ამბები

16:44 | 30.03.2010 | ნანახია 5545 - ჯერ

იმედით დანახული ფინალი

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, 31 მარტს, იტალიის ქალაქ ტრევიზოში, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ირლანდიელი თანატოლების წინაშე წარსდგება.
ლევან  მგელაძის შეგირდებმა 1/4-ფინალში რუმინელები 25:7 დაჩაგრეს, ახლა კი, ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მოხვედრისთვის, ერთ-ერთი წამყვანი სარაგბო ქვეყნის “მომავლის” დამარცხება მართებთ. ირლანდიელებმა 1/4-ფინალში გერმანია მხოლოდ 20:11 კი დაამარცხეს, მაგრამ ანგარიშმა არ მოგატყუოთ - “პატარა სამყურათა” მწვრთნელმა როგორც ჩანს, თამაშისა და თავის შეგირდთა შესაძლებლობების დასამალად, შედარებით იოლ მეტოქესთან თავის გამოჩენის შესაძლებლობა მეორე ეშელონის შეგირდებს მისცა. ლევან მგელაძის თქმით, ირლანდიელებმა გერმანელებთან ყველაფერი გააკეთეს, რაც კი სურდათ, მაგრამ ახლა ირლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი გვაუწყებს, რომ მათი 18-წლამდელები საქართველოს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებენ და მათი შესაძლებლობები “ბორჯღალოსნებისთვის” სიურპრიზი იქნება.
როგორც ჩანს, ირლანდიელებს კარგად ახსოვთ 2007 წლის მსოფლიო თასზე მათი ეროვნული ნაკრებისა და ქართველთა ჯახი, როდესაც მარცხს სასწაულად გადაურჩნენ და ახლა პატარებმა თავი დაიზღვიეს. მაგრამ ყველა ქართველს საქართგველოს მომავლის გუნდისა და ლევან მგელაძის მწვრთნელობის უნარისა სჯერა! ეგებ რუმინელთა 25:7 მძლეველმა ბიჭებმა ეს წინაღობაც გატეხონ და ფინალში საფრანგეთი-ბელგიის გამარჯვებულს დაელოდნონ, თუ არა და მესამე ადგილისთვის ზემოთნახსენებ წყვილს შორის დამარცხებული გველის... იმედია, უკეთესისთვის ვიბრძოლებთ.

ზურა ქსოვრელი

ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეთა შორის.
მეოთხედფინალი
საქართველო — რუმინეთი

 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094735