ამბები

10:59 | 29.03.2010 | ნანახია 2345 - ჯერ

ვის რა ერგო

ევროპის უძლიერესი სარაგბო ტურნირის, ექვსი ერის 2010 წლის გათამაშებამ, მის მონაწილე ქვეყნებს, საერთო ჯამში, შემოსავლის სახით, 465,43 მილიონი ევრო მოუტანა.
კომპანია MasterCard-მა, რომელიც 2011 წლის მსოფლიოს თასის ოფიციალური პარტნიორია, ჩაატარა გამოკვლევა, რათა განესაზღვრა რაგბის პოპულარობა და დაეთვალა ის თანხები, რომელიც მისმა მონაწილე ექვსმა ქვეყანამ მიიღო.
ყველაზე მეტი - 97,72 მილიონი ევრო ინგლისის ნაკრებს ერგო, არადა მან გათამაშებაში მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა. შარშანდელი ექვსი ერის გამარჯვებულ ირლანდიას 90,50 მილიონი ევრო შეხვდა, 2010 წლის ჩემპიონმა საფრანგეთმა კი, მხოლოდ 89,79 მილიონი ევრო გამოიმუშავა. წლევანდელი გათამაშების მეოთხეადგილოსანმა უელსმა, შემოსავლების მხრივაც მე-4 ადგილი დაიკავა - 80,16 მილიონი, შოტლანდიელებმა ბიუჯეტი 69,55 მილიონით შეივსეს, ნაბოლარა იტალიას კი, 37,71 მილიონი შეხვდა.
ეკონომიკური გათვლებისას, გაითვალისწინეს ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა, ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლები, ტრანსპორტირებისას და ცხოვრებისას გაწეული ხარჯები, საჭმლისა და სასმელის გაყიდვით შესული თანხები, ატრაქციონებისა და სუვენირებისგან მიღებული შემოსავლები, ასევე პირადი სპონსორებისა და ტურნირის ორგანიზატორებთან გაფორმებული კონტრაქტებით მიღებული თანხები.
საგულისხმოა, რომ 2008 წლის ექვსი ერის შემოსავალმა, გუნდებისთვის 436,86 მილიონი ევრო შეადგინა.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით, მთლიანობაში, ექვსი ერის მატჩებს ტელევიზიით თვალი 125-მა მილიონმა ადამიანმა მიადევნა (საშუალოდ 8,3 მილიონი ადამიანი თითოეული თამაშისთვის). სტადიონზე მთლი-ანობაში 1 054 654-მა გულშემატკივარმა მოიყარა თავი, რაც გასულ წელთან შედარებით დადებით დინამიკაზე მეტყველებს - 2009 წლის გათამაშებას, მთლიანობაში, სტადიონებიდან 981 963-მა გულშემატკივარმა უცქირა.
საფრანგეთში, კომპანია France televisions-მა, რომელიც ექვსი ერის თამაშების ტელეტრანსლირების უფლებას ფლობს, ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამისათვის 100 მილიონ ევროს შეელია, რაც წინა კონტრაქტთან შედარებით 28 პროცენტით მეტია. ირლანდიაში, მთელი სეზონის განმავლობაში, სუვენირების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 2,9 მილიონ ევროს უწია, უელსს კი იმით შეუძლია იტრაბახოს, რომ ტელევიზიით, თამაშებს ტელეაუდიტორიის დაახლოებით 65 პროცენტი ადევნებდა თვალს. უელსისა და საფრანგეთის დაპირისპირება, მთელი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთისა და იტალიის მასშტაბით, ტელევიზიით 10,5-მა მილიონმა ადამიანმა იხილა - ეს ტურნირების ჩატარების ისტორიაში მეორე მაჩვენებელია. ყველაზე პოპულარული დასკვნითი ტურის შეხვედრა გამოდგა - ინგლისი-საფრანგეთის მატჩს 15-მილიონიანი ტელეაუდიტორია ჰყავდა.
რადგან სტატისტიკაზე ვსაუ¬ბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ საფრანგეთმა მეხუთედ მოიგო ექვსი ერის გათამაშება და მეცხრედ გახდა არაოფიციალური, ეგრეთწოდებული “დიდი სლემის” მფლობელი, რომელსაც ის გუნდი იღებს, ვინც ტურნირის ყველა შეხვედრას მოიგებს, საფრანგეთმა კი წლეულს ხუთივე თამაშში იმარჯვა. საქმე ისაა, რომ ევროპის უმთავრესი სარაგბო ტურნირი 1883 წლიდან კი თამაშდება, მაგრამ თავდაპირველად, მასში მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ქვეყნებისა და ირლანდიის ნაკრებები თამაშობდნენ. 1947 წელს ის ხუთ ერად გადაკეთდა, რადგანაც ინგლისს, უელსს, შოტლანდიას და ირლანდიას, საფრანგეთი დაემატა, ხოლო 2000 წელს ხუთეულს იტალიის ნაკრებიც შეუერთდა და ტურნირი ექვსი ერის პირველობად იქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთმა 23-ჯერ გაიმარჯვა, მაგრამ ხუთჯერ ტიტული სხვა ქვეყნის ნაკრებთან გაიყო, რადგანაც ორივე მათგანს თანაბარი ქულები ჰქონდათ.
ახალ ფორმატში, ანუ 2000 წლიდან დღემდე, ექვსი ერი საფრანგემა ხუთჯერ მოიგო, სამჯერ ინგლისმა იპირველა, ორჯერ უელსმა, ხოლო ერთხელ, გასულ წელს, გამარჯვება ირლანდიას დარჩა. იტალიამ წლევანდელ გათამაშებაში შოტლანდია კი დაამარცხა, მაგრამ სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილი დაიკავა და უკვე მერამდენედ, სიმბოლური “ხის კოვზი” დაისაკუთრა, რომელიც ტრადიციულად, ბოლო ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082291