ამბები

18:59 | 22.03.2010 | ნანახია 5220 - ჯერ

რუსების რბევამ “ბორჯღალოსნები” რეიტინგშიც ახეირა

ტრაბზონში რუსეთის ეროვნული გუნდის ძლევის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ერთი კვირის წინ რუმინეთთან მარცხის გამო დაკარგული სტატუსი დაიბრუნა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ახალ რეიტინგში მე-16 პოზიციას უწია.
აღნიშნული ინფორმაცია IRB-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომლის ვერსიითაც ქართველებმა ევროპის ერთა თასიც შეინარჩუნეს, თუმცა, ამ საკითხის გარშემო ჯერაც გაურკვევლობაა და სანამ ზარმაცობით განთქმული ევროპული რაგბის მმართველი ორგანო (FIRA-AER) სათანადო განმარტებას არ გააკეთებს, როგორც სჩანს, არც არაფერი გაირკვევა.
ტურნირის დასკვნით შეხვედრაში რუსი “დათვების” რეკორდულმა 28-ქულიანმა რბევამ (36:8) კი მართლაც საკმაო ხეირი მოგვიტანა. “ბორჯღალოსნებს” ერთბაშად 1.58 ქულა მოემატათ და თავი 68.09 ბალს მოუყარეს.
აღნიშნულის წყალობით, ავსტრალიელი ტიმ ლეინის მიერ დარიგებულმა ქართველებმა აშშ-სა და რუსეთის ნაკრებები უკან მოიტოვეს და ტონგის გუნდსაც მაქსიმალურად დაუახლოვდნენ. მეტიც, შორს არც მე-14 ადგილზე მყოფი კანადის ნაკრებია, რომელსაც ჩვენი ნაკრები 0.71 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ “ერთა თასზე” პირველი ადგილის დაკავებით, საქართველოს ნაკრები 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჭიდილი არგენტინასთან, ინგლისთან, შოტლანდიასთან და პლეი-ოფის გამარჯვებულთან (სავარაუდოდ, რუმინეთი) მოუწევს.
“ბორჯღალოსნებისთვის” მსოფლიოს თასი 14 სექტემბერს გაიხსნება, როდესაც ისინი დანიდინის “ქარისბრუკზე” შოტლანდიას შეერკინებიან. 18 სექტემბერს, ქრაისთჩერჩის სტადიონზე ქართველები ინგლისს გაეჯიბრებიან, 28-ში კი – პალმერსტონს ნორსის “არენა მანავატუზე” – პლეი-ოფის გამარჯვებულს.
ამავე სარბიელზე საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 2 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც ძალებს B პულში პირველ ნომრად განთესილ არგენტინასთან მოსინჯავს.
ტრაბზონში “ნაჭამმა” სირცხვილმა რეიტინგში მე-19 პოზიციამდე დააქვეითა რუსეთის გუნდი, რომელიც 17-წლიანი ნავსის გატეხვაზე ფიქრობდა, რეალობაში კი მორიგი ალიყური შერჩა. “ბორჯღალოსანთა” გარდა, “დათვებს” რუმინულმა “სტეჟარმაც” გადაუსწრო, რომელმაც სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში, ლისაბონში “პორტუგალიას” 20:9 სძლია და რეპეშაჟის საგზური მოიპოვა.
რეიტინგში ცვლილებები შეიტანა “ერთა თასის” აუტსაიდერთა მატჩმაც, რომელშიც ესპანეთმა ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით, ჰაიდელბერგში გერმანიას 21:17 სძლია და ეს უკანასკნელი მოწინავე ოცდაათეულიდან “გაისროლა”. ესპანელებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს, აუტსაიდერი გერმანიას კი მომავალი სეზონიდან უკრაინა ჩაანაცვლებს.
“ექვსი ერის” გათამაშების დასკვნით ტურში სენსაციური გამარჯვების წყალობით, მაჩანჩალისთვის დაწესებულ “ხის კოვზს” გადაურჩა შოტლანდიის ნაკრები.
დუბლინის “კროუკ პარკზე” გამართული შეხვედრაში გადამწყვეტი ჯარიმა დენ პარკმა შეაგდო და სქოთებს 23:20 მოაგებინა, რისი წყალობითაც გუნდმა მე-9 პოზიციიდან ფიჯი გააძევა.
მე-5 ადგილზე დარჩნენ ირლანდიელები, თუმცა კი, კლასიფიკაციაში ერთბაშად 2.00 ქულა მოაკლდათ და მე-4 საფეხურზე მყოფ საფრანგეთს საგრძნობლად ჩამორჩნენ. შეგახსენებთ, რომ “ლე ბლემ” პარიზში ინგლისის ეროვნული გუნდი 12:7 “გაასაღა” და ავსტრალიასთან სხვაობა 0.13 ქულამდე დაიყვანა.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ საფრანგეთმა “ექვს ერზე” ხუთივე მატჩი მოიგო და დიდი სლემი 2004 წლიდან მოყოლებული პირველად შეასრულა.
წინსვლა არ შეხებია უელსის გუნდს, რომელმაც კარდიფის “მილენიუმზე” პრობლემების გარეშე იტალიას 33:12 მოუგო და მე-8 პოზიცია გაიმყარა. უელსელთა მთავარი სამიზნე ინგლისის ნაკრებია, რომელსაც 1.19 ქულით ჩამორჩებიან.

 
IRB-ს რეიტინგი 22 მარტისთვის
1 (1).ახალი ზელანდია 91.68 ქულა
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88.60
3 (3). ავსტრალია 85.56
4 (4). საფრანგეთი 85.43
5 (5). ირლანდია 82.61
6 (6). არგენტინა 80.56
7 (7). ინგლისი 80.10
8 (8). უელსი 78.91
9 (10). შოტლანდია 76.79
10 (9). ფიჯი 75.90
11 (11). იტალია 72.97
12 (12). სამოა 72.08
13 (13). იაპონია 70.59
14 (14). კანადა 68.80
15 (15). ტონგა 68.11
16 (18). საქართველო 68.09
17 (16). აშშ 67.05
18 (19). რუმინეთი 67.05
19 (17). რუსეთი 65.45
20 (20). პორტუგალია 61.27
21 (21). ურუგვაი 60.89
22 (22). ნამიბია 58.98
23 (23). ჩილე 57.95
24 (24). ს.კორეა 57.90
25 (25). ესპანეთი 57.70
26 (26). უკრაინა 55.47
27 (27). ყაზახეთი 55.12
28 (28). ბრაზილია 54.97
29 (30). ტუნისი 54.12
30 (31). ბელგია 53.47
31 (29). გერმანია 53.22  

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091664