ამბები

10:57 | 29.03.2010 | ნანახია 2074 - ჯერ

მინიმუმ სამი ქართველი ფლეი ოფში

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, 3 ქართველი ლეგიონერის გუნდმა საჩემპიონო ფლეი ოფში თამაშის უფლება დაიბევა. ახლა გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ რომელი მათგანი მოახერხებს რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულებას, რათა ფლეი ოფის პირველი ეტაპისგან გათავისუფლდეს და მეტოქის დასახვედრად გულდამშვიდებული მოემზადოს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელ დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, რეგულარული პირველობის XXIII ტურში, მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიე” გამოიჭირა და მეტოქეს სულ კუდით ქვა ასროლინა. აქვე ვთქვათ, რომ გორგოძე ტრავმას იშუშებს და განაცხადში თავისთავად ვერ მოხვდებოდა, ჩხაიძეს კი, სანაკრებო ჯახების შემდეგ, მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა და დიდი სხვაობით მარცხსაც ვერ გადაურჩა. სამაგიეროდ, “კლერმონის” დამრიგებელმა ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მანაც მწვრთნელს იმედი არ გაუცრუა, ერთი კვირის წინანდელი ტრაბზონური ტემპი არ დააგდო და ლელო აქაც მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა თავი 61-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 20:3 გახდა, რამაც სტუმართა წინააღმდეგობა ნულამდე დაიყვანა. პირველ ტაიმში “კლერმონმა” მხოლოდ ერთი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია და ჯარიმა დაურთო და შესვენებაზე გასვლისას, სულ რაღაც 10:3-ს იგებდა, აი მეორე ნახევარში კი, მასპინძლებმა მონაგარს კიდევ 5 ლელო შემატეს, სამჯერ რეალიზაციიდან იხეირეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს. ზირაქაშვილისთვის ეს, მიმდინარე სეზონში Top-14-ში გატანილი მეორე ლელოა, “მონპელიესთან” მატჩში კი, ის მწვრთნელმა 71-ე წუთზე შეცვალა. ახლა “კლერმონი” 70 ქულით მე-3 ადგილზეა და პირველ-მეორეადგილოსან “პერპინიანს” და “კასტრს” თითო-თითო ქულით ჩამორჩება.
წარმატებულ სვლას განაგრძობს აქვსენტი გიორგაძის გარეშე დარჩენილი “კასტრი”, რომელმაც “ბაიონი” 26:10 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელისთვის სეზონი მაშინ დასრულდა, როდესაც ფეხი ორ ადგილას მოიტეხა, არადა ის გუნდის ლიდერი იყო. “კასტრმა” ამ მატჩში პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა, “პერპინიანმა” კი “სტად ფრანსე” 44:23 დასცა, პრემიალური ქულაც აიღო და რადგან გიორგაძის გუნდს პირველ წრეში გამართულ თამაშში 17:15 აჯობა, პირადი შეხვედრების უპირატესობით, ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა. XXIV ტურში, ცენტრალური მატჩი სწორედ “კასტრსა” და “პერპინიანს” შორის შედგება და გიორგაძის თანაგუნდელებს სიტუაციის არა მხოლოდ სათავისოდ, არამედ “კლერმონისა” და “ტულონის” სასარგებლოდაც შეუძლია შეტრიალება.
დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, გასვლით მატჩში “ბურგონს” 13:9 მოუგო, 67 ქულით მე-4 პოზიციაზე გამყარდა და მე-7 ადგილს 15 ქულით დაშორდა, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ სამ ტურში “ბიარიცისა” და “ბრივისათვის” პრაქტიკულად შეუძლებელია. ქუბრიაშვილს ბოლო სანაკრებო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ახლა “ტულონელთა” ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
“მეტრო რასინგთან” სტუმრად რომ ემარჯვა, ფლეი ოფთან ძლიერ ახლოს იქნებოდა დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი”, მაგრამ ქართველი ლეგიონერის გუნდმა შეხვედრა 18:25 დათმო, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა, 52 ქულით მე-8 ადგილზეა და მეექვსეადგილოსან “მეტრო რასინგს” ახლა 7 ქულით ჩამორჩება. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა. პირველი ტაიმი “ბრივმა” 8:12 დათმო, მაგრამ მე-2 ნახევრის საწყის ოც წუთში ქულები მხოლოდ მასპინძლებმა აგროვეს, სტუმრები გვიანღა მოეგნენ გონს და ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.
აუტსაიდერ “ალბის” სტუმრად 26:12 აჯობა გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა” და გასავარდნ მე-13 ადგილს დაშორდა. “ალბი” უიმედო მდგომარეობაშია, სტუმრებს კი მოტივაცია არ აკლდათ და ალბათ, ამის დამსახურებაც იყო 45-ე წუთისთვის 26:0-ს რომ იგებდა. მასპინძელთა სასახელოდ მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ დარჩენილ დროში 2 ლელო გაიტანეს და სხვაობა ოდნავ მისაღები გახადეს. შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59 წუთი ითამაშა, შეყლაშვილი კი, მოედანზე სწორედ მის ნაცვლად შევიდა. “მონტობანი” 45 ქულით მე-11 ადგილზეა და 3 ქულით ასწრებს მე-13, საბედისწერო ადგილზე მყოფ გორგოძისა და ჩხაიძის “მონპელიეს”, ამ გუნდებს შუა კი, “ბაიონია” (43 ქულა).
საფრანგეთის პასპორტის მქონე დიმიტრი იაშვილმა, “ტულუზას” 6 ჯარიმა გაუტანა, ხოლო მისმა “ბიარიცმა” თამაში 26:10 მოიგო და საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. “ბიარიცს” 52 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და “მეტრო რასინგს” 7 პუნქტით ჩამორჩება.

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101787