ამბები

15:41 | 30.03.2010 | ნანახია 3899 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” და 10-მილიონიანი “პუმები”

მას შემდეგ, რაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტრაბზონში რუსეთს სარეკორდო ანგარიშით მოუგო და მსოფლიო თასზე თამაში “ერთა თასისა” და მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის ნომერ პირველ გუნდად გაინაღდა, ცნობილი გახდა, რომ ახალ ზელანდიაში  ბორჯღალოსნები” B ჯგუფში ითამაშებდნენ, სადაც მისი მეტოქეები არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიის და რეპეშაჟში წარმატებული ქვეყნის ნაკრები გუნდები იქნებიან.
დადგინდა თუ არა 2011 წლის მსოფლიო თასის მომავალ მეტოქეთა ვინაობა, ბუნებრივია, გულშემატკივარმა მყის დაიწყო იმ გუნდთა “შერჩევა”, რომლებსაც ქართველმა მორაგბეებმა ზელანდიაში “კუდით ქვა უნდა ასროლინონ”. სურვილი სურვილია, მას ვერავის დაუშლი, ნეტა ეგრე მოხდებოდეს, მაგრამ ზოგჯერ ეს გათვლები რეალობას საგრძნობლად სცილდება. გავითვალისწინოთ, რომ 2007 წლის მსოფლიო თასზე, არგენტინის ნაკრებმა ჯერ ჯგუფში, მერე კი მესამე ადგილისთვის მატჩში დაამარცხა მასპინძელი საფრანგეთი და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ერთი ხანობა, “პუმები” მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდნენ და 2011 წლის მსოფლიო თასზე B პულში პირველ გუნდად არიან განთესილნი.
გასაგებია რამაც გამოიწვია ქართველი ქომაგის ესოდენ დიდი ოპტიმიზმი - 2007 წელს, მსოფლიოს მომავალ ბრინჯაოს მედალოსან არგენტინასთან ტაიმი მხოლოდ 3:6 დავთმეთ და საბოლოოდ, 3:33 დავმარცხდით. ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე კი არგენტინის A ნაკრები, “იაგუარები” თბილისში დავამარცხეთ! ყველას გვწამს, რომ მოედანზე გასული თითოეული ქართველი მორაგბე, საკუთარი სიცოცხლეს, ჯანმრთელობას შეწირავს საქართველოს წარმატებას, როგორც ეს რუსეთთან ტრაბზონულ და სხვა განვლილ მატჩებშიც არაერთხელ მომხდარა!. მაგრამ ძნელია საქართველოს ნაკრებს არგენტინის დამარცხება მოსთხოვო და ამის დასტურად, ზემოთ ნათქვამთან  ერთად, რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას გაახლებთ.
ჯერ კიდევ გასულ წელს გადაწყდა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები, სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს სანაკრებო, სარაგბო ტურნირ “სამ ერს” შეუერთდა და მასში მონაწილეობის მიღებას 2012 წლიდან დაიწყებს. რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) კი, ამ პროექტის მხარდაჭერა იმით გამოხატა, რომ “პუმებს” მომავალ ტურნირში კარგად გამოსასვლელად, დახმარების სახით 10 მილიონი დოლარი გამოუყო. პაკეტი IRB-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა და მასში ნათლად წერია, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭო, მიესალმება არგენტინის სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს ტურნირში გაწევრიანებას და ამ პროექტში, სამხრეთ ნახევარსფეროს ტურნირების ჩამტარებელ ორგანიზაცია SANZAR-ს ჰპირდება, რომ მათ მოთხოვნას სწორედ რაგბის საერთაშორისო საბჭო დააკმაყოფილებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან, ანუ როდესაც არგენტინა “სამ ერს” “ოთხ ერად” აქცევს, 2015 წლის ჩათვლით, IRB არგენტინელებს ყოველწლიურად 2,5 მილიონს უფეშქაშებს. რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ გაღებული თანხა არის დამატებითი, იმ თანხებთან, რომელიც თავის დროზე არგენტინის რაგბის კავშირმა გაიღო, იმისათვის, რომ ის “სამ ერში” დაეშვათ.
SANZAR-ის მმართველების მოთხოვნა, რის შემდეგაც ისინი არგენტინის “სამი ერის” გათამაშებაში ჩართვას დათანხმდნენ ის იყო, რომ “პუმები” ამ ტურნირში საუკეთესო მორაგბეებით იქნებოდნენ წარდგენილნი. რადგან არგენტინელებს ლეგიონერების კლუბებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ, SANZAR–მა და UAR-მა (არგენტინის რაგბის კავშირი), თავის დროზე IRB-ს სთხოვეს, რომ მე-9 პუნქტი შეეცვალა, რომელიც კლუბისაგან სანაკრებო შეხვედრებისათვის მორაგბეთა გათავისუფლებას მოითხოვს.
რაგბის საერთაშორისო საბჭომ პირობა დადო, რომ ამ პუნქტს მიმდინარე წლის 12 მაისის სხდომაზე შეცვლის და ეს, არა მარტო არგენტინის, არამედ ყველა სხვა ქვეყნის ნაკრებებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება. ისე, არგენტინის წინსვლა 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა განაპირობა, სადაც ამ ნაკრებმა დიდებული თამაში აჩვენა. იმედია, იმავე მსოფლიო თასის გათვალისწინებით და 2011 წლის მსოფლიო თასზე საუკეთესო თვისებების წარმოჩინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭო კიდევ ერთხელ დაფიქრდება და ეგრეთ წოდებული მეორე რანგის ქვეყნებს, სადაც აქამდე არგენტინაც ირიცხებოდა, ახლა კი საქართველო და სხვები არიან, მეტი განვითარებისთვის დიდ ტურნირებში, თუნდაც ევროპის “ექვს ერში” ინტეგრირების მინიმალური შანსი მაინც მიეცემათ.  
აქვე IRB-ს პრეზიდენტ ბერნარდ ლაპასეს სიტყვები: “ეს ნაბიჯი, არგენტინის “სამ ერში” ინტეგრაცია, უდიდესი სტიმული იქნება რაგბის განვითარებისთვის, როგორც არგენტინაში, ასევე მთელს მსოფლიოში”.
იქნებ, მოვიდეს დრო და ევროპის “ექვს ერში” ბოლო ადგილზე გასული გუნდის ჩანაცვლების ვარიანტი “ერთა თასის” პირველადგილოსანსაც მიეცეს? ეს ხომ ამ ტურნირებისადმი ინტერესს ერთი ორად გაზრდის? ეს “ერთა თასის” წარმომადგენელთა მსოფლიო თასზე და არგენტინის “სამ ერში” გამოსვლაზეც იქნება დამოკიდებული. IRB-მ უნდა დაინახოს, რომ გუნდების დონეებად დაყოფა და ნაკრებების ერთურთისგან იზოლაცია კი არ უნდა მოხდეს, არამედ, გუნდებს ერთურთთან ძალების მოსინჯვის საშუალება მიეცეთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07957