვერა, მაგრამ მორაგბეებმა ტრადიციულად, ხოლო ტრიბუნებმა გასაოცრად ერთსულოვნად შეასრულეს და თამაშიც დაიწყო.
პირველსავე წუთზე მსაჯმა ქართველები დააჯარიმა და იური კუშნარიოვმა, დაახლოებით, 42 მეტრიდან ანგარიშის გახსნა სცადა, მაგრამ კარს ვერც კი მიაღწია. რუსებს საწყის წუთებში კარგი განწყობა ეტყობოდათ, ქართველებს დაძაბულობა და ერთი შეტევა ლამის გამოეპარათ, მაგრამ სიჩქარეაკრეფილი მეტოქე აუტში გადადენეს. ქართველთა მთავარი ტაქტიკა მყისვე ამოქმედდა, ჯანში ჯობნამ, მიწოლამ და მოლის აგორებამ, საწყის წუთებში შედეგი მცირედით მოიტანა. პატარა მანძილის მოგების შემდეგ, ურჯუკაშვილმა და ხინჩაგიშვილმა ხაზი ვერ გაჭრეს, მაგრამ გამოტანილი ბურთი “მეკომ”, დაახლოებით, 26 მეტრიდან დაჰკრა და არეკნი გაიტანა - 3:0.
ტაქტიკა თავიდანვე ცხადი გახდა. ლეინმა მანამდეც თქვა, რომ რუსებთან ქართველთა მთავარ კოზირს - ძალას გამოიყენებდა. თამაშმა ისიც ცხადყო, რომ ორივე გუნდს საშინელი მოტივაცია ჰქონდა და მოედანზე შეხვედრა კი არა, ბრძოლა გაჩაღდა. მაღალი ტემპის ფონზე, ქართველებმა სტატიკაში, შერკინებასა და აუტში რუსები საგრძნობლად დაჩაგრეს, თავიანთი არაფერი დაუთმეს, მეტოქისა რამდენჯერმე წამოიღეს და ამან, საერთო ჯამში, შედეგი მოიტანა. მთელი მატჩის ჯამში, რომ არაფერი ვთქვათ გატანილ ლელოებზე, თუნდაც მხოლოდ ზიბზიბაძის ბოჭვებმა ცხადყო, რომ რუსეთს შანსი არ ჰქონდა.
მალევე კაჭარავას შეტევა შეჩერდა და ლამის ჩხუბი ატყდა. მერე კი რუსებმა ხელით კარგად გაათამაშეს ბურთი, სხარტმა ბაბაევმა ხაზი გაჭრა, ქართველებმა ვასილი არტიომოვი ხაზს იქით გადადენეს, მაგრამ რეფერიმ მეტოქეს უპირატესობა დაუბრუნა, მათაც აუტი მოიგეს, რაქიდან შეუტიეს და ალექსეი პანასენკომ ბურთის ქართველთა ჩათვლის მოედანში გადადება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლელო რუსებს მაინცდამაინც არ გახარებიათ. ეტყობა, იგრძნეს, რომ კარგი არაფერი ელოდათ. კუშნარიოვს ფეხები აუკანკალდა და გარდასახვა ააცილა.
ლელოს გაშვების მომენტში დაშავდა ორი ქართველი მეომარი - კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და ყოფილი კაპიტანი ილია ზედგინიძე. მათმა დროებითმა შემცვლელებმა კარგად იმუშავეს, უფრო უკეთ ურჯუკაშვილმა, რომელმაც მე-20 წუთზე რუსთა ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარ ნახევარზე დაიჭირა, დიაგონალზე წინ წაიწია, მეტოქე მორაგბეები თავისკენ მიიზიდა.
სანამ ისინი დაცვისთვის დაეწყობოდნენ, მარჯვნივ სწრაფად ჩათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ზირაქაშვილმა პასს, ინიციატივის საკუთარ თავზე აღება ამჯობინა, ორ მცველს დაუსხლტა, პირველიხაზელისთვის უჩვეულო სისწრაფე აკრიფა და საპასუხო ლელო გაიტანა, რითაც გულშემატკივარი აღაფრთოვანა. მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 10:5 გახდა, რის შემდეგაც მოედანს ორივე დაშავებული ქართველი დაუბრუნდა.
23-ე წუთზე, “ბორჯღალოსნებმა” საკუთარი მაგალითით აჩვენეს - რუსეთი თანასწორ სიტუაციაში საქართველოს წინ ვერ აღუდგება! ქართველებმა მოლით თავიანთი 22-ის ხაზიდან მეტოქე საკუთარ ნახევარზე გადადენეს და რუსებს ისღა დარჩენოდათ, რომ დაჯარიმებულიყვნენ. “ბორჯღალოსნებმა” “სისხლის სუნი” იკრეს, ბურთი აუტში გადაგზავნეს, მოწოდება მოიგეს, ისევ მოლი დააყენეს, რუსები დაახლოებით 23 მეტრი ათრიეს, საკუთარ ჩათვლის მოედანში შეიყვანეს და ისეთი ლელო დაუდეს, რომ მომენტალურად თამაშიდან გასვლის სურვილი გაუჩინეს. გუნდური ლელო ანგარიშზე ნატრიაშვილმა ჩაიწერა, რადგანაც ბურთი მან დაამიწა, კვირიკაშვილს კი გარდასახვა გაუცუდდა.
29-ე წუთზე, “მხცოვანმა” გია ლაბაძემ დერეფანში ბრწყინვალედ იბრძოლა, მეტოქის მოწოდება მათსავე 22-ში მოიგო, მოლის შემდეგ თამაში რაქში გადავიდა, დადუნაშვილი მეტოქის ჩათვლის მოედანში ჭიდილით შევიდა, მაგრამ მეტოქეები ჩაუწვნენ და ბურთი ვერ დაამიწა. სამაგიეროდ, 5-მეტრა შერკინების შედეგად ქართველებმა კვლავ შეუტიეს, პირველის ჩაშლის შემდეგ (საერთოდ, რუსები ქართველთა მორკინალების მიძალების ჩაშლას ხშირად ცდილობდნენ), მეორე ჯერზე მიზანს ვერ უწიეს, აბუსერიძის გამოტანილი ბურთი ჩხაიძემ მოიგო და ორ მეტოქესთან ჭიდილში ლელო გაიტანა, კვირიკაშვილს კი გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია და ანგარიში 33-ე წუთზე 22:5 გახდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ტრიბუნაზე გამოტანილი ბანერი, რომელიც ქართველთა 100-ქულიანი სხვაობით მოგებას ითხოვდა, ძალიან ახლოს იყო! რუსები სულ გატყდნენ, ქართველებმა კი ეს ლელო გვარიანად აღნიშნეს, კარგად დაირაზმნენ და რუსთა მოძალება ღირსეული ბოჭვებით აღკვეთეს, დარჩენილი დრო კი, მეტოქე უბურთოდ, მათსავე ნახევარზე აწვალეს და ტაიმი 17-ქულიანი სხვაობით მოიგეს.
მე-2 ნახევარი კვლავ ქართველთა მძლავრი შეტევით დაიწყო. უდესიანისა და აბუსერიძის გარღვევას, რამდენიმეფაზიანი შეტევა მოჰყვა. მსაჯმა ლელოს დასაფიქსირებლად, ვიდეო-გამეორება მოითხოვა და რადგან არ იყო, ქართველთა სასარგებლოდ 5-მეტრა შერკინება დანიშნა. ამ დროს, აბუსერიძეს თავზე ჭრილობა კვლავ გაეხსნა და ის დროებით კვლავ მალაღურაძემ ჩაანაცვლა, რომელიც 10 ნომრის პოზიციაზე დგებოდა, 9-ის ადგილზე კი, “მეკო” დროებით მეორედ დადგა. ლელო კიდევ ერთხელ გავიდა - მიძალების შემდეგ, ბურთი უდესიანმა აიტაცა, ცრუმოძრაობით, ოპონენტები ხახამშრალი დატოვა და როგორც სჩვევია, ხაზს იქით გადაგორდა, კვირიკაშვილმა კი, ზედ ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა.
ქართველებმა ლამის გამარჯვება ირწმუნეს და მეტოქეს რამდენიმე შეტევის განხორციელების საშუალება მისცეს. ამ დროს კარგად ითამაშა უკანა ხაზმა, რომელმაც რუსები მაგრად ბოჭა და გასაქანი არ მისცა. ამ სიტუაციას მოედანზე მდგომარეობის დაძაბვა მოჰყვა, რაც აბუსერიძემ ერთ-ერთი რუსისთვის სილის გაწვნით დაასრულა. ჩხუბი არ ატყდა და რეფერიმაც მატჩის სადავეების დასაბრუნებლად მხოლოდ სიტყვები იხმარა.
65-ე წუთისთვის, რუსებმა სხვაობის შემცირებაზე დაიწყეს ზრუნვა, დიდი სხვაობით რომ არ წაეგოთ და კუშნარიოვმა ჯარიმა გაიტანა. აბა ამას “ბორჯღალოსნები” როგორ აპატიებდნენ და ლაბაძემ აუტში, დანარჩენებმა კი შერკინებაში, მეტოქე მაგრად დაიბრიყვეს, რასაც რეფერიმაც ვეღარ გაუძლო და 73-ე წუთზე ტექნიკური ლელო ჩათვალა, ხოლო კვირიკაშვილს გარდასახვა არც ამჯერად გაუცუდდა.
შეცვლაზე გასული რუსები მოედანს თავჩაქინდრული ტოვებდნენ, ტრიბუნებზე მყოფი ქართველი გულშემატკივრები კი ტალღებს აგორებდნენ და ჰიმნს მღეროდნენ.
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და ქართველი გმირები დიდი ზეიმისთვის ემზადებოდნენ. ქართველთა რამდენიმე ჩაშლილი შეტევის შემდეგ, რეფერიმ საფინალო ჩასტვინა და საქართველოს ნაკრებმა რუსეთს სარეკორდოდ - 28 ქულის სხვაობით – 36:8 აჯობა!
ერთი რამ ცხადზე ცხადია – რუსეთი საქართველოს ტოლი, ბრძოლის ჟინში და მონდომებაში ვერასდროს იქნება. როგორც თავის დროზე ტიმ ლეინმა თქვა, ნეიტრალურ მოედანზე, თოვლსა თუ ყინვაში, ავდარში თუ მზიან ამინდში, საქართველოს რუსეთი ვერსად აჯობებს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
რუსთა მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში პრესკონფერენციაზე გულ და ტვინდამძიმებული მოვიდა.
“ჩვენ კი მცდელობას არ ვაკლებთ, მაგრამ საქართველოს ნაკრები ყოველთვის სულ სხვა დონეზეა. იმედია, მსოფლიოს თასზე თამაში გამოცდილებას შეგვძენს და ის, რაც პორტუგალიასთან და რუმინეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთანაც გამოგვივა. თქვენმა გულშემატკივრებმა გამაოცეს და პრინციპში, ასეთ ატმოსფეროში თამაში ჩემი გუნდისთვის სასარგებლოა. იმედია, გავიზრდებით და მომავალში, ქართველებთან წარუმატებელი თამაშის სტატისტიკის შეცვლასაც მოვახერხებთ” – თქვა ნერუშმა.
“პირველი მიზეზი, რის გამოც ქართველებთან მუდამ ვაგებთ, ისაა, რომ თქვენ უკვე მესამედ ითამაშებთ მსოფლიოს თასზე და უდიდესი გამოცდილება გაქვთ, რაც ჩვენ ახლა უნდა შევიძინოთ. მეორეც, თქვენი ნაკრების წევრთა უმრავლესობა საფრანგეთის ძლიერ ჩემპიონატში თამაშობს, რომელსაც რუსეთის პირველობა ვერანაირად ვერ შეედრება. რუმინელებს შიდა პრობლემები ჰქონდათ და ამის გამო ვუგებდით, თორემ ისინიც ჩვენზე წინ არიან” – განაცხადა რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ვლადისლავ კორშუნოვმა და ჟურნალისტებს მადლობა უთხრა იმის გამო, რომ პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვები არ დასვეს.
საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი, პრესკონფერენციაზე ჰერკულესის პორტრეტით გამოცხადდა და თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში იმ დღეს 22 ჰერკულესი თამაშობდა.
“ვისურვებდი, რომ სხვა შეხვედრებშიც ასეთი განწყობით გასულიყვნენ მორაგბეები  მოედანზე. მოთამაშეებს სხვა დროს კონცენტრირება უჭირთ და ნეტა ყოველთვის რუსეთის ნაკრებს ვეთამაშებოდეთ. ზირაქაშვილის ყოფნამ გუნდს საკუთარი ხელი დაატყო. ერთი მორაგბე თამაშის შედეგს ვერ ცვლის, მაგრამ ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია. რუსებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით მე-2 ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში. მე კი ექსპერიმენტებს განვაგრძობ, რისი ნაწილიც კვირიკაშვილის 10 და ურჯუკაშვილის 15 ნომერზე თამაში იყო. მათ შესანიშნავად ითამაშეს და იგივე კომბინაციას მომავალშიც გამოვიყენებ. მსოფლიოს თასამდე დრო გვაქვს და მისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. თუ რუსებთან თამაშის მსგავსი განწყობა იქნება, მჯერა, ზელანდიაში 2 მატჩის მოგება შეგვიძლია. კვირიკაშვილისა და ურჯუკაშვილისთვის პოზიციების შეცვლა იმითაცაა კარგი, რომ ნაკრებისთვის ახალი მორაგბეები მყავს შერჩეული და მათთვის თავის გამოჩენის შანსი გაჩნდება. უპირველესად, მათთვის ყველაზე კარგი შანსი, ბუქარესტში, IRB-ს ერთა თასზე კარგი გამოსვლა იქნება” – თქვა ტიმ ლეინმა.
“რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს თასზე გასვლას ვულოცავ, ჩვენ კი, დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგანაც ამხელა გზაზე ჩამოსულ გულშემატკივარს იმედს ვერ გავუცრუებდით. რუსებთან შეხვედრას პოლიტიკური დატვითვაც აქვს, მატჩს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში შევხვდით და შედეგიც სახეზეა” – ეს სიტყვები გოდერძი შველიძეს ეკუთვნის.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და მთელმა გუნდმა, ღვთისმშობლის ხატთან, რომელიც მუდამ თან დააქვთ, მადლობა მოიხადეს.
ჩვენ კი, მთელი ქართველი ერი მადლობას ვუხდით საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, რომელიც მუდამ საქართველოს სახელის დაცვის სამსახურშია!!!

