რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ბუქარესტში ესპანეთის ნაკრებს "ერთა თასის" გადადებულ შეხვედრაში უმასპინძლა და მეტოქე 48:3 გაანადგურა, რითაც პრინციპში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, "მუხის ფოთლებმა" რეპეშაჟის შეხვედრებისთვის ერთი კარგად წაივარჯიშა.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ, როდესაც რუმინელებმა ლისაბონში პორტუგალია 20:9 დაამარცხეს, მათ 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე მე-3 ადგილი დაიბევეს. ესპანელებმა, იმავე დღეს, გერმანია ჰაიდელბერგში 21:17 დაამარცხეს და მეტოქეს ქვედა დივიზიონში გადაუძახეს, თავად კი, ყველაზე ცოტა, ორი წლით, უძლიერესთა შორის დარჩენა დაიბევეს. ამრიგად, ამ თამაშს გუნდებისთვის ერთგვარი სავარჯიშო ხასიათი უფრო ჰქონდა და ის რუმინელთათვის უფრო ნაყოფიერი გამოდგა.
მასპინძლებმა 6 ლელო გაიტანეს. თავი კინტუმ, დიმოფტემ, ლუკასიმ, დუმიტრასმა, მაკოვეიმ და ფერკუმ გამოიჩინეს, რასაც ვლაიკუმ 5 გარდასახვა და ორიც ჯარიმა, ხოლო დუმბრავამ ერთი გარდასახვა შემატა. ესპანელებმა 3 ქულა ჯარიმით მოიპოვეს, მაგრამ აბა ეს თამაშის საკადრისად დამთავრებისთვის საკმარისი როგორ აღმოჩნდებოდა.
ზემოთ ვახსენეთ, რომ მატჩის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ის ორშაბათს განსაახლებელ რეიტინგზეც არ აისახება. რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებები რეიტინგში იმდენად არიან ერთურთს დაშორებული, რომ მათი შეხვედრის რაგინდარა შედეგი მასზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ახლა რუმინელებს მსოფლიოს თასისკენ სავალ გზაზე, ყველაზე ცოტა, 5 შეხვედრის გამართვა ელით. მიმდინარე წლის 22 მაისსა და 5 ივნისს, მათი მეტოქე ლიტვა-უკრაინას წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. ეს გუნდი, სავარაუდოდ, უკრაინა უნდა იყოს, რომელიც მეტოქეზე გაცილებით ძლიერია და გადამწყვეტ თამაშსაც 8 მაისს საკუთარ მოედანზე მართავს. თუ რუმინელებმა მეტოქე დაამარცხეს, 17 ივლისს მათ აფრიკის ზონაში მე-2 ადგილზე გასულ ტუნისს უნდა უმასპინძლონ. აქვე ერთი დეტალი - ტუნისელებმა გააპროტესტეს, მეტოქესთან უძლიერესის გასარკვევად, შინ და გარეთ გვათამაშეთო და თუ IRB-მ მათი მოთხოვნა გაითვალისწინა, მაშინ "მუხის ფოთლებს" აფრიკაში გამგზავრება მოუწევთ. და ბოლოს, თუ რუმინელებმა მე-2 რაუნდი გაიარეს, მსოფლიო თასის საგზურისთვის მათი მეტოქე, 6 და 13 ნოემბერს, ურუგვაის ნაკრები უნდა იყოს. უნდა იყოს იმიტომ, რომ სამხრეთამერიკელებს შესარჩევ ეტაპზე აზიის მეორე გუნდთან - ყაზახეთისა და არაბეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა და სავარაუდოდ, მათი ძლევა არ უნდა გაუჭირდეს.
რეპეშაჟის სავალი გზის ასე დაწვრილებით აღწერა იმად ვითავეთ, რომ მისი გამარჯვებული, ანუ მსოფლიო თასის ბოლო, მე-20 მონაწილე, ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად მეხუთე გუნდად მოხვდება.
2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო | 10 | 8 | 1 | 1 | +194 | 27 |
2. რუსეთი | 10 | 7 | 1 | 2 | +166 | 25 |
3. რუმინეთი | 10 | 6 | 1 | 3 | +146 | 23 |
4. პორტუგალია | 10 | 5 | 1 | 4 | +106 | 21 |
5. ესპანეთი | 10 | 2 | 0 | 8 | -159 | 14 |
6. გერმანია | 10 | 0 | 0 | 10 | -403 | 10 |
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია