ამბები

11:31 | 28.03.2010 | ნანახია 3044 - ჯერ

"ტულონის" მძლეველი ქართველები სარუმინეთოდ მზად არიან

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, დღეს იტალიაში, ტრევიზოს მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ იესოლოში ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება. თბილისში ორთვიანი შეკრების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ, შეგირდები ერთი კვირით საფრანგეთის ქალაქ კანში შეკრიბა, სადაც “პატარა ბორჯღალოსნები” დასკვნით დღეს “ტულონის” 19-წლამდელთა გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრნენ და მეტოქე 32:14 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების მეტოქე საწყის ეტაპზე რუმინეთის ეროვნული ნაკრებია, მანამდე კი “მსოფლიო სპორტი” 18-წლამდელთა გუნდის მენეჯერ ოთარ იაშვილს იტალიაში შეეხმიანა და მზადებაზე დაეკითხა.
“საფრანგეთში იდეალური პირობები გვქონდა - კარგი სასტუმრო და მოედნები. ვარჯიშებიც ნაყოფიერი გამოდგა. შეკრების დასრულების დღეს, “ტულონის” 19-წლამდელთა გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში 32:14 დავამარცხეთ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 4 ლელო გაუტანა. იმ თამაშში მოედანზე მხოლოდ ძირითადი ჰუკერი დავით ხიდეშელი არ გასულა, რადგანაც მუხლი აწუხებდა, თუმცა, ახლა ძირითად შემადგენლობაში იქნება. ბიჭები ჯანზე არიან და ბრძოლისთვის ემზადებიან. რუმინელთა შესახებ არაფერი ვიცით, მათი ვარჯიშიც არ გვინახავს, მაგრამ წესით, კარგი გუნდი უნდა იყოს და კარგი თამაში უნდა შედგეს” - გვითხრა იაშვილმა.  
ევროპის მმართველი ორგანიზა¬ციის გადაწყვეტილებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში გუნდები სიძლიერის მიხედვით სამ (A, B და C) ჯგუფში არიან გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები, დანარჩენ შვიდ ნაკრებთან ერთად, უძლიერესებს შორისაა და ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. მგელაძის გუნდთან ერთად, იქ, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის, რუმინეთის, ბელგიის, რუსეთისა და გერმანიის ნაკრებები თამაშობენ. ტურნირი ფლეი ოფის სისტემით იმართება, 1/4-ფინალში გამარჯვებული გუნდები ნახევარფინალში ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას, დამარცხებულები კი, ბოლო ადგილისგან თავის დაღწევას ცდილობენ, რადგან მომავალი წლისთვის ბოლოადგილოსანი B დივიზიონში დაქვეითდება და მის ადგილს ქვედა დონეზე გამარჯვებული გუნდი დაიკავებს. ნებისმიერ შემთხვევაში, 18-წლამდელთა ნაკრებს 3 შეხვედრის გამართვა უწევს, რადგანაც ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება და მის მიხედვით მომავალი გათამაშების 1/4-ფინალისტთა წყვილები ლაგდება.
1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების მიერ რუმინელთა ძლევის შემთხვევაში, თასისთვის ბრძოლაში მგელაძის შეგირდთა მეტოქე ირლანდიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული გუნდი იქნება, მარცხის შემთხვევაში კი - ამავე წყვილში დამარცხებული. ნახევარფინალები 31 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები სამ აპრილს შედგება.
მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი 27 მორაგბე წაიყვანა:
შერკინება: სანდრო ქოიავა (“ლელო”, თბილისი), ხვიჩა ბუჯიაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ელგუჯა სურგულაძე (“ლელო”, თბილისი), ბექა არაბიძე (“აია”, ქუთაისი), საბა ბერაძე (“ხულიგანა”, თბილისი), გიორგი ლომთაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი თეთრაშვილი (“ხულიგანა”, თბილისი), გურამ შენგელია (“ვანი”, ვანი), ნოდარ მარდალეიშვილი (“აია”, ქუთაისი), გიორგი ქოჩიაშვილი (“ხულიგანა”, თბილისი), ბექა ხიპაშვილი (“ლელო”, თბილისი), ბექა მამრიკიშვილი (“აია”, ქუთაისი), ზაზა ნავროზაშვილი (“ივერია”, თბილისი), დავით ხიდეშელი (თსუ, თბილისი), თორნიკე ჯიბლაძე (თსუ, თბილისი), ლაშა ლომიძე (“აკადემია”, თბილისი);
ნახევარდაცვა და უკანა ხაზი: ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი ზიბზიბაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი მისრიაშვილი (“არმაზი”, თბილისი), გიგა გაგოშვილი (“შევარდენი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“რუს¬თავი”, რუსთავი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), თამაზ მჭედლიძე (“თსუ-ლომები”, თბილისი), გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“თსუ-ლომები”, თბილისი), დაჩი კოპაძე (“ჯიქები”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: ლევან მგელაძე
მწვრთნელი: დავით კაკაბაძე
მენეჯერი: ოთარ იაშვილი    
18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. A დივიზიონი
1/4-ფინალები. 28 მარტი. კვირა

მ1. საფრანგეთი - იტალია
მ2. ირლანდია - გერმანია
მ3. საქართველო - რუმინეთი
მ4. ბელგია - რუსეთი
თასის ნახევარფინალები.
31 მარტი. ოთხშაბათი
მ1 მოგებული - მ4 მოგებული
მ3 მოგებული - მ2 მოგებული
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის.
31 მარტი ოთხშაბათი

მ1 წაგებული - მ4 წაგებული
მ3 წაგებული – მ2 წაგებული
3 აპრილი. შაბათი. ფინალები

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079852