 

2009-2010 წლების “ერთა თასისა” და 2011 წლის
მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა
20 მარტი. თურქეთი. ტრაბზონი. Aკცააბატ Fატიჰ (17:00 საათი. თბილისის დრო)
საქართველო - რუსეთი 36:8 (22:5)
საქართველოს ნაკრები:
15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა (21. ირაკლი გიორგაძე 71-ე წ.), 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა (20. ლაშა მალაღურაძე 74-ე წ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9 ირაკლი აბუსერიძე (20. ლაშა მალაღურაძე 16-21 და 43-50 წუთები. დროებითი შეცვლა; 17. ანტონ ფეიქრიშვილი 74-ე წ.); 1. დავით ხინჩაგიშვილი (16. გოდერძი შველიძე 51-ე წ.), 2. იური ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი (18. გიორგი ნემსაძე 74-ე წ.), 4. ილია ზედგინიძე (18. გიორგი ნემსაძე 16-21 წუთები. დროებითი შეცვლა; 22. ირაკლი ჩხიკვაძე 74-ე წ.), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე (19. ლაშა თავართქილაძე 69-ე წ.), 8. ბესარიონ უდესიანი.
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
რუსეთის ნაკრები: 1. ალექსანდრ ხროკინი (17. ვლადიმირ ბოტვინიკოვი, 74), 2. ვლადისლავ კორშუნოვი (16. ევგენი მატვეევი, 74), 3. ევგენი პრონენკო (18. ალექსეი ტრავკინი, 54), 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. არტიომ ფათახოვი, 6. ვიქტორ გრესევი, 7. ალექსეი პასანენკო, 8. ანდრეი ტემნოვი (19. კირილ კუშნარიოვი, 65), 9. ალექსანდრ იანუშკინი (20. ალექსანდრ შაკიროვი, 74), 10. იური კუშნარიოვი, 11. ვასილი არტემიევი, 12. სერგეი ტრიშინი (22. ალექსეი მაკოვეცკი, 54), 13. მიხაილ ბაბაევი, 14. ანდრეი კუზინი, 15. იგორ კლუჩნიკოვი (21. ალექსეი კორობეინიკოვი, 74).
მთავარი მწვრთნელი – ნიკოლაი ნერუში
ქულები:
მე-7 წუთი - კვირიკაშვილი (არეკნი) 3:0
მე-16 - პანასენკო (ლელო) 3:5
მე-20 - ზირაქაშვილი (ლელო) 8:5; კვირიკაშვილი (გარდასახვა) 10:5
25-ე – ნატრიაშვილი (ლელო) 15:5
32-ე – ჩხაიძე (ლელო) 20:5; კვირიკაშვილი (გარდასახვა) 22:5
48-ე – უდესიანი (ლელო) 27:5; კვირიკაშვილი (გარდასახვა) 29:5
66-ე – კუშნარიოვი (ჯარიმა) 29:8
74-ე – საქართველო (ტექნიკური ლელო) 34:8 კვირიკაშვილი (გარდასახვა) 36:8.

20 მარტი

გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია – ესპანეთი 17:21
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია – რუმინეთი 9:20
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი

 

1 საქართველო 10 8 1 1 +194 27
2 რუსეთი 10 7 1 2 +116 25
3 პორტუგალია  10 5 1 4 +106 21
4 რუმინეთი 9 5 1 3 +101 20
5 ესპანეთი 9 2 0 7 -114 13
6 გერმანია 10 0 0 10 -403 10


შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე - 1

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების ყველა შეხვედრა
1993 წელი. სოპოტი (პოლონეთი)

საქართველო - რუსეთი 9:15
1996 წელი. თბილისი
საქართველო - რუსეთი 29:20
1998 წელი. თბილისი
საქართველო - რუსეთი 12:6
2001 წელი. კრასნოდარი
რუსეთი - საქართველო 23:25
2002 წელი. თბილისი
საქართველო - რუსეთი 12:12
2002 წელი. თბილისი
საქართველო - რუსეთი 17:13
2003 წელი. კრასნოდარი
რუსეთი - საქართველო 17:23
2004 წელი. თბილისი
საქართველო - რუსეთი 9:3
2004 წელი. კრასნოდარი
რუსეთი - საქართველო 15:27
2006 წელი. თბილისი
საქართველო - რუსეთი 46:19
2007 წელი. თბილისი
საქართველო - რუსეთი 31:12
2008 წელი. კრასნოიარსკი
რუსეთი - საქართველო 12:18
2009 წელი. მარიუპოლი (უკრაინა)
რუსეთი - საქართველო 21:29

ზურა ქსოვრელი, ეკა ელოშვილი, ოთო მაღლაკელიძე
თბილისი – ტრაბზონი – თბილისი



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087373