საქართველოს სარაგბო ნაკრებთან უკვე ტრადიციული მარცხის შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” სიძლიერეს ხაზი რუსულმა პრესამაც გაუსვა. ჩრდილო სამეზობლოში მატჩის ანგარიში (36:8) ლოგიკურად მიიჩნიეს, თუმცა, მარცხის მიზეზების მოძიება კიდევ ერთხელ სცადეს და საამისოდ “დათვების” მთავარ მწვრთნელ ნიკოლაი ნერუშს მიმართეს. “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში, რუსების დამრიგებელმა გასული თამაშის გარდა, ნაკრების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
- საქართველოს ნაკრების ძალა კარგად მოგვეხსენებოდა, მათი თამაში შესწავლილი გვქონდა და თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით. თუმცა, არაფერი გამოვიდა. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ასი პროცენტით დახარჯვა ვერ მოვახერხე. რატომ? ალბათ, ქართველი გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნებმაც თავისი გავლენა იქონია და ასეთი დონის მატჩების ნაკლებობამაც თავისი სიტყვა თქვა.
ჩვენ კონტრშეტევებზე მოქმედებას ვაპირებდით და ბურთის დიდხანს გაკონტროლება გვინდოდა, თუმცა, ამისთვის აგრესიული დაცვა და მეტოქეზე მუდმივი ზეწოლაა საჭირო, ეს კი არ ყოფილა. ასევე ვერ ვიხილეთ სასურველი გარჯა სტანდარტული სიტუაციებისას. გარდა ამისა, მატჩამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტრავმები მიიღეს ჩვენმა წამყვანმა მორაგბეებმა კირილ კულემინმა და ანდრეი ოსტრიკოვმა. ცვლილებების განხორციელება უკვე გვიანი გახლდათ და შედეგზე სერიოზული გავლენა ამანაც იქონია.
- შეტევაში საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა გახლდათ. აღნიშნული ყველაზე კარგად ლელოების შეფარდებაში აისახა.
- ჩვენს ქვეყანაში პირველი ხაზის მოთამაშეებთან დაკავშირებით კატასტროფული პრობლემებია. ამის უარყოფა სიბრიყვეა და აღნიშნულის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა გავიღოთ. თანამედროვე ფორვარდები შერკინებაში დგომით კი არ უნდა შემოიფარგლონ, არამედ უნდა ითამაშონ. ქართველებსა და რუმინელებს ბურჯების მხრივ პრობლემები ნაკლებად აქვთ. მათი მოთამაშეების უმეტესობა საფრანგეთში ასპარეზობს, ეს კი მთელი 9 თვის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშს ნიშნავს. კვირაში ორჯერ ორგანიზმი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს და შედეგიც შესაბამისია. ჩვენ კი, რეალურად სეზონში სამი თვის განმავლობაში ვთამაშობთ. ცხადია, სიტუაციის შეცვლას ვცდილობთ, თუმცა, აღნიშნულის მომენტალურად გაკეთება შეუძლებელია.
- მსოფლიოს თასამდე წელიწადნახევარზე მეტი რჩება. ამ პერიოდში გუნდის გეგმები როგორია?
- ივნისში აშშ-ს ვესტუმრებით და ჩერჩილის თასზე ვითამაშებთ. ჩვენს გარდა, იქ კანადა, ურუგვაი, საფრანგეთისა და ინგლისის მეორე ნაკრებებიც იასპარაზებენ. ტესტ-მატჩების ჩატარება აგვისტოშიც გვინდა. ნოემბერში რუსეთში შესაძლოა კანადა ან აშშ ჩამოვიდნენ, საუბარია იაპონელებთან გაჯიბრებაზეც, 2011 წლის ზამთრიდან კი კონკრეტულად მსოფლიოს თასისთვის მზადებას დავიწყებთ.
- ახალ ზელანდიაში რუსეთის ნაკრების მეტოქეები ავსტრალია, ირლანდია, იტალია და აშშ იქნებიან. როგორ შედეგებს ელით?
- სიამოვნებით ვიტყოდი, რომ აშშ-სა და იტალიის დამარცხებას ვგეგმავთ-მეთქი, თუმცა, ამაზე საუბრით არ უნდა დავიწყოთ. სადებიუტო მსოფლიოს თასზე მთავარი მიზანი თავის ღირსეული წარმოჩენა იქნება. ნემისმიერ მეტოქეს ბოლომდე უნდა ვებრძოლოთ და მაშინ შედეგებიც მოვა. გულშემატკივრებს კი მინდა ვთხოვო, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, გუნდის ლაფში ამოსვრას ნუ დაიწყებენ, რაც წარსულში ხშირად მომხდარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია