საქართველოს მორაგბეთა A ნაკრები, დღეს სამხრეთ აფრიკისკენ აიღებს გეზს, სადაც ორი კვირა გაჩერდება და ნაყოფიერ ვარჯიშთან ერთად ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავს. აქედან ერთი ლეგიონერების გარეშე ამავე ქვეყანაში მზადების მიზნით მყოფ არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ექნება, მეორე კი სტელენბოშის უნივერსიტეტის ძირითად შემადგენლობასთან.
შეკრებას ტრავმებისა და თუ სხვა მიზეზთა გამო ეროვნული ნაკრები ვერ ახერხებს და აბა ისე როგორ მოხდებოდა, ეს A ნაკრებს მოეხერხებინა. ტრავმებმა და ფრანგული კლუბების პრინციპულობამ, ლევან მაისაშვილს შორეულ მგზვარობაში ყველა შეგულებული მორაგბის წაყვანის საშუალება არ მისცა. მიუხედავად ამისა, მის მიერ შერჩეულ 25-კაციან სიაში ექვსი ლეგიონერი მაინც მოხვდა, რომელთაც საფრანგეთის ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკა ნაკლები აქვთ და კლუბებიც მათ იოლად შეელივნენ.
"მსოფლიო სპორტი" მაისაშვილს გამგზავრების წინ დაუკავშირდა და მომავალ შეკრებაზე დაეკითხა.
ლევან მაისაშვილი: სამხრეთ აფრიკაში ორ კვირას დავყოფთ. პირველი ოთხი დღე საუნივერსიტეტო ქალაქ სტელენბოშში გავჩერდებით და ამ ქალაქის უნივერსიტეტის გუნდის ბაზაზე მოვემზადებით, მერე კი მახლობლად მდებარე კეიპტაუნში გადავინაცვლებთ და დანარჩენ დროს იქ გავატარებთ. შეკრება ითვალისწინებს შერკინების, ფიზმომზადების, უკანა ხაზის და დაცვის ადგილობრივ მწვრთნელთა კონცულტაციებით მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს ორი საკონტროლო თამაშის გამართვა.
- ვის წინააღმდეგ ითამაშებს საქართველოს A ნაკრები?
- თამაშები 28 მარტს და 4 აპრილს გვექნება. ამჟამად სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე იმყოფება არგენტინის ეროვნული ნაკრები, ოღონდ ლეგიონერების გარეშე და ერთ-ერთი თამაში მათ წინააღმდეგ გვექნება, მეორე შეხვედრას კი "სტელენბოშის უნივერსიტეტის" ძირითად გუნდთან გვაქვს დაგეგმილი. შესაძლოა, მატჩების გამართვის თარიღი და მეტოქეები ადგილზე შეიცვალოს.
- თუ ახერხებთ თქვენთვის სასურველი მორაგბეების სამხრეთ აფრიკაში წაყვანას?
- შემადგენლობაში 25 კაცი გვყავს. მსურდა, რომ A ნაკრები მაქსიმალურად ძლიერი მორაგბეები წაგვეყვანა, მაგრამ ყველას შეკრება ვერ მოხერხდა. ბევრი სასურველი მოთამაშე დაგვაკლდა. მიზეზი სხვადასხვაა, ზოგს ტრავმა აწუხებს, ზოგი კლუბში გადის სინჯებს, ზოგი კი ფრანგულმა კლუბებმა არ გაათავისუფლეს, რადგანაც სანაკრებო ფანჯარა არაა და მათ ამის უფლება ჰქონდათ. სამწუხაროდ ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით. მიუხედავად ამისა, ეს საწვრთნელი შეკრებაა და იმ მორაგბეების ზრდას შეუწყობს ხელს, რომლებიც ჩვენთან ერთად მოდიან.
- რადგან მორაგბეების ზრდაზეა საუბარი, ხომ არ აჯობებდა აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთებულიყო?
- ჩვენ აფრიკაში თამაშები გვიწევს და შედეგზეც უნდა ვიზრუნოთ, ამიტომ გუნდში გამოცდილი მორაგბეების ყოლაც აუცილებელია. თუ არახალგაზრდებში მაისურაძეს და ღვინჯილიას გულისხმობთ, გეტყვით, რომ მაისურაძის პოზიციაზე (8 ნომერი) მასზე უკეთესი არავინაა. რაც შეეხება ღვინჯილიას, გასულ ჩემპიონატში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ნაკრებში მოხვედრას სხვებზე მეტად იმსახურებდა. ზოგადად, 9 ნომრის პოზიციაზე მორაგბეთა ნაკლებობაა. კაჭარავასა და ღვინჯილიას მეტი, ამ პოზიციაზე თითქმის ვერავინ ვერ თამაშობს.
- შეკრებაზე მორაგბეთა ინდივუდუალური დონის ამაღლებაზე იმუშავებთ, ტაქტიკური სიახლეების დანერგვაზე თუ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე?
