ბოლო დღეებში, ქართულ მედიაში, სამწუხაროდ, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ქ. ტრაპიზონში გამართულ მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის.
ამ ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ნაკრები თითქოსდა მეორე –შესუსტებული შემადგენლობით იყო ჩამოსული და მსოფლიო ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრებისთვის თამაშის შედეგსა და ხარისხს მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა.
თხოვნით მივმართავთ ყველას: ნუ გააკეთებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობილ განცხადებებს – რუსეთის ნაკრებს აკლდა ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ სამი მოთამაშე: მეორე ხაზის მოთამაშეები კირილ კულემინი და ანდრეი ოსტრიკოვი, ასევე უკანა ხაზის მოთამაშე ალექსანდრ გვოზდოვსკი.
შედარებისთვის: საქართველოს ნაკრებში ტრავმების გამო ვერ ითამაშეს გუნდის ლიდერებმა აქვსენტი გიორგაძემ, მამუკა გორგოძემ და ბიძინა სამხარაძემ. მოედანზე გამოსულ ქართველ მორაგბეებს შორისაც მატჩის დროს ბევრმა მიიღო სერიოზული ტრავმა, მაგრამ ამის მიუხედავად თამაში არ შეუწყვეტია.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების მოტივაციას – ამ თამაშს, ისევე როგორც საქართველო-რუსეთის ყველა მატჩს, დამატებითი სტიმული არ სჭირდებოდა: რუსეთის ნაკრებს 16 წელია არ მოუგია საქართველოს ნაკრებისთვის, ჩვენი მორაგბეების გამარჯვების ჟინზე კი საუბარიც ზედმეტია.
და ბოლოს, 20 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქა დიდი დღესასწაული, ერს მიანიჭა განცდა გამარჯვებით გამოწვეული სიამაყისა.
ჩვენი თხოვნაა: დაუფიქრებელი განცხადებებით ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ჩვენს მორაგბეებს - მათ ძალღონე არ დაუზოგავთ ამ გამარჯვებისთვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია