ამბები

19:20 | 29.03.2010 | ნანახია 4193 - ჯერ

ქართული რაგბის 50-წლიანი ისტორიის მცირე მიმოხილვა - “ოვალური ბურთი”

 “კინოს სახლში” დღეს ქართული რაგბისადმი მიძღვნილი პირველი დოკუმენტური კინოფილმის პრემიერა შედგა. ქართული რაგბი 50 წლისაა და იუბილეს აღსანიშნავად გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, “ოვალური ბურთი” მისი განვითარების პერიპეტიებზე მოგვითხრობს.
ფილმის რეჟისორია გოგი თორაძე, სცენარის ავტორები კი - მიხეილ ბასინოვი და აკაკი გვიმრაძე. მისი გადაღება საქართველოს რაგბის კავშირმა, ჯგუფმა “ქართუმ” და “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ითავეს. ფართო მაყურებლისათვის ფილმის ჩვენება სწორედ ამ არხზე, 29 მარტს, 22:00 საათზე შედგება.
“ოვალური ბურთის” გადაღება სამ თვეს გრძელდებოდა და იმ 30 წუთში, რამდენ ხანსაც ეს ფილმი გრძელდება, მაქსიმალურად მოკლედ, მაგრამ ამავდროულად სრულყოფილად არის ნაჩვენები ის გზა, რომელმაც ქართული რაგბი ზედიზედ მესამე მსოფლიო თასამდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში გამოყენებული საარქივო ფოტო თუ ვიდეო მასალა უნიკალურია და მისი ხილვის საშუალება დაინტერესებულ მაყურებელს პირველად ეძლევა.
ფილმის შესავალი ქართული რაგბის 50-წლისადმი მიძღვნილ მატჩს ეთმობა, რომელშიც “ბორჯღალოსნებმა” არგენტინის A ნაკრები დაამარცხეს, შემდეგ კი სიუჟეტი უკან ბრუნდება და საქართველოში რაგბის შემომტანი ჟაკ ასპეკიანის დროიდან, ტრაბზონში რუსთა რბევამდე გრძელდება.
რა თქმა უნდა, 30 წუთი საკმარისი სულაც არაა, რომ ნახევარსაუკუნოვანი ისტორია დაიტიოს და ეს თორაძემაც აღნიშნა, მაგრამ ყინული დაძრულია და იმედია, სულ მალე, ამ ღირსეული სპორტის შესახებ სხვა ქართული ფილმებიც გამოჩნდება.
ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080518