- ყველაფერზე ერთად. რასაც მოვასწრებთ, ყველა კომპონენტის გაუმჯობესებას ვეცდებით. იქ გვეყოლებიან ცალ-ცალკე შერკინების, ფიზმომზადების, დაცვის და ნახევარდაცვის სპეციალისტები. შევეცდებით როგორც მოთამაშეთა ინდივიდუალური დონის ამაღლებას, ასევე ტაქტიკური სიახლეების დანერგვას. A ნაკრები შენების პროცესშია. გასულ წელს მხოლოდ ორი თამაში ჩავატარეთ, ისიც სუსტ მეტოქეებთან და ახლა გვინდა ვნახოთ, თუ რა შეუძლიათ ბიჭებს ძლიერ მეტოქეებთან თამაშის დროს.
- A ნაკრების მიზანი ეროვნული გუნდისათვის კადრების მომზადებაა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელთაგან თუ მოგყვებათ ვინმე?
- არა, ეროვნული ნაკრებიდან შეკრებაზე არავინ იქნება.
- ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თამაშში უკანა ხაზის აქტიურად ჩართვას ცდილობთ, თუმცა, ჯერჯერობით წარმატებას მაინც მორკინალთა ხარჯზე ვაღწევთ.
- ვერ დაგეთანხმებით. თამაშს 15 კაცი იგებს და არა რვა. რუმინეთის და რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩებს თუ ავიღებთ, პირველ შეხვედრაში ვერცერთმა რგოლმა ვერ ივარგა და იმის გამო დავმარცხდით, მეორეში კი ყველამ თავი გამოიჩინა. ტრაბზონში გაშლილი თამაშიც იყო. შერკინების ხაზი უფრო ძლიერი გვყავს, რადგანაც ამ პოზიციის მორაგბეები წამყვან ფრანგულ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ აქცენტი მხოლოდ შერკინებაზე არასდროს კეთდება. ფაქტია და ვერსად ვერ გავექცევით, რომ უკანა ხაზის გაძლიერება ჰაერივით გვჭირდება, მაგრამ ეს იმის წინაპირობა არაა, რომ აქცენტი მხოლოდ შერკინების ხაზის მოთამაშეებზე გავაკეთოთ.
- ზევით ახსენეთ, რომ ფრანგული კლუბები თქვენთვის სასურველ მორაგბეებს ვერ შეელივნენ, მაგრამ ექვსი ლეგიონერი შემადგენლობაში მაინც მოხვდა.
- უფრო მეტი ლეგიონერის წაყვანა გვსურდა, მაგრამ ნაწილი ტრავმების გამო დაგვაკლდა, ნაწილი კი კლუბმა არ გამოუშვა. მათთვის რაიმის მოთხოვნის უფლება არ გვქონდა და ის მორაგბეები, რომლებიც თავიანთ კლუბებში რეგულარულად თამაშობენ, საუბარია ფედერალ დივიზონის გუნდებზე, აფრიკაში დაგვაკლდებიან. ის მორაგბეები, რომლებიც კლუბის 22-კაციან განაცხადში, თუნდაც 25 კაციან შემადგენლობაში ვერ ხვდება, ჩვენთან ერთად იქნება. ეროვნული ნაკრებისთვის აუცილებელია, რომ მის წევრებს სათანადო სათამაშო გამოცდილება ჰქონდეთ.
საქართველოს ნაკრები
შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების მოთამაშეები: გიორგი კაჭარავა ("ლელო", თბილისი), ილია სურგულაძე (თსუ, თბილისი), ვიტო კოლელიშვილი ("ლელო", თბილისი), ზვიად მაისურაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ირაკლი ჭყონია ("ლელო", თბილისი), ჯაბა ბრეგვაძე ("ყოჩები", თბილისი), ირაკლი მირცხულავა ("ლელო", თბილისი), კარლენ ასეიშვილი ("ყოჩები", თბილისი), ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი), გიგა კორკელია ("ლელო", თბილისი), ლექსო გუგავა ("ლელო", თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი), მამუკა ნინიძე ("ბათუმი", ბათუმი), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო", თბილისი), თეიმურაზ სოხაძე ("ყოჩები", თბილისი), ირაკლი გეგენავა ("ყოჩები", თბილისი), ირაკლი ღვინჯილია ("ლოკომოტივი", თბილისი), სანდრო ნიჟარაძე ("ყოჩები", თბილისი), გიორგი ელიზბარაშვილი ("აკადემია", თბილისი);
ლეგიონერები: რევაზ ბელქანია ("კარკერანი", საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი ("ბრივი", საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე ("აჟენი", საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი ("მასი" საფრანგეთი), შოთა საყვარელიძე ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი), დავით ლოსაბერიძე ("აჟენი", საფრანგეთი).
დელეგაციის ხელმძღვანელი: გიორგი ნიჟარაძე (სრკ-ს პრეზიდენტი)
საგ. ურთ. მენეჯერი: ლაშა ხურციძე
ტექნიკური მენეჯერი: გიორგი ჭუმბურიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
მენეჯერი: დავით ჯალაღონია
ექიმი: პავლე კასრაძე
მასაჟისტი: მირზა ირემაძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია