სამოას მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, 2010 წლის მსოფლიოს სერიის მე-6 ეტაპის ფინალში, ჰონკონგში ახალი ზელანდიის ნაკრები 24:21 დაამარცხა, ამ ქალაქში მეორე, მიმდინარე სერიაში კი ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ახლა ისინი “ოლ ბლექს”, საერთო ჩათვლაში, 3 ქულით უსწრებენ, მიმდინარე სერიის დასრულებამდე კი, სულ რაღაც ორი ეტაპიღა დარჩა, რომლებიც მაისში, ლონდონსა (ინგლისი) და ედინბურგში (შოტლანდია) გაიმართება. სამოას 124 ქულა აქვს, ახალ ზელანდიას 121, მე-3 ადგილზე მყოფ ფიჯის 94, გაჩემპიონების შანსშერჩენილ ავსტრალიასა და ინგლისს კი, შესაბამისად, 78 და 74. ავსტრალიამ მე-5 ადგილისთვის წლეულს მესამედ დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, IX ადგილს კანადა შესწვდა, რომელმაც უელსელებს აჯობა, სანუგეშო ტურნირის ფინალში კი, მასპინძელმა ჰონკონგმა “გიგანტი” რუსეთი 19:17 დასცა და მომხვდურს XVII "საპატიო" ადგილი არ დაანება.
სამოელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ 7-კაცა რაგბიში მსოფლიოში მართლაც რომ საუკეთესონი არიან. აღსანიშნავია, რომ მათ ყველა უძლიერესი მორაგბის შეკრება მოახერხეს და ჰონკონგში მეტოქეთაგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს. ფინალამდე მათ ინგლისელთა გააფთრებული წინააღმდეგობა გატეხეს, რომლებიც ევროპული რაგბის სახელს ლამის მარტო იცავენ. პირველ ტაიმში სამოელებმა და ინგლისელებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს, მაგრამ ევროპელებს ერთი გარდასახვა გაუფუჭდათ და მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩნენ. მე-2 ტაიმის დასაწყისში მათ ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ სამოამ ინგლისელთა მიძალებას 2 ლელოთი და ზუსტი გარდასახვებით უპასუხეს (რაზეც ევროპელებისგან მხოლოდ ერთი საპასუხო ლელო მიიღეს), დარჩენილი დრო კი, მეტოქის ნახევარზე გაატარეს და ფინალში გავიდნენ.
მეორე ნახევარფინალში მამაცი ზელანდიელები ფიჯისთან ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ტაიმი ლელოს უპირატესობით მაინც მოიგეს, მერე კი სხვაობა გაზარდეს, ფიჯელთა პასუხი კი, დაგვიანებული აღმოჩნდა - დარჩენილი დრო კიდევ ერთი ლელოს გასატანად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინალური მატჩის დასაწყისი “კივებს” ცუდს არაფერს უქადდა, ისინი კურტ ბეკერის 2 ადრეული ლელოთი სწრაფად დაწინაურდნენ - 14:0, მაგრამ შესვენებამდე, სამოელებმა 2 საპასუხო ლელო გაიტანეს (ორივე სიმიაკი მიკაელემ), ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი მხოლოდ 2 ქულით დათმეს. მე-2 ტაიმში მიმდინარე სერიის საუკეთესო მელელოვე მიკაელ პესამინომაც დუბლი შეასრულა და სამოელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ზელანდიის გვიანმა ლელომ კი, მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ჰონკონგში 9 ლელოთი, საუკეთესო მელელოვე კურტ ბეკერი გახდა, მასზე თითოჯერ ნაკლებად შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანში, ზიმბაბველმა გარდენერ ნეჩირონგამ, სამოელმა მიკაელ პესამინომ და ამერიკელმა კევინ სვირინმა.
მექულეებში, 61 ქულით, ასევე ზელანდიელი ბეკერმა იპირველა, ნეჩირონგამ კი 48 ქულას მოუყარა თავი. მიმდინარე გათამაშებაში მელელოვეებში ბადალი არ ჰყავს სამოელ პესამინოს, რომლის ანგარიშზეც 47 ლელოა და უახლოეს მდევარ კენიელ კოლინს ინჯერას მთელი 19 ლელოთი უსწრებს. პესამინო საუკეთესო მექულეებში მე-2 ადგილზეა (237 ქულა), პირველი პოზიცია კი, 280 ქულით ინგლისელ ბენ გოლინსს უკავია.
1/4-ფინალები XVII-XXIV ადგილებისათვის
ზიმბაბვე - ტაილანდი 43:12
ჩინეთი - რუსეთი 17:31
ჰონ კონგი - კორეა 31:14
ტაივანი - იტალია 12:45
1/4-ფინალები IX-XVI ადგილებისათვის
არგენტინა - უელსი 12:17
შოტლანდია - იაპონია 12:10
კანადა - ტონგა 26:0
პორტუგალია - საფრანგეთი 17:7
თასის 1/4-ფინალები
სამოა - აშშ 24:7
ინგლისი - ავსტრალია 26:19
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 14:12
კენია - ახალი ზელანდია 12:21
ნახევარფინალები
XVII-XX ადგილებისათვის
ზიმბაბვე - რუსეთი 14:17
ჰონკონგი - იტალია 26:19
ნახევარფინალები
IX-XII ადგილებისათვის
უელსი - შოტლანდია 26:7
კანადა - პორტუგალია 26:24
ნახევარფინალები
V-VIII ადგილებისათვის
აშშ - ავსტრალია 12:21
სამხრეთ აფრიკა - კენია 19:12
თასის ნახევარფინალები
სამოა - - ინგლისი 28:24
ფიჯი - ახალი ზელანდია 28:33
XVII ადგილისთვის
რუსეთი - ჰონ კონგი 17:19
IX ადგილისთვის
უელსი - კანადა 19:35
V ადგილისთვის
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 12:5
ფინალი
სამოა - ახალი ზელანდია 24:21
2009-2010 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის საერთო ცხრილი
1. სამოა 124
2. ახალი ზელანდია 121
3. ფიჯი 94
4. ავსტრალია 78
5. ინგლისი 74
6. სამხრეთ აფრიკა 54
7. კენია 52
8. არგენტინა 38
9. აშშ 32
10. უელსი 24
11. კანადა 11
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია