ამბები

1:05 | 1.04.2010 | ნანახია 3866 - ჯერ

ირლანდია ამჯერადაც გადაგვირჩა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ირლანდიელ თანატოლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმიც მოუგო, საბოლოოდ კი 11:19 დამარცხდა და ახლა, მე-3 ადგილისთვის ბელგიელებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალებში ქართველებმა რუმინეთს 25:7 სძლიეს, მეორე შემადგენლობით მოასპარეზე ირლანდიელებმა კი გერმანია 20:11 დაამარცხეს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ირლანდიელთა თავკაცმა “ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის უკვე უძლიერეს მორაგბეებს უხმო, თუმცა, წარმატების მიღწევა მაინც ძალიან გაუჭირდა.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ბახვა კობახიძეს შეეძლო, თუმცა მე-2 წუთზე 30 მეტრიდან საჯარიმო ააცილა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა წინ გასვლა მალევე მოახერხეს. მე-4 წუთზე არეკნი “ლელოს” მოთამაშე გოდერძი ჭინჭარაულმა გაიტანა, რომელმაც ანალოგიური რამ რუმინეთთან ჯახშიც მოიმოქმედა.
თამაშის საწყის წუთებში ირლანდიელები ქართველების 22-მეტრიან ზოლში შესვლასაც კი ვერ ახერხებდნენ, მე-19 წუთზე კი პირველი ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და ბოლანდმა წონასწორობა აღადგინა.
25-ე წუთზე ქართველმა ფორვარდებმა კარგი შეტევა წამოიწყეს, რაც გუნდური ლელოთი დასრულდა და ლევან მგელაძის მიერ დარიგებული პატარა “ბორჯღალოსნები” 8:3 დაწინაურდნენ.
მალევე კობახიძემა და ბოლანდმა, შესაბამისად, 22 და 40 მეტრიდან ზუსტი საჯარიმოები გაცვალეს და ტაიმიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 11:6.
შესვენების შემდეგ, ირლანდიელებმა სისწრაფეებს კიდევ უფრო მოუმატეს და ჩვენს გუნდს თავს მძლავრი შეტევები დაატეხეს.
 თავდაპირველად, ბოლანდმა ჯარიმიდან ანგარიში 9:11 გახადა, 42-ე წუთზე კი შერლოკმა ქართველთა ჩათვლის მოედანში შეაღწია და “სამყურები” 14:11 დააწინაურა.
ჩამორჩენის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” სიტუაციის შეცვლას ფორვარდების დახმარებით შეეცადნენ, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს და კიდევ ერთი ლელო მიიღეს.
მატჩის საბოლოო შედეგი 56-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლეიდენმა დააფიქსირა, რომელმაც ფრთაზე გაინავარდა და ანგარიში 19:11 გახადა.
ამ მატჩის შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს უცილობლად 2007 წლის მსოფლიოს თასი გაახსენდებოდა, როდესაც “ბორჯღალოსნებმა” სახელოვან მეტოქეს დიდი შიში  აჭამეს და მხოლოდ 10:14 წააგეს. იმედია, რაგინდარა დონეზე ქართველთა და ირლანდიელთა მესამე შეხლა არა ჩვენების ღირსეული წაგებით, არამედ ისტორიული გამარჯვებით დასრულდება.
3 აპრილს, ევროპის პირველობის ფინალურ მატჩში ირლანდიელები საფრანგეთის ძლიერ გუნდს ეთამაშებიან, რომელმაც ბელგიას 14:0 სძლია, მე-3 ადგილისთვის მატჩში კი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველო და ბელგია იასპარეზებენ.
მე-5 ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი იტალია და გერმანია დაუპირისპირდებიან. აპენინელებმა რუსებს 13:8 სძლიეს, გერმანელებმა კი რუმინეთს, რომელსაც თამაშის განმავლობაში ორი მორაგბე გაუძევეს, სენსაციურად 44:0 სძლიეს.
შესაბამისად, უმაღლეს A ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ერთმანეთს რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები შეებმებიან. ამ წყვილს შორის დამარცხებულის ადგილს, მომავალი ჩემპიონატისთვის პორტუგალიასა და ესპანეთს შორის უმჯობესი დაიკავებს. ეს გუნდები B ჯგუფის ფინალში არიან გასულნი და უძლიერესის ვინაობას 2 აპრილს გაარკვევენ.
ისიც სათქმელია, რომ თუკი მომავალი პირველობისთვის ინგლისის ნაკრებმა “მდაბიოებს” თავი ისევ გაუყადრა და ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა, A დივიზიონს ორი ნაკრები გამოაკლდება, რაც რუმინეთისა და რუსეთის შეხვედრას წყალში გადაყრილ გარჯად აქცევს.

 
ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეთა შორის. A ჯგუფი. ნახევარფინალი. კასალე (იტალია)
საქართველო – ირლანდია 11:19 (11:6)
საქართველო:
თეთრაშვილი, ხიდეშელი, ნავროზაშვილი, ქოიავა, ლომიძე, მამრიკიშვილი, სურგულაძე, ბუჯიაშვილი, მისრიაშვილი, ჭინჭარაული, გოგოლაშვილი, შარიქაძე, გაგოშვილი, ძნელაძე, კობახიძე.
შემცვლელები: ლომთაძე, ჯიბლაძე, არაბიძე, მარდალეიშვილი, ხუციშვილი, მჭედლიძე, ზიბზიბაძე, ყოჩიაშვილი, შენგელია, ხიპაშვილი, კოპაძე.
ლელო: გუნდური.
არეკნი: ჭინჭარაული.
საჯარიმო: კობახიძე.
ირლანდია: ბოლი, მერფი, ფერლონგი, კინდრიგანი, ო’კონორი, გალაჰერი, კლენჩი, მესტერსონი, მარმიონი, კონონი, კინი, დელი, შერლოკი, კენი, ბოლანდი.
შემცვლელები: მარგეტსონი, კონსაიდინი, ტონგე, მენიონი, რიანი, ხანი, უოში, კარტი, ფარელი, ლეიდენი, მაკგოვერნი. 
2 ლელო: შერლოკი, ლეიდენი.
3 საჯარიმო: ბოლანდი.
მსაჯი: კლუტე (საფრანგეთი).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086347