საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 3 აპრილს ბელგიელებს დაუპირისპირდება და საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების შემდეგ, მესამე ადგილის დაკავებას ეცდება. თამაში თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება და როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ "მსოფლიო სპორტს” განუცხადა, ტრავმების გამო შემადგენლობასა და ტაქტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება.
"პატარა ბორჯღალოსნების" დამრიგებლის თქმით, შესაძლოა, სრულად შეიცვალოს ნახევარდაცვის ხაზი და ამის გამო ზოგიერთ მორაგბეს პოზიციის შეცვლა მოუწევს, რაც ტაქტიკურ მონახაზზეც აისახება. დაშავდა და ვერ ითამაშებს შერკინების პირველხაზელი დავით ხიდეშელი. ბელგიის ნაკრები ფრანგი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და კარგ, გაშლილ რაგბს თამაშობს, თუმცა მგელაძე იმედოვნებს, რომ შეხვედრა ქართველთათვის სასურველი ანგარიშით დასრულდება და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაიხარებს. მომავალი მატჩის მზადებამდე, "მსოფლიო სპორტი" მწვრთნელს ირლანდიასთან წაგებული ნახევარფინალური შეხვედრის პერიპეტიებზე დაეკითხა.
- რა შეიცვალა პირველი ნახევრის შემდეგ, ქულის აღება რომ ვერ მოხერხდა და გუნდმა უპირატესობა ხელიდან გაუშვა? (პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 11:6 მოიგო - რედ.)
- თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, ფსიქოლოგიურადაც სათანადოდ ვიყავით მომზადებულნი, კარგად ავეწყეთ და სათამაშო უპირატესობას დავეუფლეთ, რაც ანგარიშშიც აისახა. პირველ ტაიმში, ჩვენმა დამრტყმელმა ბახვა კობახიძემ ანგარიშის გაზრდის რამდენიმე შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, თორემ შესვენების შემდეგ უპირატესობა უფრო დიდი რომ ყოფილიყო, მეორე ნახევარში სხვა თამაში იქნებოდა. პირველი ტაიმის შუაში ტრავმა მიიღო ჩვენმა 10-მა ნომერმა გოდერძი ჭინჭარაულმა, მაგრამ თამაში მაინც განაგრძო. მეორე ტაიმში ის მაინც შესაცვლელი გახდა, დაშავდა და შევცვალეთ 9 ნომერი გიორგი მისრიაშვილიც. მთელი ნახევარდაცვა გამოვცვალეთ, ეს კი კარგად იცით რაგბში რასაც ნიშნავს. ავირიეთ, უპირატესობა ვეღარ გამოვიყენეთ და მარცხიც ამან განაპირობა. ამასთან, ბურთის ამოტანისას უკანა ხაზმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ფეხითა თუ ხელით ვერაფერი მოახერხა და ძლიერმა მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია. ბოლოს უპირატესობა ისევ ჩვენ მხარეს იყო, კარის გასწვრიდან გასატანი ჯარიმები აღარ დავარტყით, ლელოზე ვითამაშეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა და 11:19 დავმარცხდით.
- მთლიანობაში, ირლანდიელებთან თამაშით კმაყოფილი ხართ?
- თავად განსაზღვრეთ. ტრიბუნეზე ირლანდიიდან ჩამოსული გულშემატკივარი მრავლად იყო შეკრებილი. იყო მომენტები, როდესაც "ჯორჯია, ჯორჯია" შეძახილები ისმოდა, ბოლოს კი ირლანდიელმა გულშემატკივარმა ტაშით დაგვაჯილდოვა. სანამ უკანასკნელმა ქართველმა მორაგბემ არ დატოვა მოედანი, მანამდე ტაში არ გაჩერებულა. ბიჭებმა ირლანდიელებს დერეფანი მოუწყვეს, გადაეხვივნენ და ფინალში გამარჯვება უსურვეს. საერთოდ, ჩვენი გუნდი სუფთა რაგბს თამაშობს და ეს მატჩის შემდეგ FIRA-ს შეკრებაზეც აღნიშნეს. მენეჯერებს მოუწოდეს, რომ მაგალითი საქართველო-ირლანდიის შეხვედრიდან აიღონ და ასე ითამაშონ. გერმანიისა და რუმინეთის თამაში საშინელი გამოდგა. წინა საუბრისასაც ვთქვი, რუმინელები პროვოკაციებს გვიწყობდნენ და ჩვენ არ ავყევით. იმ მატჩის შემდეგ მსაჯი გააფრთხილეს, რომ მსგავსი ქმედებებისთვის ყურადღება მიექცია, ამ მსაჯმა რჩევა გაითვალისწინა და რუმინელები გერმანიასთან მატჩში გააძევა. საერთოდ, რუმინელები ძალიან ბინძურად თამაშობენ და ფირას წარმომადგენლებს მოსწონთ, ჩვენი გუნდი ასეთ სუფთა რაგბს რომ თამაშობს.
- ახლა მესამე ადგილისთვის მატჩი და ბელგია გველის.
- ყურებჩამოყრილი არ ვართ. ევროპის ჩემპიონატზე, ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების შემდეგ მესამე ადგილის დაკავება ურიგო სულაც არაა, მაგრამ ბელგიელთა სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. ბელგიის ნაკრებში ძირითად ფრანგები თამაშობენ. ვინც საფრანგეთის პირველ გუნდში ვერ მოხვდა და ბელგიური წარმოშობა აქვს, ისინი არიან თავმოყრილნი და ჩათვალეთ, რომ საფრანგეთის მეორე გუნდს ვეთამაშებით. ტექნიკური ბიჭები არიან და ხელით კარგად ირჯებიან. მათი მწვრთნელი, ახალგაზრდა დამრიგებლებს შორის საფრანგეთში საუკეთესოდ არის აღიარებული. ბელგიის ნაკრებმა ნახევარფინალში ფრანგების წინააღმდეგ კარგად ითამაშა, დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში მხოლოდ 0:7 იყო, საბოლოოდ კი 0:14 დამარცხდნენ, რაც დიდი სხვაობა ნამდვილად არაა.
- საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩს რა დანაკლისით ხვდება?
- ვერ ითამაშებს ძირითადი შემადგენლობის 10 ნომერი ჭინჭარაული. როგორც გითხარით, მან ტრავმა მიიღო. დაშავდა და ითამაშებს თუ არა გადაწყვეტილი არაა 9 ნომერი მისრიაშვილი, რომელმაც საზარდული გაიჭიმა. შანსი 50-50-ზეა და ექიმების დასკვნას ველოდებით. მთელი ნახევარდაცვის ხაზის შეცვლა გვიწევს. მეორე 10-მა ნომერმა სავიზო პრობლემები ვერ მოაგვარა და იტალიაში ვერ წამოვიყვანეთ, ამიტომ ამ პოზიციაზე 12 ნომერს დავაყენებთ. ის კარგი ბიჭია, მაგრამ მისთვის ეს პოზიცია უცხოა და ტაქტიკური მონახაზი სრულად გვეცვლება, დრო კი ძალიან მცირე გვაქვს. მუხლი აწუხებს შერკინების პირველხაზელ, ორ ნომერ დავით ხიდეშელს და ის სათადარიგოთა შორის იქნება, ძირითად შემადგენლობაში კი სხვას დავაყენებთ. ამან შესაძლოა აუტებში პრობლემები შეგვიქმნას. საფრანგეთში, "ტულონთან" ამხანაგური მატჩის დროს დაშავდა მეორეხაზელი ბექა ხიპაშვილი. მეორე ხაზში კარგი ბიჭები გვყავს, სანდრო ქოიავა და ლაშა ლომიძე კარგად მუშაობენ, მაგრამ ასაკით პატარები რომ არიან, კარგი იქნებოდა მათი შემცვლელი მწყობრში რომ გვყოლოდა. მიუხედავად პრობლემებისა, ვეცდებით, რომ ბელგიელებთან გამარჯვება მოვიპოვოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია