საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, იტალიაში დასრულებულ ასაკობრივი ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, ბელგია პირველი ტაიმის მშრალად წაგების შემდეგ, მე-2 ნახევარში მშრალადვე დასცა და 18:15 გამარჯვებით საპატიო, მე-3 ადგილი დაიკავა.
მატჩამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ თქვა, რომ საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების შემდეგ, მე-3 ადგილის დაკავება ურიგო არ იქნებოდა და ძნელია, არ დაეთანხმო. ევროპული ქვეყნების ამ ორი ბუმბერაზის შემდგომ დგომა, მართლაც რომ დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ ქართველებმა პირველი ნახევარი 0:15 დათმეს, მაგრამ ძალები გამონახეს, დასკვნით ტაიმში ბელგიელებს 18:0 აჯობეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. ტურნირის ორგანიზატორებიც კი, აღფრთოვანებული დარჩნენ იმ თავდადებით, რაც პატარა “ბორჯღალოსნებმა” ჩაიდინეს.
პირველ ნახევარში ფრანგი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ბელგიის ნაკრებმა, ლევან მგელაძის შეგირდებს, რომლებიც ერთი შეხედვით გადაღლილები ჩანდნენ, დიდი შტურმი მოუწყვეს. ქართველები დაცვაში თავდადებით კი თამაშობდნენ, მაგრამ ზეწოლას ვეღარ გაუძლეს, ჯერ არეკნი მიიღეს, მერე ლელო და გარდასახვა, შესვენებამდე კი, კიდევ ერთი ლელო “გაეპარათ” და თითქოს მატჩის გადარჩენის იმედი გაქრა...
მაგრამ მგელაძე ის მწვრთნელია, რომელიც არასდროს ნებდება და მე-2 ნახევარში მოედანზე სულ სხვა საქართველოს ნაკრები გავიდა. ბიჭებმა ბოლო ძალა მოიკრიბეს და დასაწყისშივე ერთი ლელო გაქვითეს, მერე კი ძნელაძემ, რომელსაც მანამდე რამდენიმე დარტყმა გაუფუჭდა, ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა ერთ გარდასახვიან ლელომდე დაიყვანა - 8:15. ბელგიამ სიტუაციის გამოსწორება სცადა, მაგრამ ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა იმძლავრა, ბელგიელები საკუთარ 22-მეტრში გამოკეტა, დასარტყმელი ჯარიმები ან აუტში გადაჰქონდა, ან ათამაშებდა და ხელდახელ შეტევას ამჯობინებდა. ბიჭების გარჯა გოგოლაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. გარდასახვა არაზუსტი გამოდგა და მგელაძის შეგირდებმა წონასწორობის აღდგენის შანსი ხელიდან გაუშვეს, მაგრამ ამან ქართველები კიდევ უფრო გააძლიერა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, კიდევ ერთი, ამჯერად, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანეს - 18:15.
ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ნახევარფინალში ქართველთა მძლეველი ირლანდია 27:3 დასცა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მე-5 ადგილი მასპინძელ იტალიას დარჩა, რომელმაც გერმანიას 18:13 აჯობა, რუსეთმა კი, მეოთხედფინალში ქართველთა მიერ ძლეული რუმინეთი 34:12 დაამარცხა და მე-7 ადგილი დაისაკუთრა. წესით, მე-7 ადგილი რუს 18-წლამდელებისათვის მომავალ ევროპის ჩემპიონატზე A დივიზიონში ადგილის შემანარჩუნებელი უნდა იყოს, მაგრამ თუ ამ ასაკობრივ ჯგუფში ინგლისმა ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, რუსთა გარჯა ამაო გამოდგება.
B ჯგუფში პორტუგალიამ იპირველა, რომელმაც ფინალში ესპანეთის ნაკრები 43:3 გაანადგურა და მომავალ წელს უმაღლეს დონეზე თამაში დაიბევა.
საქართველო: კობახიძე, ძნელაძე, გაგოშვილი, შარიქაძე, გოგოლაშვილი, ჭინჭარაული, მისრიაშვილი, თეთრაშვილი, ხიდეშელი, ნავროზაშვილი, ქოიავა, ლომიძე, მამრიკიშვილი, სურგულაძე, ბუჯიაშვილი, ლომთაძე, ჯიბლაძე, არაბიძე, მარდალეიშვილი, ხუციშვილი, მჭედლიძე, ზიბზიბაძე, ყოჩიაშვილი, შენგელია, ხიპაშვილი, კოპაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია